საქართველოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვა 44 მილიონ 900 000 ლარი დაჯდება.
დაჩქარებული შესყიდვის თანახმად, რომელიც შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა“ 29 აპრილს გამოაცხადა, სულ 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შეკერვაა დაგეგმილი.
2026 წლის 5 თებერვალს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
„ეს ნიშნავს, რომ სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში“, - ასე ასაბუთებს დაჩქარებული შესყიდვის გამოცხადებას შემსყიდველი.
ტენდერიდან არ ირკვევა, ვის შეაკერვინებს და ვისგან შეისყიდის სახელმწიფო სასკოლო ფორმებს.
პირველ ეტაპზე (31 ივლისამდე) უნდა შეიკეროს ტანსაცმლის 30%, მეორეზე (20 აგვისტო) - დანარჩენი ნაწილი.
უნდა შეიკეროს:
- გოგოს პიჯაკი - 292 000 ცალი;
- ბიჭის პიჯაკი - 308 000 ცალი;
- გოგოს შარვალი - 438 000 ცალი;
- ბიჭის შარვალი - 616 000 ცალი;
- ქვედაბოლო მუხლამდე - 146 000 ცალი;
- ქვედაბოლო გრძელი - 1000 ცალი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის სასკოლო განათლების რეფორმა 8 მთავარ ცვლილებას მოიცავს, მათგან ერთ-ერთი I-VI კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღებას გულისხმობს.
ფორუმი