Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაღლები ელისაშვილის კვალზე - რა წერია ტერორიზმის ახალი საქმის მასალებში?

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. არც ერთ შემთხვევაში ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს. ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ახალი საქმის მასალები და გადაამოწმა, სიმართლეს ამბობენ თუ არა ადვოკატები, როცა ამტკიცებენ, რომ „პროკურატურას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს“.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს, ახალი ბრალდება პროკურორებმა 30 მარტს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში წარუდგინეს.

ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ დანაშაულს ტერორისტული მიზანი ჰქონდა - ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლოსა და მართლმსაჯულების დესტაბილიზაცია.

საქმის მასალების თანახმად, გასული წლის მაისში, „ბრალდებული სასამართლოს შენობის სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.

შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს“.

ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო და კვალიფიკაცია ალეკო ელისაშვილისათვის ახალი ბრალის წარდგენამდე სამი დღით ადრე შეიცვალა.

სხვისი ნივთის დაზიანებით იყო დაწყებული გამოძიება ნოემბრის ეპიზოდზეც და ტერორიზმის მცდელობად მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა.

ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:29 0:00

პროკურორი მარიამ გიგაური აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებისა და ქმედების ტერორიზმად შეფასების საფუძველი გახდა დანაშაულის მიზანი - სახელისუფლებო შტოს დესტაბილიზაცია.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი „პოლიტიკური ნიშნით იდევნება, მიზანი კი მისი პოლიტიკური ცხოვრებისგან ჩამოშორებაა“.

ასე თუ არაა, - სვამს კითხვას ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი, - რატომ გადააკვალიფიცირეს მუხლი მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეში ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი გაჩნდა და არა იქამდე?

დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ - საქმის მასალები
დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ - საქმის მასალები

2025 წლის მაისში საქალაქო სასამართლოს იმ ფლიგელში გაჩენილი ხანძრის შესახებ, სადაც საქმის მასალების ნაწილი ინახებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ბრალდებულად ალეკო ელისაშვილი დაასახელეს - ანუ 2026 წლის 30 მარტს.

ზარალი 470 ლარია. საქმე ერთი ტომისგან შედგება.

გამოძიება 2025 წელს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მალევე, 14 მაისს, დაპაუზდა.

იმ დროისთვის პოლიციას უკვე დაკითხული ჰყავდა სამი მანდატური, რომლებიც ხანძრის გაჩენის დროს ღამის მორიგეები იყვნენ, გამოთხოვილი ჰქონდა სასამართლოს შენობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დანიშნული ჰქონდა ექსპერტიზა - ხანძრის გამჩენი ნივთიერებებისა და საშუალებების დადგენის მიზნით.

მიძინებული საქმე, 2026 წლის 12 იანვარს ჯერ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, უჩა თურმანიძის პატაკმა გამოაფხიზლა.

უჩა თურმანიძემ გამოძიებას სავარაუდო ბრალდებულის გადაადგილების მარშრუტზე მიაწოდა ინფორმაცია. წყაროდ პირადი კონტაქტი დაასახელა.

ეჭვმიტანილს ეცვა მუქი ფერის სამოსი, ნიღბით იფარავდა სახეს, ეკეთა ზურგჩანთა და ფეხით გადაადგილებისას ხის ჯოხსაც იყენებდა.

ამ პატაკის საფუძველზე პოლიციელებმა ცხრა თვის დაგვიანებით ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს. ყველა ის კერძო პირი, რომლებმაც პოლიციას ჩანაწერები მიაწოდეს, გამოკითხვის ოქმებში იდენტურ ტექსტს წერს, რომ მათთან გასული წლის მაისში პოლიციელები მივიდნენ, ჩანაწერები შეამოწმეს და ნანახის დაარქივება მოსთხოვეს.

ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი საქმეში 2026 წლის 13 მარტს გამოჩნდა. პოლიციის მაიორმა გიორგი რაზმაძემ ამ შინაარსის პატაკი დაწერა: „ჩემს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, სასამართლოს შენობას 2025 წლის 4 მაისს ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ალექსანდრე ვალერის ძე ელისაშვილმა“.

პოლიციელის პატაკი, რომელშიც პირველად ახსენეს ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი
პოლიციელის პატაკი, რომელშიც პირველად ახსენეს ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი

პატაკის ავტორი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ შეიტყო „კონტაქტისგან”, რომელიც ჩვეულებრივ სანდო ინფორმაციას აწვდის ხოლმე.

ამ პატაკის დროს ალეკო ელისაშვილი უკვე ბრალდებულია ტერორიზმის კიდევ ერთ საქმეზე. მას ედავებიან „ტერორისტული აქტის“ მცდელობას, სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით. ის 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, „შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“. ის ადგილზევე დააკავეს; მალევე მისმა ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ „ელისაშვილი ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად“.

პოლიტიკოსი საპატიმროში იმყოფება, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ბრალი, რომელიც ძველ ეპიზოდს ეხება, არა ტერორიზმის მცდელობას, არამედ უკვე დასრულებულ მოქმედებას - ტერორიზმის ჩადენას - მოიაზრებს.

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ელისაშვილის წინააღმდეგ?

მიუხედავად პროკურორ მარიამ გერსამიას მტკიცებისა, რომ ამ საქმეში დაკითხული არიან მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები და გამოთხოვილია ინფორმაცია, პოლიციელის პატაკის გარდა, ალეკო ელისაშვილს წინააღმდეგ მტკიცებულება მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზაა.

ოდოროლოგია არის მეთოდი, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას სუნის მიხედვით ცდილობს.

როგორ ტარდება:

ექსპერტები დანაშაულის ადგილიდან სპეციალური მასალებით სუნის ნიმუშს იღებენ (მაგ. ტანსაცმლიდან, ნივთებიდან).

შემდეგ იგივე პროცედურას ატარებენ ეჭვმიტანილთანაც. ამ ნიმუშებს ერთმანეთს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით ადარებენ. შემდეგ კი ექსპერტი აფასებს, ემთხვევა თუ არა სუნის კვალი კონკრეტულ პირს.

ასე მოხდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც. საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის მაისში ექსპერტებმა სასამართლოს არქივში ჩასასვლელი კიბის მიმდებარე ტერიტორიიდან და დაზიანებული ფასადის წინ ბეტონის ზედაპირიდან სუნის კვალის ნიმუშები აიღეს.

პროცედურის თანახმად, შესადარებელი ნიმუში საჭიროა, ამიტომ, სასამართლოს დავალებით, 26 მარტს ციხეში ალეკო ელისაშვილსაც აუღეს სუნის ნიმუში.

„ელისაშვილის ხელის მტევნებიდან სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მინის ქილაში, ქილას გაუკეთდა ლუქი“, - ნათქვამია საგამოძიებო მოქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში.

ექსპერტმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი სხვა ნიმუშებთან ერთად მოათავსა და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლს მოუხმო.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ალეკო ელისაშვილისა და შემთხვევის ადგილიდან 10 თვის წინ აღებული სუნი ერთმანეთს დაემთხვა.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ საქმესთან ალეკო ელისაშვილს დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა. ძაღლების სახელები იყო ხოლმე ადრე მითითებული და ამ შემთხვევაში არც სახელებია მითითებული და არც რაოდენობა, თუ რამდენი ძაღლი გამოიყენეს სანდოობისთვის. გაუგებარია, რატომ ელოდნენ ერთი წელი და რატომ ჩაატარეს მარტში ეს საგამოძიებო მოქმედება“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატებისთვის ამ საქმეზე სადავოა როგორც მტკიცებულებები, ისე კვალიფიკაცია. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ყოველთვის დამხმარე იყო გამოძიებისთვის, ამ შემთხვევაში კი მთავარ მტკიცებულებადაა მოტანილი.

„ძაღლის მიერ დადასტურდა, რომ დანაშაული ჩაიდინა ელისაშვილმა. ფაქტი არ შეცვლილა, ფაქტი იგივე დარჩა და მას შემდეგ, რაც ძაღლმა თქვა, რომ ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი, შეიცვალა კვალიფიკაცია. პირის ვინაობა დანაშაულის მიზანს ვერ შეცვლის, ქმედება ხომ არ შეცვლილა? საქმეში ცარიელი ფურცლებია“, - ამბობს ის.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები
ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები

პროკურატურამ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც [პირის იდენტიფიცირება] დანიშნა. დასკვნის თანახმად, წარდგენილ ვიდეოკადრებზე ვინმეს იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხარისხისა და გარჩევადობის გამო.

დასმულ კითხვაზე, ერთი და იგივე ადამიანია თუ არა გასული წლის მაისსა და ნოემბერში სასამართლოს კამერების მიერ გადაღებულ კადრებში, ექსპერტმა დაწერა: „ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნების გამოსახულება“.

„თავად პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეოკადრები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისათვის, ამის მიუხედავად, მათ გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები და წითელი დიდი შრიფტით დააწერეს, რომ ნიღბიანი მამაკაცი ალექსანდრე ელისაშვილია - ეს უფლებების დარღვევაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ საქმესთან ალეკო ელისაშვილს დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაგვისახელეთ ერთი მტკიცებულება, გარდა სუნის ექსპერტიზისა, რომელიც ალეკო ელისაშვილის მაისის ხანძართან კავშირს ადასტურებს, პროკურორმა მარიამ გიგაურმა უპასუხა, რომ „შინაარსში ვერ შევა“.

„შინაარსში ვერ შევალ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე....მტკიცებულებების ერთობლიობა წარმოდგენილია ამ საქმეზე ბრალდების სამტკიცებლად, თითოეულ მტკიცებულებას ვერ მოვიხილავთ, ეს მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე და დავადასტურებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა წარდგენილი ბრალდება“, - ამბობს ის.

მარიამ გერსამია, პროკურორი
მარიამ გერსამია, პროკურორი

„სასაცილოდ არ მეყო წარდგენილი ბრალი“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. მას პოლიტიკური ახსნა აქვს, თუ რატომ დაადანაშაულეს ორჯერ ტერორიზმში.

პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები მიმოიხილა და გამოთქვა ვარაუდი, რომ სია ე.წ. პოლიტპატიმრებისა, რომლებიც ციხიდან უნდა გაათავისუფლონ, უკვე მაგიდაზეა და ამ სიაში შესაძლოა თავადაც იყოს.

სწორედ ამიტომ მანიპულირებს პარლამენტის თავმჯდომარე ჩემი სახელით და გვარითო, ამბობს, სურს, რომ სხვა პატიმრები ჩემი სახელის გამოყენებით დააზიანოს, რადგან ტერორიზმს მედავებიანო.

„როგორც უღირს ადამიანებს მართებთ და სჩვევიათ, მათ ჩახედეს ამ სიას, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი, რომ აი ტერორისტი. შემდეგ რა ქნეს - იმ ტერორიზმის დამტკიცება, რაც მტკიცებულებებითაა წარმოდგენილი, გამორიცხული არის, აბსურდულია, ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება, რომ ჩემი სახელი და გვარი კიდევ დაემცირებინათ ახალი დანაშაულით, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერ გახსნეს, თაროზე ჰქონდათ შემოდებული და „შეტენვა“ მოინდომეს ჩემთვის და ჩემი სახელის და გვარის დამძიმება.

რატომ? - უცხოელებისთვისაც, ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, ეს არის დაჟინებული ტერორისტი....

რომ მაქსიმალურად ეს ამბავი დაემძიმებინათ. რატომ? იმიტომ რომ ჩემი სახელითა და გვარით გაეფუჭებინათ და დაეზიანებინათ დანარჩენი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მისი განცხადებით, პრინციპული პოზიცია აქვს: „რომ არც ერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები“.

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მართლაც თქვა:

„რისთვისაც „შეკერეს“ ეს საქმე [„მოსკოვის მექანიზმი“] საქართველოს წინააღმდეგ, რომ კანონები გააუქმო, სარჩელი გამოიწვიო, გამოუშვა პატიმრები, [პოლიტპატიმრების] სია რატომ არ აქვთ?! ვნახე ეს დოკუმენტი და იმედი მქონდა, იქნებ თანდართულად ყოფილიყო სია - ეს ხალხი გაათავისუფლეთო. რა მაინტერესებს იცით? ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?

დაახლოებით 10 დღეა ვიცით მე და ჩემმა ადვოკატებმა, რომ ახალი ბრალის წარდგენა უნდოდათ ტერორიზმის მუხლით. გასაგები იყო ჩემთვის, წარმოიდგინეთ 4 თვეა ვარ ციხეში, ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 1 წლის წინ. რომ დამაკავეს, ეს საქმე ხომ იცოდნენ გაუხსნელი საქმე რომ იყო, დაკავებისთანავე კი არ წარმიდგინეს ბრალი, ერთი თვის მერე კი არ წარმიდგინეს ბრალი... ახლა.

მე მინდა ეს პოლიტიკური კონტექსტი ავხსნა... ორბრალდებიანი ტერორისტი ვარ ჩვენი პროკურატურის წყალობით. რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია ეს ამბავი. გუშინ ორ ვერსიაზე ვფიქრობდი, ჯერ კადრები რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით. როგორი ამბავია, „ჯეკა“ უნდა მოიყვანონ, „პაკუსია“ და დამადოს ხელი. არადა ჩემი ტანსაცმელიც აქვთ, ჩემი წინდებიც აქვთ და მაისური, რომ დამაკავეს მაშინდელი, რა უნდა ახლა - აყნოსინებ იმას, მერე იმ „ჯეკას“ მოიყვან და იმან უნდა ჩვენება მისცეს ჩემს წინააღმდეგ, ამითი მიჭერენ, „ჯეკა“ მიჭერს.

გუშინ ვფიქრობდი ორ ვერსიაზე, ერთი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იურისპრუდენციის გიგანტმა ფარცხალაძემ დატოვა პროკურატურა, ეტყობა, სახლობანას თამაშობენ პროკურატურაში და არ იციან მტკიცებულება რა არის, ძაღლი სად უნდა გამოიყენონ და ა.შ. ეს არის ერთი ვერსია.

მეორე ვერსიაა, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და სინამდვილეში პროკურატურას ყელში ამოუვიდა ამ რაღაცა საშინელი დავალებების მიღება და გადაწყვიტეს - მსოფლიო ისტორიაში არის წინააღმდეგობის ასეთი ფორმები, რომ საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმებს ადამიანები სახელმწიფო სამსახურში დივერსიებს უწყობდნენ ხოლმე. როგორც ჩანს, ეს საქმე, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი, რომელმაც უნდა ხელი დამადოს, შეიძლება მოლაპარაკე ძაღლიც მოიყვანონ, არ გამოვრიცხავ, როგორც ჩანს, პროკურატურას ამოუვიდა ყელში და აჯანყდა და მეხმარებიან მეც ამ საქმეში...

დრო გავა და იურიდიულ ფაკულტეტზე ამ ამბავს, ქეისს რომ ეძახიან, ასწავლიან, როგორც ოროსნობის მაგალითს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ... გუშინ ვკვდებოდი სიცილით, რა ვნახეთ გუშინ, კაცი მოდის ჯოხით პირბადიანი, ტროტუარზე დგომა დანაშაულია, მაგრამ ხელჯოხით ხელში ქუჩაში დგომა დანაშაული ხომ არ არის. ერთი ეპიზოდი იყო ეს, მერე აჩვენებენ კილომეტრიდან გადაღებულ კადრს, სადაც ჩანს სილუეტი - ქალია, კაცია, ვინ არის ღმერთმა უწყის. რაღაცას ისვრის, იქედან ცეცხლი გამოდის, კილომეტრიდან არის სიბნელეში გადაღებული. ან ერთი ეპიზოდი მეორესთან რა შუაშია, ის კაცი გავდა თენგიზ შარმანაშვილს... ან დავით მათიკაშვილს, ათასჯერ უფრო დამაჯერებელი არის, რომ ის კაცი თენგიზ შარმანაშვილს გავდა, ვიდრე მე.

პოლიტიკურ კონტექსტს შევხედოთ - „ქართული ოცნება“ აქამდე ძვრებოდა ყველაფრიდან, რაღაცებს მანიპულირებდნენ, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმმა", ამ სამართლებრივმა სახელმძღვანელო დოკუმენტმა, მათ ჩასცხო ურო, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას, რეჟიმს, ამ ხელისუფლებამ აწამა ადამიანები და 112-ჯერ იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა ნახსენები, სადაც არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტპატიმრები და ეს არის პირდაპირი კატეგორიული რეკომენდაციები, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებდა, ვინც დაასახიჩრა ხალხი, ამის შემოქმედები უნდა დაისაჯონ...

ერთადერთი პაუზა გაჩნდა, ღმერთმა გაანათლოს, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების გამო, მაგრამ ეს დღის წესრიგი ისევ დაბრუნდა. გუშინ რომ რუბიომ დარეკა, ესეც ამ კონტექსტში ჯდება, ნინო წილოსანის და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკავს, იმ დასკვნამ უკვე ჩამოხსნათ ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს.

ამის შემდეგ რას ვხედავთ, გამოდის პაპუაშვილი ყოველდღე, მართავს ბრიფინგებს და იძახის, რომ ვინ არის პოლიტპატიმარი? ელისაშვილია პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? ამ ორ გვარს ატრიალებენ, მე მაშინვე ვიგრძენი რას აპირებდნენ...

საჯარო განცხადებები არის აისბერგის ხილული ნაწილი, გაცილებით მეტი ხდება კულუარებში. რაც გარეთ გამოდის, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, გაცილებით მეტი არის ხოლმე დაფარული, რა იყო დაფარული - იმ წამს მივხვდი, რომ პოლიტიკური პატიმრების სია მათ მაგიდაზე უდევთ, აქვთ როგორც თავისი ვერსია, ასევე უცხოელებისგან და აქ საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებისგან შექმნილი ვერსია. ალბათ, ჩემი სახელი და გვარიც იქ იყო.

როგორც უღირს ადამიანებს მართებთ და სჩვევიათ, მათ ჩახედეს ამ სიას, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი, რომ აი ტერორისტი, შემდეგ რა ქნეს - იმ ტერორიზმის დამტკიცება, რაც მტკიცებულებებითაა წარმოდგენილი, გამორიცხული არის, აბსურდულია, ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება, რომ ჩემი სახელი და გვარი კიდევ დაემცირებინათ ახალი დანაშაულით. გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერ გახსნეს, თაროზე ჰქონდათ შემოდებული და „შეტენვა“ მოინდომეს ჩემთვის და ჩემი სახელის და გვარის დამძიმება.

რატომ? - უცხოელებისთვისაც, ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, ეს არის დაჟინებული ტერორისტი....

რომ მაქსიმალურად ეს ამბავი დაემძიმებინათ, რატომ? იმიტომ რომ ჩემი სახელით და გვარით გაეფუჭებინათ და დაეზიანებინათ დანარჩენი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება. მე შესაბამისად ვიგრძენი ეს ყველაფერი, ვიგრძენი ეს პასუხისმგებლობა და დავწერე ის განცხადება და ახლაც ვამბობ: სულაც არ მიხარია ციხეში ჯდომა, მაგრამ ჩემთვის საამაყო არის, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში და იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. შესაბამისად ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არც ერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები.

რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში? იმისთვის, რომ ოქროს ზოდები მიპოვეს? პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამოატრიალეს ჩემი სახლი - რა იპოვეს, დოლარები იპოვეს? თუ ლუკმა მოვპარე ჯარისკაცს და ჯარი გავძარცვე? არა, მე საქართველო რომ მიყვარს და რომ ვუყურებდი ხალხს როგორ ჩაგრავდნენ, მათ შორის ამ დარბაზებში, გულმა რომ არ გამიძლო, აი, მაგიტომ ვზივარ მე ციხეში, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი....“ - განაცხადა ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე 31 მარტს, როდესაც მისთვის ახალი ბრალის წარდგენა განიხილებოდა.

2026 წლის 12 მარტს ეუთომ 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარესამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია. ეს აკრძალვა ბრალდების მხარემ ტერორიზმის მეორე ეპიზოდზეც აამოქმედა.

ტერორიზმის პირველი საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. მეორე - უფრო ახალ საქმეს, თუმცა უფრო ძველ ეპიზოდს ჯერ წინასასამართლო სხდომის ეტაპი არ გაუვლია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG