„გვინდა, ცოტა დავეხმაროთ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას იმის გარკვევაში, საზოგადოებას რა უჭირს. ჩვენ გვინდა, რომ ლეგიტიმური იყოს მთავრობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან გულუაშვილი, პარტია „მამული, ენა, სარწმუნოების“ წევრი და საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ცესკოს სხდომა
ინიციატივა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილა.
კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, კანონით, პირველ ეტაპზე სარეფერენდუმო კითხვა საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით ზუსტდება, თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფიდან არავინ მისულა.
კალანდარიშვილი ამბობს, რომ ცესკომ სხდომის შესახებ შეტყობინება გააგზავნა, თუმცა ლევან გულუაშვილი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია არ ჰქონია.
რას ამბობს კონსტიტუცია და კანონი
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია უფლებამოსილი, რეფერენდუმი დანიშნოს პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
რეფერენდუმი არ ტარდება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, საერთაშორისო ხელშეკრულების, ამნისტიის ან შეწყალების გამო, ან ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მიზნით.
ბოლო წლებში ცესკოსთვის არაერთხელ მიუმართავთ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა არცერთ მიმართვას თანხმობა არ მოჰყოლია.
სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებულ კითხვებს შორის იყო:
- „თანახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფის და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ [ეს სფერო] ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?“
- „თანახმა ხართ თუ არა საქართველო იყოს ნეიტრალური (მიუმხრობელი) ქვეყანა?”
- „თანახმა ხართ თუ არა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?“
ერთ-ერთი საკვანძო წინაღობა რეფერენდუმის დანიშვნისას არის „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის ის დათქმა, რომ რეფერენდუმი იმართება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, რაც გულისხმობს მის ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
საქართველოში რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ გამართულა, როცა მოსახლეობის უმრავლესობამ პარლამენტის წევრთა 235-დან 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი.
ვინ ითხოვს რეფერენდუმს ლეგიტიმურობაზე?
გულუაშვილის თქმით, რეფერენდუმის ჩატარებას, პარტია „მამული, ენა, სარწმუნოების“ წევრებთან ერთად, მხარს უჭერს ორგანიზაცია სახელწოდებით - „საქართველოს პლანეტათაშორისო და ჩვენი პლანეტა სიკეთის მშვიდობის საერთაშორისო ფონდი“.
საინიციატივო ჯგუფში ასევე შედიან ვახტანგ ზარქუა, მალხაზ ტაბატაძე, ავთანდილ კენჭოშვილი, ბადრი ღვინეფაძე, მორისონ ქობულია და ვაჟა მალაღურაძე.
პარტია „მამული, ენა, სარწმუნოება“ 2021 წელს დაფუძნდა. მისი თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძეა. პარტიის წარმომადგენელი თეიმურაზ ბოკელავაძე 2025 წელს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა და ხმების 0,76% მიიღო.
ლევან გულუაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების ლეგიტიმურობას დაადასტურებს.
„მთავრობა ლეგიტიმურია, უბრალოდ, ხარვეზებიცაა, საზოგადოებასთან ისეთი კავშირი არ აქვთ... ჩვენ ამ ეპოქის შვილები ვართ, შეგვიძლია გვერდში დგომა, ქართველობა, მამულის, ერის და ჩვენი რწმენის დაცვა“, - გვეუბნება გულუაშვილი.
სარეფერენდუმო კითხვის რეგისტრაციის საკითხს ცესკო ერთ-ერთ შემდგომ სხდომაზე დაუბრუნდება.
ფორუმი