Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რა გეგმა გაქვთ?“ - თბილისი წუხს ევროპის „დემოკრატიულ უკუსვლაზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე“

„რა გეგმა აქვს ევროკავშირს?“ - საქართველოს მთავრობის სახელით ეკითხება ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სტრუქტურებს.
„რა გეგმა აქვს ევროკავშირს?“ - საქართველოს მთავრობის სახელით ეკითხება ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სტრუქტურებს.

ირაკლი კობახიძე 19 მაისს საქართველოს მთავრობის სახელით საჯაროდ არაერთი კითხვით მიმართავს ევროპულ სტრუქტურებს - ევროკომისიას, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს - თუმცა აცხადებს, რომ „პასუხის მოლოდინი არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდში კონსულტაციების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება ღია წერილით მიმართვის შესახებ, რადგან ბრიუსელს მათთან შეწყვეტილი აქვს პოლიტიკური დიალოგი.

წერილის ადრესატები არიან:

  • ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი;
  • ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი;
  • რობერტა მეცოლა, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი.

რა კითხვები აქვს კობახიძეს ევროკავშირთან

მიმართვა იწყება იმის გამეორებით, რომ საქართველო „ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა“ და „ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია“.

შემდეგ წერილში დაგმობილია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში „პოლიციის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა“, - ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მომხდარის დაგმობისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი ლიდერებს ეკითხება:

  • „როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება?“
  • „როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპულ სტრუქტურებს ამ კითხვებს საჯაროდ უსვამს, ევროკავშირის წევრობის საჭიროებასთან დაკავშირებით ქართულ პროსახელისუფლებო მედიაში ბოლო პერიოდში გახშირებული დისკუსიების ფონზე.

„საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის“, - განაცხადა კობახიძემ და კითხვის ფორმულირება ასე ჩამოაყალიბა:

„რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი?“

დემოკრატიული ნორმების დარღვევის გამო ევროკავშირი ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც, რომელიც პასუხად აცხადებს, რომ ევროკავშირმა, - რომელიც „შიდა საქმეებში ერევა“ - საკუთარ ტერიტორიაზე უნდა მიხედოს „პოლიციის ძალადობას, ისლამოფობიას, კორუფციას და პროტესტის ჩახშობას“.

„საპასუხო არაფერი აქვთ“ - კობახიძე

„იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „გაქვთ მოლოდინი, რომ პასუხს მიიღებთ?“ - კობახიძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ საპასუხო არაფერი აქვთ“.

კობახიძემ თქვა, რომ ისინი „კარგად აცნობიერებენ უკუსვლას, რაც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით“ და „მათთვის ეს არის ნორმალური მოვლენა“.

  • 2026 წლის 8 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს წერილი მისწერა.
  • პაველ ჰერჩინსკისადმი ვრცელ მიმართვაში შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მოუწოდებს, ევროპა „დაუბრუნდეს იმ საწყის იდეალებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა - მშვიდობას, ერთიანობას, თანამშრომლობასა და ეროვნული იდენტობების პატივისცემას“.
  • 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პაველ ჰერჩინსკიმ გამოთქვა გულისტკივილი, რომ ბოლო პერიოდში, საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა და რომ გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც „კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG