72 დაკავებულის გარდა, შსს-ის თანახმად, ბრალი წარედგინება კიდევ ხუთ ადამიანს - მათი ნაწილი ციხეშია, ნაწილი კი, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ.
პასუხისგებაში მისცეს „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე, მეტსახელად „ასლან ბატუმსკი“/„ბაბუ“, - რომელსაც, მედიის ცნობით, წარსულში დაპირისპირება ჰქონდა „ჯანგველაძე-ონიანის კლანის“ წარმომადგენლებთან.
პასუხისგებაში მიცემულია მისი ძმაც, მეტსახელად „დუკა“.
მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ძმები წულუკიძეები; დაკავებულია მათი გარემოცვის ერთი წევრიც.
ოპერაციისას ხელვაჩაურში ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებისას მისი დედა, 75 წლის ქალი დაშავდა.
შსს დაკავებულთა უმრავლესობის ვინაობას არ ასახელებს.
გამოძიება ხუთი მუხლით
ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ 17 მარტს გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ. სპეცოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს შსს-მ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
გელაძის განცხადების თანახმად, დაკავებულებს ხუთი სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავებიან. ესენია:
- ქურდული სამყაროს წევრობა;
- ქურდული საქმიანობის მხარდაჭერა;
- ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა;
- ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა;
- „კანონიერი ქურდობა“.
„ინტენსიური ფარული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ქურდული გადაწყვეტილებები“, - თქვა გელაძემ.
„ისინი უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს [ბაბუს] და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეთა შორის არსებულ დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც თანხის გადახდას აკისრებდნენ“, - განაცხადა გელა გელაძემ.
მისი თქმითვე, „კონკრეტული ვადის დარღვევის შემთხვევაში“, ქურდული სამყაროს წევრები „ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“ მოქალაქეებს.
დაკავებულთა შორის არიან ძმები, ფირუზ და რეზო წულუკიძეები. ასევე, დაკავებულია მათი გარემოცვის წევრი, ელდარ ანთაძე.
წულუკიძეები, - რომლებიც 2021 წელს დააკავეს ნამახვანჰესის პროტესტისას რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით, - 2024 წელს შეიწყალა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მილიონს გევალ“
შსს-მ გაავრცელა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები სხვადასხვა ბრალდებულს შორის. მათი უმრავლესობა ინიციალებს შეიცავს.
მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში საუბრობს ორი კაცი, რომლებიც საუბარში სხვადასხვა მოცულობის თანხას ასახელებენ:
გ.ქ: „რა გავაკეთო მე? თან „მიფიქსირებს“, 450 000 დოლარი იქ რომ შენ მითხარი იქ დევსო, იქიდან დააკელიო, არ დააკლდა მაგ 450 000-ს? 150 000 დოლარი ამ ბოლოს ამართვა, უკვე ჩემს ფულსაც მოაჯდნენ“.
თანამოსაუბრე, ჯ.დ პასუხობს: „შენ ადექი და ყველა ფული რაც გაქ მიცემული ჩამოიწერე“.
„რა აზრი აქვს?! ჩემი დედა ვატირე, ყველა ფული რომ ჩამოვწერო, მილიონს გევალ“, - ამბობს გ.ქ.
უცნობია, რას უკავშირდება ეს საუბარი და დასახელებული თანხები.
„დუკა“ და „ბაბუ“ - ძმების კამათი
შსს ავრცელებს ძმები ქობულაძეების სატელეფონო ჩანაწერს, სადაც ისინი ერთმანეთში კამათობენ.
ერთია ასლან ქობულაძე, „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ბაბუ“, მეორე კი - მისი ძმა, მეტსახელად „დუკა“. ისინი კამათობენ:
- „ბაბუ“: ბიჭო, რატომ მაყენებ ამნაირ ყლ**რ როლში? რატომ მაყენებ კი მარა? არ უნდა შემეკითხო? ამოგაგლიჯავ მაგ ენას! ტიპს ვურეკავ, „ვაკაჩავებ“, „კაროჩე“, რომ სად აგდია მაი პრო**, ბლ**დ. ამდენი ხანია გავაჩერე მაი სიტუაცია, ასლანო, რა გინდაო ჩემგანო? „დუკამ“ შემარიგაო. და რანაირ როლში გამოვდივარ?
- „დუკა“: მაი ვინ იყო?
- „ბაბუ“: რა მნიშვნელობა აქვს? ვინც დამირეკა და მთხოვა.
- „დუკა“: რა ვქნა ახლა? ვისროლო თავში?
- „ბაბუ“: ამიტომ შენ თავზე არ უნდა აიღო, წინა სიტუაცია იყო, იგივე გააკეთე, არ შეიძლება რომ შეათანხმო ჩვენთან?.. მე რომ არ ვიყო და უშენოდ ხდებოდეს, შენებურად გააკეთე, მარა მე რომ ვარ, ხომ უნდა მითხრა“?
ისინი ამავე საუბრისას ახსენებენ ვინმე „ბაგირას“.
- „ბაბუ“: „ბაგირამ“ მითხრა, რა, რაცხას ამბავზე, 25-ში ჩამოვალ გეტყვიო, მერე ჩუმად იყო, არ უთქვია, კაროჩე.
- „დუკა“: ჰო
- „ბაბუ“: 25000-მდე აძლევსო
- „დუკა“: რაცხა, ნუ, მისიანებმა ფული მიცეს და არ გამოუჩენიას ბაზარია, მე კი დავსვი მის ადგილზე.
- „ბაბუ“: უნდა გეთქვა, „შე ს*რო, გამოეთრიე ერთი გარეთ“. დროზე უნდა უთხრა მაგას კაროჩე და უცებ მოვა ჭკუაზე…
ახსენებენ ვინმე გოჩას, რომელსაც, სავარაუდოდ, თანხა „აქვს მოსატანი“ და აგვიანებს:
- „ბაბუ“: „გოჩა, მე ვუთხარი, მე დაგიძახებ ბო*ს, ბო**ბის დედას შე***ი ტრ**ში“.
ვინ არის ასლან ქობულაძე, იგივე „ბაბუ“
60 წლის ასლან ქობულაძე „კანონიერი ქურდია“, საქართველოში არაერთხელ ნასამართლევი პირი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.
ის დაპატიმრებული იყო საქართველოშიც და რუსეთშიც. PrimeCrime-ის ცნობით, 2019 წელს მოხდა მისი დეპორტაცია რუსეთიდან თურქეთში.
იგი ფიგურირებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2022 წელს გახსნილ საქმეშიც. საქმე მაშინაც ქურდულ გარჩევებსა და გამოძალვას ეხებოდა.
მაშინ, 2022 წლის ნოემბერში, 4 პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ასლან ქობულაძე იყო. მეორე „კანონიერი ქურდი“, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე „ბონჩო“ იყო.
ქობულაძის სახელი ფიგურირებდა ტელეკომპანია „ფორმულის“ სიუჟეტებშიც. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში ხდებოდა სამარშრუტო ტაქსების მძღოლების „რეკეტი“ (ანუ სისტემატური გამოძალვა).
ტელეკომპანიის წყაროს თანახმად, ქობულაძის „კლანი“ დაპირისპირებული იყო მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ და აკაკი ტუღუშის, იგივე „ენცოს“ კლანებთან.
- „ენცო“ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 7 ნოემბერს დაუსწრებლად შეუფარდა „წინასწარი პატიმრობა“ - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით;
- ბრალდების თანახმად, მას შემდეგ, რაც ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული გიორგი მიქაძე მოათავსეს რუსთავის ციხეში, „კანონიერი ქურდები“ დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს” წევრებს და დაავალეს მიქაძეზე სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება, შესაბამისი დავალება კი კაკო ტუღუშმა („ენცომ“) გასცა.
რუსული გამოცემა PrimeCrime-ი, - რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებით აქტიურად წერს, - 2021 წელს იუწყებოდა, რომ სტამბოლში შეიკრიბნენ „კანონიერი ქურდების“, „ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის“ წარმომადგენლები და განიხილეს „ენცოს“ „ფინანსური პრეტენზიები ასლან ქობულაძის მისამართით“.
ამავე სტატიაში „ქობულაძე“ დასახელებული იყო კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“, ბადრი კოღუაშვილის ახლო მეგობრად; ეს წყარო ქობულაძეს შაქრო კალაშოვთანაც აკავშირებს.
უცნობის საუბარი „კალვერასთან“
17 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს კაცი, ლევან წ. - შსს-ის ცნობით, მეტსახელად „კალვერა“.
კალვერა არის ფილმ „შესანიშნავი შვიდეულის“ პერსონაჟი, მძარცველთა ბანდის მეთაური.
ის ამ დროისთვის დაუდგენელ კაცს ელაპარაკება. საუბარი ეხება ვალის დაბრუნებას. ისმის მუქარა.
„კალვერა“: „ორშაბათს არ მოიტანს? ერთი ნული დაამატოს, მაგის ცოლსაც და შვილსაც მი**ემ პირ**, ასე გადაეცი, გაიგე“?!
75 წლის ქალის შემთხვევა
წუხელვე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ბრალდებულის, ხვიჩა დუმბაძის დაკავებისას დაშავდა 75 წლის ქალი.
ოჯახის თანახმად, იგი ამბობდა, რომ ფეხში დაჭრეს, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ „არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.
ნია მიქელაძემ მედიას განუცხადა, რომ მისი ბიძის დაკავებისას, სპეცრაზმელებმა, რომლებიც ნიღბებით და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები, „ფეხში დაჭრეს“.
დაშავებულის შვილი ტვ პირველთან ამბობს: „როცა დედაჩემი იქცეოდა, შევრბოდი შიგნით, ამ დროს პოლიციამ მომქაჩა, სასწრაფო შევიდა, გამოიყვანეს დედაჩემი, ფეხი ჰქონდა შეხვეული, ვკითხე - დედა, რა ხდება-თქო და მესროლესო“.
მისი კიდევ ერთი შვილის თქმით კი: „დედაჩემმა მითხრა, ასე მითხრეს - გაჩერდი, თუ არა გესვრიო. დედაჩემს უთქვამს მესროლეთო და მოხდა გასროლა“.
მინისტრმა გელაძემ განაცხადა: „საპოლიციო ღონისძიების დროს გახდა აუცილებელი, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცრაზმი და, შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“, - განაცხადა გელაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.
მისი თქმითვე, „კლინიკამ გააკეთა განმარტება და ქალბატონი გაწერილია სახლში“.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ კლინიკაში შეყვანილ ქალს „უმნიშვნელო დაზიანებები, ნაკაწრები“ ჰქონდა და არ ყოფილა დაჭრილი, ხოლო სამედიცინო დახმარების შემდეგ მალე გაწერეს კლინიკიდან.
ფორუმი