Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რამდენიმე ადგილას მიკბინა“ - დაიკითხა მანდატური, რომელმაც ალეკო ელისაშვილი დააკავა

ალეკო ელისაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან (ფოტომონტაჟი).
ალეკო ელისაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან (ფოტომონტაჟი).

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მოუსმინა მანდატურ გიორგი რიჟამაძეს. ის ღამის მორიგე იყო იმ დროს, როცა სასამართლოს ეზოში ნიღბიანი ადამიანი შეიპარა. მანდატურმა მოსამართლეს უთხრა, რომ ალეკო ელისაშვილმა ის დაკბინა - „ამოგლეჯილი მქონდა ხორციო“.

2025 წლის 29 ნოემბერს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი მანდატური მორიგეობდა: რევაზ გოგატიშვილი, დავით ხარებაშვილი და გიორგი რიჟამაძე. მათ სასამართლოს შენობასა და ეზოში სამორიგეო ადგილები ჰქონდათ განაწილებული.

გიორგი რიჟამაძის მონათხრობის თანახმად, 29 ნოემბერს, გვიან ღამით, მას დავით ხარებაშვილი რაციით დაუკავშირდა და ცენტრალურ შესასვლელთან დაიბარა.

„მითხრა, რომ ვიღაც პიროვნება შემოჭრილია სასამართლოს ეზოში, რევაზ გოგატიშვილიც ეზოში იყო უკვე გამოსული, ვაცნობე აღნიშნული და ვთხოვე გადასულიყო სასამართლოს უკან, საბადრაგოს გარეთ და შეეხედა, რა ხდებოდა...რევაზ გოგატიშვილი წავიდა...“ - ჰყვება რიჟამაძე.

მისივე თქმით, უცნობი უსაფრთხოების კამერებში ჩანდა და სწორედ აქ ხედავდა მანდატური დავით ხარებაშვილი მის მოძრაობას.

„ხარებაშვილმა დეტალურად ამიხსნა და დამიზუსტა, რომ ვიღაც პიროვნებამ კანცელარიის მარცხენა მხარეს ჩაამტვრია შუშა და შევიდა შენობაში. დავუკავშირდი ისევ რევაზს და ვთხოვე კანცელარიაში გადმოსულიყო... ჩვენ [გიორგი რიჟამაძე და დავით ხარებაშვილი] გავემართეთ იმ ადგილას, სადაც შუშა იყო ჩამტვრეული... საქმეების გასაცნობი ოთახია... მალევე გავიგონეთ რეზოს ხმა შენობიდან, აქ არის შენობაში... ამავდროულად მესმის ყვირილის, ხმაურის, გინების ხმა, ასევე მესმის - „ხელს ნუ მიშლით", - ამბობს მანდატური და აღწერს მოვლენების იმ განვითარებას, რომელიც პროკურატურის გავრცელებული ვიდეოჩანაწერში ჩანდა.

გიორგი რიჟამაძე, მანდატური
გიორგი რიჟამაძე, მანდატური

პროკურატურის თანახმად, „ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა ჩაქუჩით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის ფასადის მინა და ასე შეაღწია შენობაში.

შემდეგ შიდა სივრცეში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“;

„აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში“ - ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს;

პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;

პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.

„ვიგრძენი, რომ ფოიეში ბენზინის მძაფრი სუნი იდგა... იდო ბოთლი და სანთებელა, მივირბინე და დავიწყე დაკავება, მიწევდა წინააღმდეგობას“, - ამბობს რიჟამაძე.

პირველი მანდატური, რომელიც ვიდეოს თანახმად, ნიღბიანს კანცელარიაში გადააწყდა, რევაზ გოგატიშვილია, გიორგი რიჟამაძე კი ისაა, რომელიც ვიდეოკადრების თანახმად, მის დასახმარებლად მირბის. მესამე კი დავით ხარებაშვილია. ის ფეხებს ურტყამს სახედაფარულ შავებში ჩაცმულ იმ მომენტისთვის უცნობ კაცს, შემდეგ მიდის და ხელბორკილით ბრუნდება.

„ვცდილობთ დაკავებას. გოგატიშვილს მარცხენა ხელი უჭირავს, მე ვცდილობ მარცხენა დავუჭირო, მოახერხა მარცხენას გათავისუფლება, გაიძრო ხელთათმანი, მოახერხა ხელის წაღება მუცლის არეში... როგორც დავინახე იყო იარაღის კაბურა და შიგნით იარაღი, ამოიღო იარაღი, ვცდილობდი წართმევას, ეს პიროვნება გვემუქრება სიცოცხლის მოსპობით, „დაგხოცავთო“ ამ სიტყვებით... ვხედავდით, რომ ამოღებული ჰქონდა იარაღი და ხან რეზოს მიმართულებით, ხან ჩემს მიმართულებით ჰქონდა მომართული... მკბენდა ხელზე, ახლაც მეტყობა იარა... საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ და დავაგდებინეთ იარაღი ძირს“, - თქვა მან სასამართლოში დაკითხვისას.

ალეკო ელისაშვილი იმ დროს, როცა ბადრაგებს დარბაზიდან გაჰყავდათ, სწორედ მანდატურის მოყოლილ ამ ეპიზოდს გამოეხმაურა და მოწმე ტყუილში დაადანაშაულა. პოლიტიკოსს არც ამ სხდომაზე მისცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განცხადების უფლება.

„მანდატურს უთხარით, რომ უხერხულია ტყუილების თქმა, იარაღი ამოვიღე და დავდევდი არა, ის კიდე, სირცხვილია“, - თქვა მან.

მანდატურის მონათხრობის თანახმად, ხელბორკილების დადებიდან რამდენიმე წამში კაცს ნიღაბი მოხსნეს და ალეკო ელისაშვილი იცნეს, „წამოაყენეს, დივნისკენ გადაიყვანეს და დასვეს“.

„ვკითხეთ, რას გვერჩოდა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ იყო პატრიოტი, ეს შენობა კი უსამართლობის ბუდე და უნდა დამწვარიყო…” - ამბობს ის.

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის კითხვაზე, რას გულისხმობს მოწმე, როცა ამბობს ფრაზას: „განზრახვა სისრულეში უნდა მოეყვანა“, მანდატურმა უპასუხა:

„რამდენიმე ადგილას მიკბინა, იარაღს რომ ვართმევდი, ვცდილობდი წამერთმია, მაგ დროს მიკბინა, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი. მიზანი ჰქონდა, რომ ხელი გამეშვა, რათა მოეყვანა განზრახვა სისრულეში. ვგულისხმობ, რომ მქონდა შთაბეჭდილება და განცდა, რომ გვესროდა“.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის შეფასებით, მოწმე მანდატურმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. „ერთია, რა უწერია და მეორე, რას საუბრობს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გულისხმობს ის ურთიერთგამომრიცხავში თქვა:

„მე ახლა ამ ეტაპზე მოვერიდები განცხადება გავაკეთო, სხვა მანდატურებიც არის გამოსაკითხი და არასწორი იქნება. დასკვნით სიტყვაში შევაფასებთ... კარგი ერთს გეტყვით - მან თქვა, რომ იარაღს უმიზნებდა, ვიდეოჩანაწერები შევისწავლეთ და იქ ნათლად ჩანს, რომ არათუ არ უმიზნებდა, არამედ არცკი იღებდა და იარაღი ამოაცალა მანდატურმა და არა, როგორც თვითონ მანდატური ახსენებს, რომ თვითონ ცდილობდა ამოღებას, გადატენვას და სხვა შეფასებითი სიტყვები“.

პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა თქვა, რომ დაიკითხება ყველა ის მანდატური, ვინც „უშუალოდ შეესწრო ფაქტს“. მოწმეთა სიაშია, მანდატურების სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი.

„დავით მატიაშვილი არ არის ის პირი, ვინც შეესწრო უშუალოდ ფაქტს...ალბათ ნანახი გაქვთ ბრალდების მხარის მოწმეთა სია და დავით მატიაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. განსაზღვრავს ბრალდება თავის სტრატეგიას და ყველა პროცესის წინ გეტყვით, ვინ დაიკითხება და ვინ არა“, - ასე უპასუხა პროკურორმა კითხვას, დაიკითხება თუ არა სასამართლოში მანდატურის სამსახურის უფროსიც.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატებისთვის დავით მატიაშვილი მნიშვნელოვანი მოწმეა. მიაჩნიათ, რომ სწორედ მან უნდა გასცეს კითხვას პასუხი - რატომ არ არის ვიდეოჩანაწერების სრულყოფილი ვერსია და რატომ აკლია მას ელისაშვილისთვის ნიღბის მოხსნის ეპიზოდი.

ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ვიდეოკამერის ჩანაწერები და ამოჭრა ეპიზოდი, სადაც გამოჩნდებოდა „როგორ გაუსწორდნენ მანდატურები ფიზიკურად პოლიტიკოსს“.

ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. მორიგი სასამართლო სხდომები ივნისის თვეში ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა. მოსამართლე გიორგი გელაშვილი მოელის, რომ პროკურატურა თავის მოწმეებს ოთხ სხდომაში გამოკითხავს, რის შემდეგაც დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა დაიწყება.

ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:29 0:00
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG