Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ დავიბრუნებთ „სკვითების ოქროს“, შემდეგ - ყირიმს


"სკვითების ოქროს" გამოფენის ექსპონატი
"სკვითების ოქროს" გამოფენის ექსპონატი

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ 25 ოქტომბერს დაადგინა, რომ „სკვითების ოქროს“ გამოფენის ყირიმის მუზეუმების ექსპონატები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ერთი თვით ადრე, 2014 წლის თებერვალში, ამსტერდამის გამოფენაზე გატანილი ოქროს უნიკალური არტეფაქტების უკრაინისათვის დაბრუნების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უწოდა „ნანატრი გამარჯვება“.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ, რაც ჩვენია. ჯერ დავიბრუნებთ „სკვითების ოქროს“, შემდეგ კი ყირიმს“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა.

წერტილის დასმას ამ ისტორიაში ნაადრევად მიიჩნევს რუსეთი, სადაც განაცხადეს, რომ ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს „პოლიტიზებულ“ გადაწყვეტილებას ნიდერლანდის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ორი ათასამდე ექსპონატის „ოდისეა“

რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიამდე ერთი თვით ადრე „სკვითების ოქროს“ უნიკალური კოლექცია ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში ჩაიტანეს. გამოფენა, რომლის სახელწოდებაც იყო „ყირიმი: შავი ზღვის ოქრო და საიდუმლო“, ალარდ პირსონის ცნობილ მუზეუმში 2014 წლის 7 თებერვალს გაიხსნა და 2014 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

ექსპოზიცია შედგებოდა უკრაინის ხუთი მუზეუმის ექსპონატებისგან, აქედან ოთხი მუზეუმი ყირიმში მდებარეობს, ხოლო ერთი - კიევში. გამოფენაზე გამოტანილ 2000-მდე არტეფაქტს შორის იყო „სკვითების ოქროს“ უნიკალური ექსპონატები - ცერემონიალური ჩაფხუტი, ძველი ბერძნებისა და სკვითების ხმლები და სხვადასხვა ძვირფასი ქვა.

2014 წლის მარტში, როდესაც ამსტერდამში გამოფენა ჯერ კიდევ გრძელდებოდა, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა, გააუქმა კიევის კონტროლის ქვეშ არსებული ადგილობრივი საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების შტოები და დაიწყო მზადება უკანონო რეფერენდუმის გზით ყირიმის ანექსიისთვის.


უკრაინის მხარემ ყირიმის 4 მუზეუმიდან გადატანილი სკვითების ოქროს ექსპონატების უკრაინაში დაბრუნება მოითხოვა და შესაბამისი საჩივრით ნიდერლანდის სასამართლოს მიმართა.

„ჩვენ სასამართლოს ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ყირიმში გრძელდება მოსახლეობის რუსიფიკაციის პოლიტიკა, უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება და ამ მემკვიდრეობის მეტ-ნაკლებად ძვირფასი ექსპონატების გატანა რუსეთის, კერძოდ, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მუზეუმებში. ჩვენ ყველა ვხედავთ იმ დანაშაულს, რაც სწორედ ახლა ხდება ყირიმის ბახჩისარაის სასახლეში, სადაც ე.წ. რესტავრაციის საბაბით ხდება ყირიმელი თათრების ამ მნიშვნელოვანი მიღწევის ბარბაროსული განადგურება“, - განაცხადა 2016 წელს სასამართლოს სხდომაზე ნიდერლანდში ჩასულმა უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა.

2016 წლის დეკემბერში ამსტერდამის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ კოლექცია უკრაინას ეკუთვნის.

მაგრამ 2017 წლის იანვარში ყირიმის მუზეუმებმა დაიწყეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, რის გამოც „სკვითების ოქროს“ ოდისეა კიდევ 4 წლით გაგრძელდა.

აღფრთოვანებული კიევი და გაწბილებული რუსეთი

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ „სკვითების ოქროს“ ექსპონატები უკრაინას დაუბრუნდება.

კიევი 7 წელია ელოდება მსოფლიო კულტურის ამ უნიკალური საგანძურის დაბრუნებას.

„ამსტერდამის სასამართლოში დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოვიპოვეთ. „სკვითების ოქრო“ უკრაინაში დაბრუნდება. მადლობას ვუხდით სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ, რაც ჩვენია. ჯერ დავიბრუნებთ „სკვითების ოქროს“, შემდეგ კი ყირიმს“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა.


უკრაინის მთავრობა უკვე მსჯელობს იმაზე, თუ სად დააბინავებს დაბრუნების შემდეგ ოქროს საგანძურს.
ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, „კიევის სოფიას“ ეროვნული ნაკრძალი, იგივე კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის ტერიტორია დაასახელა.

„ისინი (ექსპონატები) დაცული იქნება უკრაინაში. ცხადია, ამოვირჩევთ ადგილს და განვიხილავთ ამას კულტურის სამინისტროსთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მოიძებნება ბევრი ადგილი, სადაც ეს საგანძური ღირსეულად და საიმედოდ იქნება დაცული“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს, კიროვოგრადის ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს.

მაგრამ ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის იმ მუზეუმების ხელმძღვანელები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ „სკვითების ოქროს“ საგანძურზე. ანექსირებულ ქალაქ სიმფეროპოლის „ტავრიდის ცენტრალური მუზეუმის“ დირექტორმა, ანდრეი მალგინმა, ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა.

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიზებული“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ყირიმის მუდმივი წარმომადგენლობის საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრ მალახოვმა. სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ნიდერლანდის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 26 ოქტომბრის დადგენილებას და მისი აღსრულება შეჩერდება.

რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც ფიქრობენ, რომ „სკვითების ოქრო“ რუსეთის ფედერაციაში უნდა დაბრუნდეს.

„ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია, ვინაიდან „სკვითების ოქრო“ წარმოშობით ყირიმიდანაა. ყირიმი კი რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და, შესაბამისად, საგანძური თავის მუდმივ ადგილსამყოფელს უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა სამშაბათს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა.

ერთია, რას აცხადებენ რუსი სენატორები და პოლიტიკოსები და მეორე - ნიდერლანდის პოზიცია და უკრაინის არგუმენტები, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის უპირობოდ სარწმუნო აღმოჩნდა.

ნიდერლანდი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის შეერთებას, რის გამოც სასამართლოს დაეკისრა იმის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაბრუნებოდა „სკვითების ოქროს“ კოლექცია - რუსეთს თუ უკრაინას.

2014 წელს „ღირსების რევოლუციის“ შედეგად უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ კრემლმა ნახევარკუნძულზე ჯარები შეიყვანა და სამხედრო კონტროლის პირობებში ჩაატარა რუსეთთან მიერთების შესახებ უკანონო რეფერენდუმი. ყირიმის ანექსიის საპასუხოდ ევროკავშირმა მოსკოვს 2014 წელს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG