Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა კიბერუსაფრთხოების კომპანიებმა თბილისში სამიტი გამართეს

ღონისძიების საპრომოციო გამოსახულება
ღონისძიების საპრომოციო გამოსახულება

მოკლედ

  • თბილისში გამართული რუსული კიბერუსაფრთხოების სამიტის ორგანიზატორი Softline-ია, რომელიც ფლობს ФСБ-ს ლიცენზიას, რაც მას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან მუშაობის უფლებას აძლევს.
  • სამიტის მონაწილეებს შორისაა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანია Positive Technologies-ი, იდენტიფიცირებული, როგორც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჰაკერების რეკრუტირებაში ჩართული ორგანიზაცია.
  • რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი და ФСБ-სა და ФСТЭК-ის ლიცენზიები აქვს თბილისში გამართული სამიტის კიდევ ერთ მონაწილე კომპანიას - Infosecurity-ს (Инфосекьюрити), ის Softline-ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

ორგანიზატორები ღონისძიებას აღწერენ არა როგორც ჩვეულებრივ კონფერენციას, არამედ როგორც „ინტელექტუალურ რეტრიტს“ მათთვის, ვინც ინდუსტრიების ინფორმაციული უსაფრთხოების ლანდშაფტს აყალიბებს.

რუსული კიბერუსაფრთხოების სამიტი თბილისში, სასტუმრო "პულმანში" 5-8 აგვისტოს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია რუსეთის IT-ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია 11 000-ზე მეტი დასაქმებულით და მილიარდ-ნახევარზე მეტი წლიური ბრუნვით, Softline-ი, რომლის 2018 წლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლობს ФСБ-ს (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური) ლიცენზიას, რაც საშუალებას აძლევს, მომსახურება გაუწიოს სახელმწიფო და ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის ФСБ-სა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს (SVR).

რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი და ФСБ-სა და ФСТЭК-ის ლიცენზიები აქვს თბილისში გამართული სამიტის კიდევ ერთ მონაწილეს, ftline-ჯგუფის შვილობილ კომპანია Infosecurity-ს (Инфосекьюрити). ეს კომპანია ოფიციალურად თანამშრომლობს რუსეთის „კომპიუტერული ინციდენტების ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრთან“ (НКЦКИ), რომელიც სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების სისტემის ნაწილია და უშუალოდ FSB-ს დირექტორის ბრძანებით შეიქმნა.

ФСТЭК - რუსეთის ტექნიკური და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახური. ის ასრულებს სპეციალურ და საზედამხედველო ფუნქციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა - რუსეთის კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის დაცვა.

სამიტის მონაწილეებს შორისაა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანია Positive Technologies-ი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჰაკერების რეკრუტირებაში ჩართული ორგანიზაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 2021 წელს მიღებულ სანქცირების გადაწყვეტილებაში კომპანიასთან დაკავშირებით პირდაპირ არის მითითებული „Linked To: Federal Security Service“, ანუ კავშირი ФСБ-სთან.

შეერთებული შტატების შემდეგ ამ კომპანიას, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის მხარდამჭერს, სანქციები დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც დაუწესეს.

თბილისის სამიტის სპიკერებს შორის არიან:

  • Positive Technologies-ის ბიზნესკონსულტანტი ალექსეი ლუკაცკი, რომელიც წლების განმავლობაში Cisco-ს რუსეთის ოფისში მუშაობდა და რუსეთის ინფორმაციული უსაფრთხოების პროფესიულ გაერთიანება BISA-სთანაც თანამშრომლობდა.
  • რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Beeline (Вымпелком), ხოლო ერთ-ერთი მთავარი სპიკერია Beeline-ის ინფორმაციული უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი ვოლკოვი.

ღონისძიების ოფიციალური პროგრამის მიხედვით, სამიტის მიზანი კიბერშეტევების შემდეგ ორგანიზაციების მდგრადობის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიებისა და ე.წ. ტექნოლოგიური სუვერენიტეტის საკითხების განხილვაა.

ღონისძიების აღწერაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასმულია კითხვა, შეიძლება თუ არა რუსული კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები იმ ტექნოლოგიურ საფუძვლად იქცეს, რომელზეც ბიზნესის უსაფრთხოდ აშენებაა შესაძლებელი.

„ტექნოლოგიური სუვერენიტეტი“ რუსული სანქცირებული IT-სექტორის მთავარი ნარატივია, რაც დასავლური ტექნოლოგიების ჩანაცვლებასა (Импортозамещение) და რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტს/გაფართოებას გულისხმობს.

ღონისძიების სარეგისტრაციო საიტზე მითითებულია, რომ ორდღიანი ბიზნესპროგრამის განმავლობაში, 30-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი რეალურ შემთხვევებს გააანალიზებს და მათ შორის უპასუხებს კითხვას, ქმნის თუ არა რუსული გადაწყვეტილებები საიმედო საფუძველს ინდუსტრიაში?

ღონისძიებას, რომელიც თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა, გასართობი ნაწილიც აქვს - „ქალაქის 1500-წლიან ისტორიაში კულტურული ჩაღრმავება, გასტრონომიული დელიკატესები და სახელგანთქმული ქართული ღვინოების დაგემოვნება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG