Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის” და "ამერიკა - 250" - შაბათის მარში რუსთაველზე

თბილისში შაბათის მარში გაიმართა. 4 ივლისი 2026
თბილისში შაბათის მარში გაიმართა. 4 ივლისი 2026

"ამერიკა - 250" და „ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის” - ამ გზავნილებით, ფილარმონიიდან პარლამენტამდე, უკვე ტრადიციად ქცეული შაბათის მარში გაიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250 წლისთავს აღნიშნავს. მარშის მონაწილეებმა საქართველოს და შეერთებული შტატების დიდი დროშები გაშალეს.

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა ქალებს, რათა საზოგადოებას დაანახვონ, რომ მათი ადგილი „არ არის ბრძოლასა და პოლიტიკაში“.

ამის მაგალითად, მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და პარტია „დროას“ ლიდერის პატიმრობა და ციხეში მათი ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყავთ:

„მზია ამაღლობელს ამდენი ხანია, არაფრის გამო უწევს პასუხისგება და თითქმის უსინათლო გახდა, იმდენად სჯის რეჟიმი. რატომ სჯის მას რეჟიმი? იმიტომ, რომ უნდა შექმნას მაგალითი და დაგვანახოს, რომ ქალების ადგილი არ არის ბრძოლაში, რომ ქალები არ უნდა იყვნენ იქ, სადაც არის პოლიტიკაა. რატომ არის ელენე ხოშტარია ციხეში და რატომ აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორც იქნა, რომ გადაიყვანეს კლინიკაში? იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ, რომ თუ ჩვენ ხმას ავიმაღლებთ, ასეთი მომავალი გვექნება.

მაგრამ ქართველი ქალები არანაირად არ აპირებენ გაჩერებას და არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას. დღევანდელი მარში სწორედ ამიტომ ეძღვნებათ ქალ სინდისის პატიმრებს, ადამიანებს, რომლებიც გაუტეხლად არიან ციხეში და იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.

პროევროპული აქციების მსვლელობისას, ბოლო წელიწად-ნახევარში, სხვადასხვა ბრალდებით, არაერთი ქალია მსჯავრდებული.

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;

იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;

პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.

საპატიმროში ყოფნისას გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჟურნალისტს ცალ თვალში მხედველობა, ფაქტობრივად, სრულად დაუქვეითდა.

ელენე ხოშტარიას საქმე

2026 წლის 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში გართულდა. რამდენიმე დღის წინ, ის საპროტესტო აქციების შედეგად, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის.

შაბათის მარშის შესახებ

ყოველკვირეული მსვლელობა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ყოველ შაბათს იმართება, 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტის გაგრძელებაა, რომელმაც ფორმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების შემდეგ იცვალა.

1,5 წლის წინ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, თქვა, რომ ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს. ხალხმრავალი პროტესტი სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა - შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრაციების დასაშლელად იყენებდა სპეციალურ საშუალებებს. პოლიციამ, კამერების წინ, იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და დემონსტრანტზე. ძალადობის ბრალდებით მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ მათი იდენტიფიცირება შეძლო.

აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.

პროევროპული აქციების მსვლელობისას, ჯგუფური ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ათობით მოქალაქე დააკავეს და მათ არაერთი წლით მიესაჯათ პატიმრობა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. პროევროპული აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG