Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აკაცუკები არ ვართ, დავამტკიცე“ - ზოდელავას თქმით, მხოლოდ მისი „სპონტანური იდეა“ იყო ათონელის რეზიდენციასთან მისვლა

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოში ჩვენება ორგანიზატორობაში ბრალდებულმა პოლიტიკოსებმა მისცეს. მათი დაკითხვა დაცვის მხარემ მოითხოვა. მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაძვრა მისი იდეა იყო, თუმცა არა დაგეგმილი, არამედ სპონტანური.

დღევანდელ, 2 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდებულები პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ჩხვირკია.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ ის არ ყოფილა აქციის ორგანიზატორი და ადგილზე მიმდინარე პროცესებზე სრულ ინფორმაციასაც არ ფლობდა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე. ეს ფოტო პაატა ბურჭულაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა და მასზე ასახული პოლიტიკოსები „საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად “ მოიხსენია.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე. ეს ფოტო პაატა ბურჭულაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა და მასზე ასახული პოლიტიკოსები „საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად “ მოიხსენია.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ცნობილ ფოტოზე ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად იმიტომაა გამოსახული, რომ ჟურნალისტებმა ჩასაწერად ოფისში მისვლა სთხოვეს, შემდეგ კი იმავე სივრცეში პაატა ბურჭულაძის თხოვნით გადაიღო ფოტო.

პოლიტიკოსმა ისიც თქვა, რომ „გასაღების ჩაბარება“ მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს:

„ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა, არ ვიცი, ჭკვიანი კაცია მურთაზი [ზოდელავა - რ.თ.] და ჩავთვალე, რომ მეორე ლოკაცია, რუსთაველის გარდა, იყო საჭირო. მე რომ დამეგეგმა რაიმე, არ ვარ ის კაცი, რომ მივატოვებდი 4-5 კაცს და წავიდოდი. არ მივარაუდია, რომ გასაღები ნიშნავს იმას, რომ ვინმე ეკვეთება პრეზიდენტის სასახლეს“, - თქვა მან.

პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ იმ დროს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოვლენები დაიძაბა, ის თაბუკაშვილის ქუჩაზე იყო და „4 ოქტომბრის მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მსურველ“ შვილს ელოდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის კითხვაზე, რატომ ავიდა სცენაზე მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ „საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მიიხმო“, თუ ამ ჯგუფის წევრად თავს არ მოიაზრებდა, უპასუხა:

„მე ვეწერებოდი საკრებულოს კართან "ევრონიუსს", მოირბინა ადამიანმა, შენ ხო გამოსვლა გინდოდა, დაიწყო გამოსვლებიო, ჩანს კიდეც, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ვემზადები და ავედი. შემდგომ სიტყვით აღარ გამოვსულვარ. მურთაზმა [მურთაზ ზოდელავამ] მითხრა, რომ აღარ იქნებოდა“, - თქვა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.

მომღერალ პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქცია იყო „ისტორიული ეროვნული კრება“, რომლის ორგანიზატორობაც ეამაყება.

„ჩვენ ვიყავით ორი ორგანიზატორი: მე და „ქართული ოცნება“. მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, ჩემს დაძახილზე ამდენი ადამიანი არ გამოვიდოდა“, - თქვა მან.

დაკითხვისას მან რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება, რომ აქცია იყო მასშტაბური და მშვიდობიანი, ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა და თავადაც ხალხს მოუწოდებდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს;

კითხვას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა სცენიდან გაჟღერებული მოწოდება „სასახლის გასაღების ჩაბარების შესახებ“, უპასუხა:

„ყველას შეეძლო ასვლა სცენაზე და რასაც უნდოდა იმას იტყოდა… მე ეს აღვიქვი ისე, რომ ახლა იქ გავაგრძელოთ მიტინგი“.

მისივე განცხადებით, როცა პრეზიდენტის სასახლესთან მივიდა, უკვე დაძაბული ვითარება იყო, მოუწოდა სამართალდამცავებს, ძალა არ გამოეყენებინათ და თავადაც დაშავდა:

„მივედით სასახლესთან, ჩამონგრეული ღობე დამხვდა, შეტაკება იყო, სულ მეკითხებოდნენ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზეო [გულისხმობს 4 ოქტომბრამდე პერიოდს]? მე ვპასუხობდი, რომ მე ვარ ორგანიზატორი, ამიტომ გადავძვერი ადმინისტრაციის ეზოში და გდდ-ს ვუთხარი, რომ ხალხზე არ აწიოთ ხელი და ასეც მოხდა, სანამ არ გამოძვრა ერთი და არ შემასხა სპრეი, კიდე გამოძვრა და კიდევ შემასხა…“ - თქვა მან.

პაატა ბურჭულაძე უარყოფს წინასწარ დაგეგმვასა და კოორდინაციას - ამბობს, რომ აქცია მოქალაქეების ინიციატივა იყო და არა წინასწარ ორგანიზებული პროცესი; აღნიშნავს, რომ აქციის ჩატარების ნებართვისთვის მერიასაც მიმართა.

მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბრის მოვლენებს ხანგრძლივი პროტესტის ნაწილად მოიხსენიებს. მისი თქმით, პროცესს „მაღალი სპონტანურობა“ ახასიათებდა და „არაფერი არ ყოფილა დაგეგმილი“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერი არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად, რადგან ეს იყო „წლინახევრიანი პროტესტის ეტაპის ნაწილი“. მისი თქმით, აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების პროტესტის მასშტაბის ჩვენება იყო და არა ძალადობა.

და რაც ყველაზე მთავარია, ზოდელავა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ წასვლის მოწოდება მისი იდეა იყო და თანაც არა წინასწარ დაგეგმილი, არამედ სპონტანური:

[სასახლის ეზოში] რატომ გადავედი? თუ შენ ხარ ადამიანი, ვინც ტრიბუნაზეა, თუ ადამიანებს არბევენ, შენც უნდა იყო დარბეული."

„სპონტანურობის ხარისხი იყო მაღალი, ორგანიზებულობის ხარისხი არ იყო. იყო ერთი დიდი შეკითხვა - პროტესტის საზოგადოება "აკაცუკები" არიან თუ მოქალაქეები არიან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კაცები არიან თუ არა….რა აჩვენა 4-მა ოქტომბერმა აქ ღიად დავტოვებ…პირველად ვიყავი ტრიბუნაზე და ეს იყო ალბათ ჩემი შეცდომა. საეთერო გამოცდილება მქონია და იქ დამხობა არ მიხსენებია, ტრიბუნაზე ვიყავი სრულიად გამოუცდელი. საზოგადოების ნაწილს სჭირდება დამტკიცება, როცა მას აკნინებ, ეს იყო დაკნინების წელიწად-ნახევარი... არ ვართ "აკაცუკები", ეს დავამტკიცე იმ დღეს“.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, ანუ „ამ აქციის მიზანი იყო რიხის ჩვენება და არა ძალადობა?“, მან უპასუხა:

„ჩემი იდეა იყო, პირადად რომ დავინახე, რომ ხალხის რაოდენობა იზრდებოდა, მე გადავწყვიტე, რომ გაფართოებულიყო არეალი და დამატებითი ვიზუალიზაცია შექმნილიყო. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იქნებ ხელისუფლებამ დაგვინახოს, რომ ბევრნი ვართ და რომ ჩვენ არ ვართ "აკაცუკები"… ჩმორები. მამაკაცური ძალა, რაც მე ვახსენე და გამოიყენება პროპაგანდის მიერ და კი, მამაკაცური ძალა.

ნამდვილად, ყელშია ამოსული, რომ ქალია წინ და კაცი ტახტზეა წამოწოლილი. განსაკუთრებით ქართული მენტალობისთვის მიუღებელი ვიზუალიზაცია იყო, როცა ქალებს აგინებენ, აფურთხებენ… მე არ ვიყავი არანაირად გამოცდილი აქციების მართვაში, წარმართვაში, ამ გადმოსახედიდან ალბათ ჯობდა, მე ამ როლში არ ვყოფილიყავი…“ - თქვა მურთაზ ზოდელავამ.

ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში გადავიდა: „რატომ გადავედი? თუ შენ ხარ ადამიანი, ვინც ტრიბუნაზეა, თუ ადამიანებს არბევენ, შენც უნდა იყო დარბეული“.

ამასთან, ზოდელავას თქმითვე, პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ვითარების დეესკალაციის მცდელობა იყო მისი მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები დაძრულიყვნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, სადაც პარტია თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ზეიმობდა.

ის აღიარებს, რომ აქციების მართვაში გამოცდილება არ ჰქონდა და შესაძლოა პროცესები უკეთესად ვერ წარმართა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით წარედგინათ:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
  • 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.

4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში ბრალდებულები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. ახლა დაცვის მხარე იკვლევს თავის მტკიცებულებებს, მომდევნო სხდომაზე ბრალდებულები ნიკა გვენცაძე და ლაშა ბერიძე დაიკითხებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG