Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა


ფოტოზე ასახულია უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა. ფოტო გადაღებული 2026 წლის 24 იანვარს
ფოტოზე ასახულია უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა. ფოტო გადაღებული 2026 წლის 24 იანვარს

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქსა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვზე ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა – განაცხადეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შაბათს, 24 იანვრის დილით.

ქვეყანაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში; კიევის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების შესახებ აფრთხილებდა.

„კიევი მტრის მასირებული თავდასხმის ქვეშაა. ნუ დატოვებთ თავშესაფრებს!“ – დაწერა მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე და დასძინა, რომ დარტყმა რამდენიმე არასაცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა ოთხი“, – მერის განცხადებით, სამი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში გათბობისა და წყლის მიწოდება შეფერხდა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის სხვადასხვა ნაწილში.

უფრო აღმოსავლეთით, უკრაინის მეორე დიდ ქალაქ ხარკოვში, მერმა იგორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

უკრაინელი მაშველები მუშაობენ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე, ხარკოვი, 2026 წლის 24 იანვარი.
უკრაინელი მაშველები მუშაობენ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე, ხარკოვი, 2026 წლის 24 იანვარი.

პოლიციამ Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დრონების დარტყმების შედეგად ხარკოვის ოლქში 15 ადამიანი დაშავდა და ასევე დაზიანდა ორი სამედიცინო დაწესებულება.

ეს თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები პარასკევს აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების იმ გეგმის გარშემო, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლობირებს.

ამ მოლაპარაკებების წინ, რომელიც შაბათს უნდა გაგრძელდეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, რადგან მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს კიევის გასვლას აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG