26 ივნისს პარლამენტში წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე. მის შემაჯამებელ სიტყვამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს სიტყვა.
რა თქვა შარაშიძემ
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წევრმა გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა:
„[აზერბაიჯანის] პრეზიდენტი [ილჰამ] ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი“.
მის ამ მიმართვას ხმაური მოჰყვა. იყო შეძახილები, მათ შორის „უსინდისო“.
დარბაზიდან შეძახილებს შარაშიძემ ასე უპასუხა: „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ“...
პარლამენტის პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ის სიტყვას აგრძელებდა, თუმცა ხმაური უფრო ხმამაღალი გახდა, რა დროსაც შარაშიძე მიკროფონს მოშორდა: „რას კადრულობთ“. ამ დროს კადრი გაწყდა.
ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, რა მოხდა შემდეგ:
ვინ ჩხუბობდა დარბაზი
შარაშიძის გამოსვლისას დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.
სხვადასხვა მედიასაშუალების კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის თანაგუნდელს, გიგა ფარულავას, ხმამაღლა ესაუბრებიან მის უკანა რიგში მსხდარი „ოცნების“ დეპუტატები, მალევე კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება.
ჩხუბში ერთვება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ყოფილი ძალოსანი.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემაც - მან ოპონენტს, რომელიც სხვა დეპუტატებს მომწყვდეული ჰყავდათ, სიმაღლიდან ხელი დაარტყა.
იქ იყო არაერთი სხვა დეპუტატიც, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი და ვასილ ჩიგოგიძე, ასევე ლევან მაჭავარიანი.
გიგა ფარულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გაუსწორდნენ მის თანაგუნდელ მალხაზ თორიასაც.
დაპირისპირებას თვალს ადევნებდნენ ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
ჩხუბი ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
„სასწრაფო გამოვიძახეთ“
„სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს, გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა“, - განაცხადა მოგვიანებით გიორგი შარაშიძემ.
მან მომხდარს „ველურობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პარლამენტარებს, არამედ ირაკლი კობახიძესაც.
„აგენტურა“ - კობახიძე
ირაკლი კობახიძემ მომხდარს „სამწუხარო“ უწოდა, თუმცა პასუხისმგებლობა გახარიას გუნდს დააკისრა და მათ კვლავ „აგენტურის წარმომადგენლები“ უწოდა.
„აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - თქვა მან.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს. ეს არის მათი საერთო სახე“, - განაცხადა კობახიძემ.
„თავდასხმა პარლამენტარზე“
პარლამენტში მომხდარის შემდეგ იურისტების ნაწილი წერს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პარლამენტის წევრზე ჯგუფური თავდასხმის დასჯას - 5-დან 12 წლამდე პატიმრობით.
არაერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ვიდეოების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ უსამართლოა, როდესაც დაუსჯელი რჩება მსგავსი ინციდენტები, ხოლო სილის გაწვნის გამო „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2-წლიან პატიმრობაშია, და ასევე დაპატიმრებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
ასეთივე გამოხმაურება ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს:
„მზია ამაღლობელმა და ელენე ხოშტარიამ რა ჩაიდინეს იმაზე მეტი, რაც მოძალადე ტალახაძემ და გორდულაძემ? ან სხვა დაპატიმრებულმა ადამიანებმა“, - დაწერა მან.
ფორუმი