Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი ჯამდელიანი „ხელისუფლებას მიმართავს“ და „სთხოვს, არ ჩაერიონ“ პატრიარქის არჩევნებში

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს, „სთხოვს“ არ ჩაერიონ პატრიარქის არჩევნებში. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, ეკლესიის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე უნდა იყოს მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა გადაწყვეტილება მშვიდ და ღირსეულ გარემოში მიიღონ.

ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, სხვადასხვა ადამიანს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, შეიძლება ჰქონდეთ პირადი სიმპათიები კონკრეტული კანდიდატების მიმართ. თუმცა, მისივე შეფასებით, დაუშვებელია ნებისმიერი, მათ შორის ირიბი, ჩარევა პროცესში.

„ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში [ხელისუფლება - რ.თ.] ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია,რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა“, - წერს ის.

განცხადებაში მოყვანილია ეკლესიური კანონები, რომელთა მიხედვითაც საერო ხელისუფლების გავლენა სასულიერო პირების არჩევაზე მკაცრად იკრძალება. ეპისკოპოსი გიორგი მიუთითებს მოციქულთა 30-ე კანონზე, რომლის თანახმად, ის ეპისკოპოსი, რომელიც საერო ძალაუფლების დახმარებით მოიპოვებს თანამდებობას, ექვემდებარება განკვეთას. ასევე ხაზგასმულია, რომ ეპისკოპოსებისა და პატრიარქის არჩევის უფლება ტრადიციულად ეკუთვნის მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას, რასაც მეშვიდე მსოფლიო კრების კანონებიც ადასტურებს.

„ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა,რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა“, - დაწერა მან.

საკვირაო ქადაგებაში ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმაც მიმართა ხელისუფლებას და გააკრიტიკა ისინი, მიიჩნია, რომ ეკლესიაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, რაც „უფრო უმეცრებით“ მოსდით, ვიდრე ჩარევის სურვილით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG