Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კიევის აღება შესაძლებელია, მაგრამ რუსები ამას ვერ მოახერხებენ, და აი რატომ“ - ურბანული ომის ექსპერტის განმარტებები


ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, მაიორი ჯონ სპენსერი
ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, მაიორი ჯონ სპენსერი

მაიორი ჯონ სპენსერი ურბანული ომის მსოფლიოში აღიარებული სტრატეგია. “მცირე სახელმძღვანელო ურბანული დამცველისთვის” - რჩევების კრებულს, რომელიც სპენსერმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაწერა, არა მარტო უკრაინაში იყენებენ. ბუკლეტი 14 ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა რეკომენდაციას მისცემდა ურბანული ომის სპეციალისტი საქართველოს: “ესაა, ტოტალური თავდაცვის იდეა. მოსახლეობას, და არა მხოლოდ ჯარს და მთავრობას, უნდა ჰქონდეს სურვილი და მზადყოფნა, მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს. თუ ხალხი დამპყრობლებს არ ურიგდება, თუ ის მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ჯარებსაც კი გაუჭირდებათ ამ ტერიტორიის დაკავება“, - ამბობს ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, რომელთანაც საუბარი ვაჟა თავბერიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ბლიც-ვიზიტზე შეკითხვით დაიწყო.

ჯონ სპენსერი: ის ჭეშმარიტი ლიდერია, ისტორიული მასშტაბის ლიდერი. ის რისკი, რაც მან გასწია, როდესაც ბახმუტში ჩავიდა, როდესაც ჩვენთან ჩამოვიდა - სწორედ მის ლიდერობაზე მეტყველებს, იმაზე, რომ ის საფრთხეებს არ უშინდება საკუთარი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, ნებისმიერი გზით თავიდან მოეშორებინა ეს ლიდერი, რომელიც ასე ჰგავს ჩერჩილს [უინსტონ ჩერჩილი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს], მაგრამ უკრაინის ომი მეტია, ვიდრე ზელენსკი. პუტინის გამარჯვება მთელი დანარჩენი მსოფლიოს დამარცხებაა. ზელენსკიმ თქვა - ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს, ოცდამეერთე საუკუნის არქიტექტორად მოგვევლინოს. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ: უკრაინისთვის მხოლოდ იმდენი დახმარების მიწოდება, რომ მან ომი არ წააგოს. ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ - უკრაინას უნდა მივცეთ ის, რასაც ის ითხოვს, რაც მას ამ ომში გამარჯვებისთვის ჭირდება.“

„პუტინი საკუთარ ზრახვებზე ხელის აღებას არ აპირებს, მას სულაც არ ანაღვლებს თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი შეეწირება ამას.“

რადიო თავისუფლება: 300 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან - სამჯერ მეტი დრო, ვიდრე ფინეთის ზამთრის ომმა გასტანა, ომმა, რომელთანაც ხშირად ავლებენ პარალელებს. მინდა გკითხოთ - სად ვართ დღეს? ვიცი, რომ პროგნოზების გამკეთებლებს არ სწყალობთ, მაგრამ მაინც - თქვენი აზრით, კიდევ რამდენ დღეს გასტანს ეს ომი?

ჯონ სპენსერი: რთული კითხვით ვიწყებთ, რომელსაც მე ასე დავსვამდი - კიდევ რამდენ თვეს? მე არ ვიზიარებ იმ ხალხის მოსაზრებას, ვინც ფიქრობს, რომ ეს ომი წლები გასტანს. დიახ, ომში წინასწარმეტყველება ერთობ უმადური საქმეა, მაგრამ ომს აქვს თავისი მეცნიერება, თავისი ხელოვნება. და ეს მეცნიერება თუ ხელოვნება გვკარნახობს, რომ დღეს უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე ძალიან ძლიერია, და მას ჰყავს ასეთივე ძლიერი მოკავშირეები ბრძოლის ველს გარეთ. სუნ ძი ხომ გახსოვთ? ეს ბრძენი ჩინელი ბერიკაცი გვასწავლის, რომ თუ მტრის დამარცხება გინდა, მისი სტრატეგია უნდა დაამარცხო. პუტინის თავდაპირველი სტრატეგია დამარცხდა ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც კიევის აღება სცადა და არ გამოუვიდა. არ იმუშავა მისმა მეორე სტრატეგიამაც, რომლის მიზანი იყო უკრაინისთვის მოკავშირეების ჩამოშორება. და უშედეგოა მისი ახლანდელი კამპანიაც, რომლის მიზანია უკრაინა გაიყინოს, უკრაინაში სიბნელემ დაისადგუროს, და ეს ტვირთად დააწვეს არამარტო უკრაინელებს, არამედ მის მოკავშირეებსაც. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ამან იმუშავა - უკრაინა მისმა მოკავშირეებმა არ მიატოვეს, მეტიც, აღუთქვეს, რომ მის გვერდით იქნებიან, მანამ, სანამ კიევს ეს დაჭირდება, რათა დაიცვას საკუთარი თავისუფლება და წინ აღუდგეს რუსულ ოკუპაციას. მაგრამ დავუბრუნდეთ პირვანდელ შეკითხვას - კიდევ რამდენი თვე? ვფიქრობ, აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ზრახვებზე ხელის აღებას არ აპირებს, მას სულაც არ ანაღვლებს თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი შეეწირება ამას. მაგრამ რუსულ ჯარს უჭირს, ძალიან უჭირს - მათ სულის მოთქმა სჭირდებათ. პუტინს უნდა, ომი შეანელოს, მას დრო სჭირდება, რომ იმ ათასობით ადამიანს, რომელთაც ძალით უკრა თავი სამხედრო სამსახურში, ცოტაოდენი სამხედრო მომზადება მაინც გაატაროს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერცერთ მიმართულებას, სადაც რუსულ არმიას წინ წაწევა შეუძლია, მათი ერთადერთი მიზანია, ის შეინარჩუნონ, რაც მიიტაცეს და ვგონებ, არც ეს გამოუვათ. ვფიქრობ, მომავალი ზაფხულისთვის უკრაინა რუსულ ჯარს - გარდატეხის წერტილამდე მიიყვანს, იმიტომ რომ რუსეთს აღარ შეუძლია სამხედრო მარაგების შევსება, არ ჰყავს მოკავშირეები, თითქმის აღარ ჰყავს სამხედრო პერსონალი - კარგად მომზადებული ოფიცრები და ზოგადად გაწვრთნილი კადრები სანთლით საძებნია, რადგან მათ უკრაინელები კლავენ. ასე რომ, რუსებს უბრალოდ ბრბოსთვის ხელში იარაღის მიჩეჩება და ფრონტზე გარეკვაღა დარჩათ, რაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკაა, და მაშინაც მხოლოდ იმიტომ იმუშავა, რომ მილიონობით ადამიანზე გვქონდა საუბარი. დღევანდელ, უკიდურესად გართულებულ და გათანამედროვებულ, ახალ ტექნოლოგიებს მორგებულ ომში ეს არ იმუშავებს.

რუსულ ჯარს უჭირს, ძალიან უჭირს - მათ სულის მოთქმა სჭირდებათ. პუტინს უნდა, ომი შეანელოს, რომ იმ ათასობით ადამიანს, რომელთაც ძალით უკრა თავი სამხედრო სამსახურში, ცოტაოდენი სამხედრო მომზადება მაინც გაატაროს.

რადიო თავისუფლება: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ფიქრობს, რომ რუსები სწორედ ამ ტაქტიკას მიმართავენ - ფსონს რიცხოვნობაზე დადებენ და შეეცდებიან უკრაინელებს და მათ პოზიციებს „გადაუარონ“. თქვენ ამბობთ, რომ ეს არ იმუშავებს. მშვენიერი - მაგრამ განვიხილოთ რუსებისთვის უარესი სცენარიც - ეს ხომ უკრაინელებს მეტ სამიზნეებს მისცემს, რაც მეტ მკვდარ რუსს უდრის?

ჯონ სპენსერი: დიახ, ცალსახად ასეა. ამ ტაქტიკის მიზანია, რომ იმდენად დიდი რაოდენობის საზარბაზნე ხორცი მიაწყდეს მოწინააღმდეგის პოზიციებს, რომ მას, უბრალოდ, ტყვიები, ან ამ ტყვიის მსროლელები გამოელიოს. ამ მხრივ კი უკრაინას ძლიერი პოზიცია აქვს - მათ არც საბრძოლო სულის მხრივ უჭირთ და არც ტყვიები გამოელევათ. ასე რომ, დიახ, მეტი და მეტი სამიზნე უკრაინელებისთვის - ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ უფრო დახელოვნდებიან რუსების ამოხოცვაში. თუმცა მეტი რაღა უნდა დახელოვნდნენ? - ისედაც მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ სამხედრო ძალად გვევლინებიან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რუსების განადგურებას ეხება, რადგან ეს საქმე ყველაზე უკეთ გამოსდით. რუსების მიერ არჩეული სტრატეგია მხოლოდ მაშინ იმუშავებდა, თუ ისინი შეძლებდნენ უკრაინელების საბრძოლო და სხვა მარაგების განადგურებას, ბრძოლის ველზე კი დღეს საქმე პირიქითაა - ეს უკრაინელები ანადგურებენ რუსების მარაგებსა და მიწოდების ხაზებს. აი, ამიტომ ამბობენ, რომ მოყვარულები ტაქტიკას განიხილავენ, პროფესიონალები კი ლოგისტიკას. უკრაინას არც ტყვიები გამოელევა და არც ჯარისკაცები. რუსეთს კი არ ჰყავს მილიონი ჯარისკაცი, რომელსაც საზარბაზნე ხორცად აქცევდა. ამ რიცხვისთვის საჭირო იქნება, თავად რუსეთის გადარჩენაზე მიდგეს საქმე - „დედარუსეთისთვის ბრძოლაზე“. და რუსებმა უკვე აჩვენეს, მათ არ სჯერათ, რომ ეს ომი მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. ამიტომაცაა, რომ იმაზე მეტი მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან, ვიდრე მობილიზაციას შეუერთდა.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ლოგისტიკას - მოახერხებენ რუსები ამ პრობლემის გადაჭრას?

ჯონ სპენსერი: სანამ სანქციები გრძელდება, ვერა. მასშტაბი არ ყოფნით. მიზეზი, რის გამოც რუსებს მილიონიანი არმია არ ჰყავთ, ის კი არაა, რომ მილიონ ჯარისკაცს ვერ მოუყრიან თავს - არა, უბრალოდ, არ შეუძლიათ ლოგისტიკურად გამართონ ეს ყველაფერი და მილიონი ჯარისკაცი მოამარაგონ. უკრაინა ჭკვიანურად უტევს, ისინი არ დგანან, ღია ბრძოლებს თავს არიდებენ, არ აკეთებენ იმას, რაც რუსებს უნდათ - როდესაც ერთ მხარეს ერთი არმია დგას, მეორე მხარეს მეორე და ან ერთი უნდა გაიხარჯოს, ან მეორე - არა, ამის ნაცვლად უკრაინა ებრძვის რუსეთის შესაძლებლობებს, მოახერხოს უკრაინაში დარჩენა და ამას აკეთებს მომარაგების წერტილებისა და გზების განადგურებით. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი შორი მოქმედების იარაღი - დასავლური სარაკეტო სისტემები, რუსეთის სამხედრო მომარაგების გზებზე შეტევისთვის. აი, ამიტომაა, რომ რუსებს არ აქვთ ლოგისტიკური ხერხემალი, რათა მილიონიანი არმია მართონ უკრაინაში - კიდეც რომ მოუყარონ თავი მილიონ ჯარისკაცს და ომში უკრან თავი, გამართული ლოგისტიკის გარეშე ეს მათ არაფერს მისცემს.

„რუსებს არ აქვთ ლოჯისტიკური ხერხემალი, რათა მილიონიანი არმია მართონ უკრაინაში, კიდეც რომ მოუყარონ თავი მილიონ ჯარისკაცს და ომში უკრან თავი“

რადიო თავისუფლება: და მაინც - იმ ძალებმა, რასაც მოსკოვმა მობილიზაციის შედეგად მოუყარა თავი, რუსეთს საშუალება მისცა, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზზე არსებული ყბადაღებული ნაპრალები ამოექოლა. მაგ. თითქმის შეჩერებულია უკრაინელების კონტრ-იერიში ხარკოვში, ლიმანის აღების შემდეგ. და არც ხერსონიდან უკანდახევა გამოდგა ისეთი კატასტროფული რუსებისთვის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ეს ახლადმობილიზებული, შეიძლება არაკომპეტენტური, მაგრამ რაოდენობრივად მრავალრიცხოვანი დანაყოფები. და იმ დროს, როდესაც დასავლეთში კმაყოფილებით ასკვნიან, რომ პუტინის მობილიზაციამ არ იმუშავა, უკრაინის ჯარების მთავარსარდალ ზალუჟნის და ზემოთ ხსენებულ პოდოლიაკს თუ მოვუსმენთ, ისინი ამ ოპტიმიზმს, რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებენ - არ თვლიან, რომ მობილიზაცია რუსეთისთვის აბსოლუტური ფიასკო გამოდგა.

ჯონ სპენსერი: დიახ, ეს მართებული შენიშვნაა. მობილიზებული ხალხის ნაწილი, სამდღიანი მომზადების შემდეგ, რუსებმა სასწრაფოდ გადაისროლეს სამხრეთის ფრონტზე, მაგრამ ამავდროულად, დიდი რაოდენობით ხალხი გაგზავნეს წვრთნებზე, და ეს ხალხი უკრაინაში ჯერ არ ჩასულა. საქმე მობილიზაციის სხვადასხვა ტალღასთან გვაქვს. ასე რომ, მეც ვიზიარებ უკრაინული მხარის პოზიციას. საქმე უკრაინის გეოგრაფიაშია - დასავლეთში ბევრს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანაა, და რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში უკრაინელების შედარებით მცირე ზომის დანაყოფებს უწევთ დიდი რაოდენობის ტერიტორია არა მხოლოდ დაიბრუნონ, არამედ შემდეგ აკონტროლონ და დაიცვან. რუსებს რიცხოვნობის მხრივ მსგავსი პრობლემა არ აქვთ - და რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში, როგორც, თუ სწორად მახსოვს, სტალინმა თქვა, არა? და ამას თავისი გავლენა აქვს, უკრაინელებისთვის ეს პრობლემაა, მათ აქვთ დანაკარგები, უწევთ ახალი ძალების წვრთნა და მობილიზება. და ვფიქრობ, აქ მივდივართ მეორე ფაქტორთან, რომელიც დასავლეთში ბევრს ავიწყდება ხოლმე - ეს არის დრო. რუსეთმა სცადა, დრო ეყიდა იმით, რომ მობილიზებულთა ნაწილი პირდაპირ გარეკა ფრონტის ხაზზე და უთხრა - აქ იდექით და პოზიცია დაიცავით. ზოგან ამან არ იმუშავა, ზოგან კი - იქ, სადაც თქვენვე აღნიშნეთ, ამან ნაყოფი გამოიღო და რუსული პოზიციები გააძლიერა. . ამის პარალელურად, დასავლეთი უკრაინას დიდებულ შეიარაღებას აწვდის, მაგრამ არასაკმარისს და არასაკმარისად სწრაფად ამ ომის უფრო მალე დასამთავრებლად. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ვეხმარებით უკრაინას შეიარაღებით, ესეც რუსეთისთვის ნაჩუქარი დროა. უკრაინელებს მეტი სჭირდებათ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. და რაც უფრო მეტ დროს ვაჩუქებთ რუსებს, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ იმას, რაც მიიტაცეს. რაც უფრო ნაკლებ შორსმსროლელ შეიარაღებას მივაწვდით უკრაინას, მაგალითად, როგორიცაა ATACMS ან უფრო HIMARS -ის სარაკეტო სისტემები, მით უფრო დიდხანს გაჭიანურდება ეს ომი. დასავლეთში უნდა გაიაზრონ, რომ თუ ამ ომის მალე დამთავრება სურთ, მოუწევთ მეტი გაიღონ, და გაიღონ სწრაფად, და თუ პირიქით, სურთ ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, მაშინ განაგრძონ გულისგამაწვრილებელი კონსულტაციები თითოეული შეიარაღების ტიპზე, ნელა, ტაატით გადადგან ეს ნაბიჯები და... უკრაინა მაინც მოიგებს - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ უკვე გაიმარჯვეს. ისინი მიაღწევენ თავიანთ მიზნებს - ესეც უდავოა. საქმე ისაა, რა დრო დასჭირდება და რა მსხვერპლის გაღება მოუწევთ ამისათვის - ეს კი პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენს მიერ მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო შეიარაღების სწრაფად და საჭირო რაოდენობით მიწოდებაზე.

„როდესაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ვეხმარებით უკრაინას შეიარაღებით, ეს რუსეთისთვის ნაჩუქარი დროა.“

რადიო თავისუფლება: არსებობს თუ არა რისკი, რომ თავდაპირველი შოკის შემდეგ, რუსული დანაყოფები, მათ შორის ახლად მობილიზებულები, ასე ვთქვათ გონს მოეგებიან, ადაპტირდებიან და უკეთესად იბრძოლებენ?

ჯონ სპენსერი: ლეგიტიმური კითხვაა. და დიახ, ეს სავსებით რეალური საფრთხეა - რაც უფრო მეტ დროს მისცემ რუსებს, ნაწილი მაინც, დროის გასვლის შემდეგ, უკეთესად ბრძოლას ისწავლის. ახალბედა, უწვრთნელი ხალხიც კი - ეს ყველა ომში ასეა - თანდათან გაიწაფებიან, მიხვდებიან, რა მუშაობს და რა არა. აღჭურვილობა ვერ „სწავლობს“, ადამიანები კი სწავლობენ. ამიტომაც უნდა რუსეთს, ომი შენელდეს - ამ დროს ის ახალი დანაყოფების მოსამზადებლად გამოიყენებს და გაზაფხულზე ისევ წამოიწყებს იერიშს. რუსები ისეთი ყოჩაღები შეიძლება ვერ გამოდგნენ, როგორც უკრაინელები, რომლებმაც ყველანი გაგვაოცეს საკუთარი ადაპტაციისა და ინოვაციის უნარებით, მაგრამ თუ დროს მისცემ, რუსი ჯარისკაციც - რაც არ უნდა უნიათო იყვნენ მათი ხელმძღვანელები - ისწავლიან, როგორ იბრძოლონ უკეთ. დროის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტიც, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ ხოლმე - ეს მოულოდნელობის ეფექტია [element of surprise]. რუსეთს ამის ფუფუნება აღარ აქვს - ვეღარ გააკვირვებს უკრაინას დიდი შეტევით ფრონტის ხაზის ვერცერთ მონაკვეთზე. აი, ამიტომ მგონია კიევზე მეორე იერიში - ბელარუსიდან - ნაკლებად სავარაუდო. თუმცა ვიცი, რომ თავად უკრაინელები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ და ამისთვის ემზადებიან. ისევ სუნ ძის დავუბრუნდეთ - სადაზვერვო ინფორმაციას - მეტოქის ზედმიწევნით შესწავლისა და მოწინააღმდეგის გაოცების, მოულოდნელად თავდასხმის უნარს ის ომის ხელოვნების მწვერვალად მიიჩნევს. უკრაინის დაზვერვა კი თავის რუსულ ოპონენტზე ბევრად უკეთესად მუშაობს, მათ შორის, როდესაც საქმე შეეხება სადაზვერვო მონაცემებს მტრის ზურგიდან. აქ თავის როლს თამაშობს როგორც დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ასევე დასავლური თანამგზავრების [satelites] მიერ “დანახული” სურათი. მათი დაზვერვის ინფორმაცია, ასევე, დასავლური სატელიტური იმიჯები. ასე რომ, რუსეთმა რომც შეძლოს 300 000 ჯარისკაცის მობილიზება და მათთვის ახალი აღჭურვილობის მოძიებაც, ისინი უკრაინელებისთვის უსიამოვნო სიურპრიზის მოწყობას ვერ შეძლებენ, მათ მომზადებულები დახვდებიან. სხვა საქმეა, რომ თუ რუსები ამას მოახერხებენ, თუ ამ რაოდენობის საბრძოლო ძალის მობილიზებას თავს მოაბამენ და მასობრივ შეტევაზე გადავლენ, უკრაინას ამის მოგერიება ალბათ დიდ მსხვერპლად დაუჯდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამ ფასს არ გადაიხდიან და რომ რუსები გაიმარჯვებენ. ეს უბრალოდ ზრდის იმ ფასს, რისი გადახდაც უკრაინელებს უწევთ.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ ხელახალი იერიში კიევზე ნაკლებად სავარაუდოა. გენერალი ზალუჟნი აშკარად არ ფიქრობს ასე, თუ მისი ბოლო ინტერვიუთი ვიმსჯელებთ. და ამიტომ, სანამ უშუალოდ ამ ინტერვიუს განხილვაზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, როგორც ურბანული ომის ექსპერტს - რა არის საჭირო კიევის დასაპყრობად? საერთოდ შესაძლებელია კი ეს?

ჯონ სპენსერი: შესაძლებელია - და მიხარია, რომ ეს მკითხეთ. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ჩავედი ივლისში კიევში, რათა შემესწავლა, მაინც როგორ მოახერხეს უკრაინელებმა კიევის დაცვა რუსებისაგან თებერვალში. თუ რუსეთი კიდევ ერთხელ მიიტანს იერიშს კიევზე, მოუწევს იმ მეთოდებითვე იხელმძღვანელოს, რასაც თებერვალში ეყრდნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მათი ერთადერთი შანსია, კიევის შუაგულში შეაღწიონ, რადგან კიევისთვის ალყის შემორტყმა სრული უაზრობაა და ალბათ შეუძლებელიც, ეს არასდროს ყოფილა რუსების მიზანი. მათ უნდა იპოვონ გზა, რომ კიევის შუაგულში შეაღწიონ, მთავრობა გაანეიტრალონ და რუსეთის დროშა აღმართონ სამთავრობო შენობებზე. თებერვალში ეს რომ მომხდარიყო, შემდეგ წინააღმდეგობის გაწევას დიდად აზრი არ ექნებოდა - კიევის მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს უკრაინის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრია. თუ რუსები კლავენ ზელენსკის, თუ დედაქალაქში უშიშროების აგენტურას ჩანერგავენ, ე.ი. პოლიტიკური მიზანი მიღწეულია. სამხედრო თვალსაზრისით კი, უნდა მიმართო კომბინირებულ საჰაერო-სახმელეთო ოპერაციას, როგორც მაგალითად გოსტომელის აეროპორტის აღების მცდელობისას ვნახეთ. რუსებმა სამი თუ ოთხი სხვადასხვა გზით სცადეს კიევის აღება თებერვალში, მაგრამ მათი მთავარი უპირატესობა იყო სიურპრიზის ელემენტი - და საბოლოოდ თავად დარჩნენ სახტად, რადგან უკრაინული მხარისგან ამხელა წინააღმდეგობას არ ელოდნენ. ახლა აღარც ეს მოულოდნელობის ეფექტი შემორჩათ არსენალში. და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა - თუ უკრაინის მთავარსარდლობა ფიქრობს, რომ ეს შესაძლო რისკია, მაშინ ზალუჟნის მოუწევს ძალების გადასროლა უკან, კიევზე შესაძლო თავდასხმისგან თავის დასაცავად. მაგრამ სამხედრო საქმეში ჩაუხედავი ხალხი, როგორც წესი, ამ განტოლებას ასე ადგენს - ჯარი ჯარის წინააღმდეგ, სინამდვილეში კი ასე მარტივად არასოდესაა საქმე. თუ მილიონობით მშვიდობიან მოსახლეობას არ სურს შენი იქ ხილვა, მაშინ ათასი რამ შეუძლიათ იღონონ, რათა საქმე გაგირთულონ, ტყვიის გასროლის გარეშეც. აი ამიტომაც დავწერე “მცირე სახელმძღვანელო ქალაქის დამცველისთვის („mini-manual for the urban defender”) –და უკრაინამ გამოიყენა ის. მათ ჩახერგეს გზები, დატბორეს მდინარეები, ააფეთქეს ხიდები, მოაწყვეს ჩასაფრებები - ამ ყველაფერმა რუსეთს შესაძლებლობა არ მისცა, სწრაფად ემოქმედა. ასე რომ, განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს კიევის აღება სცადოს იმ მთავარი უპირატესობების გარეშე, რომელიც თებერვალში ჰქონდა - სწრაფი საჰაერო იერიში და მოულოდნელობის ეფექტი. ამიტომაც მგონია თითქმის შეუძლებელი, რომ რუსეთი კიევის ხელში ჩაგდებას მოახერხებს. რაც არ უნდა დააპიროს რუსეთმა, უკრაინა ამას „გაშიფრავს“. ამიტომაც ვარ ასე დაინტერესებული, უკრაინამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები მიიღოს, იმიტომ რომ მას თან ძლიერი რადარი ახლავს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის დანახვა, რაც ცაში ხდება.

„დასავლეთში უნდა გაიაზრონ, რომ თუ ამ ომის მალე დამთავრება სურთ, მოუწევთ მეტი გაიღონ, და გაიღონ სწრაფად, და თუ პირიქით, სურთ ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, მაშინ განაგრძონ გულისგამაწვრილებელი კონსულტაციები თითოეული შეიარაღების ტიპზე, ნელა, ტაატით გადადგან ეს ნაბიჯები“

რადიო თავისუფლება: სწორედ ეს მინდოდა მეკითხა - ზალუჟნიც წუხდა საჰაერო თავდაცვის პრობლემაზე: „როგორ შემიძლია, ჩემს მეომრებს ვთხოვო, იბრძოლონ, როდესაც მათი მეუღლეები და შვილები იყინებიან?“ და თითქოს სწორედ ამ დილემის გადასაჭრელად, თამაშში შემოდის „Patriot-ი” - ნიშნავს თუ არა, ეს რომ „ჰაიმარსის ერის“ შემდეგ ვიხილავთ „პატრიოტის ერას“? ისიც მახსოვს, რომ უკმაყოფილებას ვერ მალავდით ჰაიმარსების მცირე რაოდენობის გამო - ამბობდით, რომ ამერიკას ისინი ათეულობით უნდა მიეწოდებინა კიევისათვის. იგივე პატრიოტებსაც ეხებათ? ახლა ხომ პატრიოტის მხოლოდ ერთი სისტემის გადაცემაზეა საუბარი?

ჯონ სპენსერი: დიახ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც სულ ოთხი „HIMARS-ის“ გადაცემას აპირებდნენ. შეცვალა თუ არა HIMARS-მა თამაშის წესები უკრაინის ომში? ცალსახად. ექნება კი იგივე ეფექტი PATRIOT-ს? - ამ მასშტაბის ალბათ არა, მაგრამ ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და აი, რატომ - აქ საქმე მხოლოდ PATRIOT-ში არაა. Ამ სისტემას შეუძლია ინტეგრირება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაში, რაც ასე სჭირდება ახლა უკრაინას. „PATRIOT-ი თამაშის წესებს ცვლის პოლიტიკური გადმოსახედიდან - თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა ამ დონის შეიარაღებას იღებს, ხელებს გაუხსნის სხვა ქვეყნებსაც, რომ მათაც მიაწოდონ კიევს მსგავსი ტიპის სისტემები. - არაა აუცილებელი, ეს PATRIOT -ი იყოს. სია გრძელია. შეუძლია თუ არა უკრაინას მხოლოდ PATRIOT-ის ხარჯზე გავიდეს ფონს? ცალსახად არა. PATRIOT-ს ვერ დახარჯავ, მაგალითად, ირანულ დრონებზე, ეს იგივეა, ბეღურას ქვემეხიდან ესროლო. და იცით კიდევ რა? თავისთავად მრავლისმეტყველია - ცუდი გაგებით - რომ უკრაინას ახლაღა ვაძლევთ PATRIOT-ს, როდესაც ქვეყანაში წყვდიადმა დაისადგურა - ეს თვეების წინ უნდა გაგვეკეთებინა. ეს არაა უნიკალური, ექსკლუზიური სისტემა - მსოფლიოში 12 ქვეყანას აქვს, არც ახალია - პირიქით, თანამედროვე გადმოსახედიდან, მოძველებულიც კია. იმედია, რომ უკრაინელებმა უკვე თვეების წინ გაიარეს წვრთნები, თუ როგორ უნდა მართონ ის და ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც არ ავითრევთ ფეხს და ეს სარაკეტო სისტემა უკრაინაში დროულად ჩავა. რაც უფრო დიდ დროს მოვანდომებთ ამას, მით უფრო დიდ მსხვერპლად დაუჯდება ეს უკრაინას, რადგან რუსეთი ამ დაბომბვის სტრატეგიას, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა ის, არ მოეშვება, სანამ არ შევაჩერებთ.

რადიო თავისუფლება: ზალუჟნის ძალიან კონკრეტული სია აქვს, რასაც ითხოვს. მან თქვა რომ 300 ტანკი, 600-700 ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება. ისმის კითხვა - მისცემს კი დასავლეთი მას ამ ყველაფერს? თუ ჩათვლიან, რომ მისი საყიდლების სია ზედმეტად ძვირია?

ჯონ სპენსერი: ზედმეტად ძვირი არ არის - დასავლეთი თუ ერთსულოვნებას გამოავლენს, თუ დასავლეთს სურს, ლიდერის როლი იტვირთოს და უკრაინას სრული გამარჯვება რაც შეიძლება სწრაფად მოუტანოს, საერთო ძალისხმევის შედეგად შეუძლიათ ერთ კვირაში მისცენ ზალუჟნის, რასაც ითხოვს - ეს ნამდვილად არაა შეუძლებელი სია., აქ არაფერია სუპერ-თანამედროვე ტექნოლოგიებიდან. ერთ-ერთი საბაბი, რითაც ხშირად ამართლებენ უკრაინისთვის გარკვეული ტიპის შეიარაღებების გადაცემაზე უარის თქმას ან ფეხის თრევას, არის ყოველთვის შემდეგი: ეს ტექნოლოგია რომ მტერს ჩაუვარდეს ხელში? ეს სრული მონაჩმახია, რადგან ყველა ეს ტექნოლოგია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა, რუსეთის ან ჩინეთის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. დღეს კი უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ რეჟიმს უპირისპირდება - უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ის ევროპისთვისაც იბრძვის. ასე რომ ის, რომ ევროპა ვერ იმეტებს შეიარაღებას უკრაინისთვის, რომელიც მისთვის, ევროპისთვის პოტენციურად ერთადერთ აგრესორს ებრძვის - ეს სრული უგუნურებაა. უგუნურებაა ისიც, რომ გერმანიას დღემდე არ მიუწოდებია უკრაინისთვის ლეოპარდ- 2 ტიპის ტანკები და კიდევ ბევრი რამ. დღეს კულისებს მიღმა გაცხარებული პოლიტიკური დებატებია, რათა გამოთვალონ რისკი - რა უბიძგებს რუსეთს ესკალაციისკენ და რა არა? კონფლიქტი უკრაინას ხომ არ გასცდება? თითქოს რუსეთ-უკრაინის ომი უბრალო დისპუტი იყოს საზღვრების თაობაზე. ეს ბევრად მეტია - აქ სასწორზე დევს სუვერენიტეტი, სასწორზე დევს თვითგამორკვევის უფლება. რუსეთი სწორედ იმიტომ სჩადის უკრაინაში იმას, რასაც სჩადის, რომ ფიქრობს, რომ ეს გაუვა, რომ მსოფლიოს ამაზე ჯეროვანი რეაგირება არ ექნება. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენც იგივე თამაშს ვთამაშობთ - მოდით, ეს და ეს მივცეთ უკრაინას, აი, ეს კი არ მივცეთ, რომ რუსეთმა უარესი არ ჩაიდინოს. მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?

„გულხელდაკრეფილი ვიჯექით და ვუყურებდით, როგორ ბნელდებოდა უკრაინაში, ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ეს აღგვეკვეთა. ჰოდა, რატომაც არ უნდა დაარტყას უკრაინამ ბაზებს, საიდანაც თავად უკრაინას ურტყამენ? ამაზე დავა სისულელეა.“

რადიო თავისუფლება: მაგალითად, ბირთვულ იარაღზე გადავიდეს - რაც ბევრს აშფოთებს.

ჯონ სპენსერი: გადავა და ეს იქნება კიდეც რუსეთის აღსასრული - რუსეთს, რომელიც უკრაინას ვერ ამარცხებს, ნატოსთან შანსები არ აქვს. რა თქმა უნდა, ყველას აფიქრებს ბირთვული ომის რისკი, და სამართლიანადაც - რუსეთი აჩვენებს რომ არასტაბილური საერთაშორისო აქტორია ბირთვული იარაღით ხელში. კი, ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ამაზე ფიქრით ზოგი ისეთ შიშს ჰყავს ატანილი, რომ მზად არიან, პუტინის საამებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი თქვან, ისხდნენ და უყურონ, თუ როგორ თელავს ფეხქვეშ რუსეთი ყველა წესს და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია, უყურონ გენოციდსა და რეკოლონიზაციას. [ მცდარია] მოსაზრება, თითქოს უკრაინას არ უნდა მივცეთ იარაღი, რომელიც რუსეთის ტერიტორიას მისწვდება, – პირიქით, მათ ცალსახად უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ყველა კოხტა მანევრი, რაც უკრაინელებისგან ვნახეთ, იყო როდესაც მათი მოდიფიცირებული დრონი რუსულ სტრატეგიულ ბაზას „ესტუმრა“, ბაზას, საიდანაც რუსეთი დაუსჯელად ბომბავდა უკრაინას, დანარჩენი სამყარო კი გულხელდაკრეფილი ვისხედით და ვუყურებდით, როგორ ბნელდებოდა უკრაინაში. , ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ეს აღგვეკვეთა. ჰოდა რატომაც არ უნდა დაარტყას უკრაინამ ბაზებს, საიდანაც თავად უკრაინას ურტყამენ? ეს ხომ სისულელეა. ასეთივე სისულელე იყო, როდესაც დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას სთხოვეს გერასიმოვი არ ამოეღოთ მიზანში, როდესაც ეს უკანასკნელი იზიუმში ბრძანდებოდა. მსგავსმა პოლიტიკურმა მაქინაციებმა უკრაინას მხოლოდ და მხოლოდ მეტი ტანჯვა მოუტანა. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ვამაყობ, რომ ასე ვეხმარებით უკრაინას, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ რამდენი დრო ჭირდება თითოეული ასეთი ნაბიჯის გადადგმას.

„პატრიოტი“ თამაშის წესებს ცვლის პოლიტიკური გადმოსახედიდან - თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა ამ დონის შეიარაღებას იღებს, ხელებს გაუხსნის სხვა ქვეყნებსაც, რომ მათაც მიაწოდონ კიევს მსგავსი ტიპის სისტემები.“

რადიო თავისუფლება: კითხვის ნაწილი, მგონი, მაინც უპასუხოდ დაგვრჩა - მისცემენ უკრაინას იმას, რასაც ზალუჟნი ითხოვს?

ჯონ სპენსერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ არა იმ რაოდენობით, რასაც ითხოვს, და არა ერთიანად.. მსოფლიოს რატომღაც უნდა უკრაინის მეტი ტანჯვა იხილოს, სანამ ხელს გაანძრევს. მეტი ბუჩა, და მეტი ირპენის ხილვა სურთ. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში უნდა ჩამობნელებულიყო, სანამ თავს მოვაბამდით თუნდაც იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო, არაფერ კარგზე არ მეტყველებს. რამდენ რამეს მივაწვდით უკრაინას ამ სიიდან შემდეგი 6 თვის განმავლობაში? ალბათ ბევრს. მაგრამ მე მინდა გლობალურმა ლიდერებმა, ხმა ამოიღონ და თქვან - კი ბატონო, თქვენ ამას მიიღებთ. იმიტომ რომ ეს ასე მარტივია, მეტი არაფერი სჭირდება, გარდა ლიდერობისა. მაგრამ ეს არ ხდება, და ამიტომაც მიჭირს დავმალო, თუ როგორი გაწბილებული ვარ - ყველამ ვიცით, რომ უკრაინა მოიგებს. მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთის ეს გადამწყვეტი ლიდერობა არ ჩანს, მას ეს გამარჯვება ბევრად უფრო ძვირად დაუჯდება, და ამ გამარჯვებისთვის ლოდინი უფრო დიდხანს მოუწევს, ვიდრე საჭიროა.

რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვა ზალუჟნის ინტერვიუზე - ის ამბობს, და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეთანხმებით, რომ 10 ჯერ და 15-ჯერ უფრო რთულია ტერიტორია გაათავისუფლო, ვიდრე ის დაიცვა. რას მოასწავებს ეს იმ მიწებისთვის, რეგიონებისთვის, რომელთა დატოვება უკრაინელებს უკვე მოუწიათ? იმიტომ რომ მათ მოუწევთ ამ რეგიონების დაბრუნებაც - იქნება ეს დონბასი, ლუგანსკი თუ თუნდაც მარიუპოლი. როგორ მოახერხებენ ამას?

ჯონ სპენსერი: ზალუჟნი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს - ბევრად უფრო რთულია შენი ტერიტორიის დაბრუნება, რადგან მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, შენ გიწევს საკუთარ ტერიტორიას გაუფრთხილდე -შენ განურჩევლად არ ბომბავ, მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას ვერ დააყენებ საფრთხის ქვეშ. იმდენი შეზღუდვა გაქვს, რომ საბოლოო ჯამში გიწევს შენი ჯარისკაცები უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგნენ, რათა მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას მოუფრთხილდე. როგორ აარიდებ ამას თავს? ამას ახერხებ მაღალი სიზუსტის იარაღებით, მძიმე აღჭურვილობით, ყველაფერი იმით რასაც ზალუჟნი ითხოვს, რათა დაიბრუნოს მიწები. მათ დასჭირდებათ ძალიან ბევრი ტანკი, მაღალი სიზუსტის არტილერია და ჭურვები. ისინი არ დაანგრევენ თითოეულ შენობას შეტევისას, როგორც ამას რუსები აკეთებენ. პირიქით, რაც ვნახეთ, არის ის, რომ ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ პირველი, რასაც უკრაინელები აკეთებენ, აღდგენითი სამუშაოებია. ამას გარდა, დასჭირდებათ სისწრაფე, მობილურობა - ვფიქრობ, ხალხს გააზრებული არ აქვს, რამდენად დიდი პრობლემაა სამხედრო ტრანსპორტის დეფიციტი უკრაინისთვის. ამიტომ იყო, რომ სექტემბრის კონტრ-იერიშისას ვნახეთ, რომ უკრაინელი სამხედროები ზოგჯერ სატვირთო მანქანებითაც გადაადგილდებოდნენ. სიჩქარე, მობილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაა უკრაინელების „საყიდლების სია“ ასეთი გრძელი, თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათ ეს ყველაფერი დასჭირდებათ.

რადიო თავისუფლება: როგორც ურბანული ომის ექსპერტი, დღეს უკრაინის გენშტაბის წევრი რომ იყოთ და მორიგი კონტრ-იერიშის დაგეგმვაში იღებდეთ მონაწილეობას, რომელ რეგიონზე შეაჩერებდით არჩევანს?

ჯონ სპენსერი: აუცილებლად ზაპოროჟიეზე. ვფიქრობ, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას რაიმე მსგავსი სია თუ აქვს, ის ზაპოროჟიეთი დაიწყება.

რადიო თავისუფლება: ოლქს გულისხმობთ თუ ატომურ სადგურს?

ჯონ სპენსერი: ოლქს. ატომურ სადგურს რაც შეეხება, საკმარისია უბრალოდ ალყა შემოარტყა და პერიმეტრი აკონტროლო. და კიდევ ერთი რამ - ყველას აინტერესებს, რატომ ვერ ვიხილეთ ურბანული ომი უშუალოდ ხერსონში - მაგალითად, რატომ არ მიდიოდა ბრძოლა თითოეული სახლისთვის, შენობისთვის, როგორც როგორც წესი, ამ დროს ხდება ხოლმე. იმიტომ, რომ უკრაინამ საქმე აქამდე არ მიიყვანა, ჭკვიანურად იომა - რუსებს თუ იქ გამოკეტავ, გზებს თუ დაუხშობ, ისინი თავს არ შეაკლავენ ქალაქის დაცვას. რუსებს არ უნდათ გმირული სიკვდილი. ამიტომ დასჭირდა მარიუპოლის აღებას 80 დღე - იმიტომ რომ იქ იყვნენ უკრაინელები, რომლებიც მზად იყვნენ, დაღუპულიყვნენ ქალაქის გადასარჩენად. ერთი რუსიც კი არ მეგულება, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე გასწიროს უკრაინის მიწის ნებისმიერი ნაგლეჯის შესანარჩუნებლად და სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვას იგი. ზაპოროჟიეშიც აუცილებელი არაა ურბანული შეტაკება ვიხილოთ - იმედია, არც მოგვიწევს. ვფიქრობ, ზაპოროჟიის ოლქი [უკრაინის თავდაცვის ხაზის] მთავარი კომპონენტი გახდება ძალიან მალე. რაც ვნახეთ, არის ის, რომ ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, კეთდება გააზრებულად. ზოგ ადგილებში წარმოუდგენელი რამეები გაახერხეს, ამ გათვლებისა და ჭკვიანური ნაბიჯების ხარჯზე.. ახლა მათ შეიძლება მოუწიოთ ლოდინი, ვიდრე საჭირო საბრძოლო მარაგებს მიიღებენ - არტილერია ჯერ კიდევ ომის მეფედ რჩება, ამიტომაც სჭირდებათ მეტი მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები და მეტი აღჭურვილობა; ჯერ კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ, რომ წინ წაიწიონ.

„დასავლეთი თუ ლიდერის თვისებებს გამოავლენს, შეუძლია ერთ კვირაში მისცეს ზალუჟნის, რასაც ითხოვს... უგუნურებაა, რომ გერმანიას დღემდე არ მიუწოდებია უკრაინისთვის ლეოპარდ 2 ტიპის ტანკები“

რადიო თავისუფლება: და თუ უფრო დეტალურად ავირჩევთ სამიზნეს - მელიტოპოლი?

ჯონ სპენსერი: ცალსახად. ყველა ასეთი გადამწყვეტი ადგილი ფრონტის ხაზზე ასაღებია- დასაბრუნებელია. ამას გარდა, უკრაინამ აჩვენა, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის რუსების ძლიერი და სუსტი მხარეები - რუსეთს უნდა დიდი ბრძოლა, დიდი შეტაკება, სადაც მათ უპირატესობა ექნებოდათ. უკრაინა კი ჭკვიანურად იქცევა, მეტოქის წესებით თამაშს თავს არიდებს, ეს მორიგი გაკვეთილია სუნ ძისგან, რომელიც მათ კარგად ისწავლეს.

რადიო თავისუფლება: ინტერვიუს განმავლობაში, რამდენჯერმე გადაჭრით თქვით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მთავარი არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობთ ასე?

ჯონ სპენსერი: პირველი - მათ აქვთ საბრძოლო სული, მხნეობა და მზადყოფნა, ბოლომდე იბრძოლონ, სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევენ. მეორე - თუ რამე გამეგება ომში, ეს ისაა, რომ გამარჯვებასა და დამარცხებას შენი მოკავშირეები განსაზღვრავენ. უკრაინას კი მთელი დემოკრატიული სამყაროს არსენალი უმაგრებს ზურგს - რინგზე უკრაინის კუთხეში 50-ზე მეტი ქვეყანა დგას, რუსეთის გამარჯვება აქ არარეალურია. ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. მაგრამ სამყარომ უნდა თქვას არა მხოლოდ - გვსურს უკრაინამ მოიგოს, არამედ: უკრაინამ უ ნ დ ა გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს უკრაინისთვის, უნდა გაიმარჯვოს ევროპისთვის, უნდა გაიმარჯვოს მთელი სამყაროსთვის. და ეს ფაქტია, თუკი გეოპოლიტიკის რამე გაგეგება.

რადიო თავისუფლება: ბოლოს საქართველოზეც გკითხავთ - საქართველოსთვის რა რჩევები გექნებოდათ, როგორც ურბანული ომის სპეციალისტს, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს, ცხინვალში, სწორედ ურბანული ბრძოლები იყო მოვლენათა ეპიცენტრში?

ჯონ სპენსერი: საინტერესოა, ამას რომ მეკითხებით, იმიტომ რომ ჩემი სახელმძღვანელო ახლა ქართულადაც ითარგმნება და უკვე 14 ენაზეა გადათარგმნილი. ვერ დავიჩემებ, რომ 2008 წლის ომი ზედმიწევნით მაქვს შესწავლილი, ყარაბაღის მეორე ომისგან განსხვავებით, ცოტა ხნის წინ იქ ვიყავი კიდეც. რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციებს, მეტწილად იგივე იქნებოდა, რაც უკვე წერია ჩემს მინი-სახელმძღვანელოში: პირველ რიგში, ტოტალური თავდაცვის იდეა. სამხედრო აგრესორისთვის აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობა დააჩოქოს, აკონტროლოს, რათა მათ ვერანაირი წინააღმდეგობა გასწიონ, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამხედრო... რუსეთს ეს დიდ თავისტკივილად ექცა უკრაინაში. და თუ ხალხი დამპყრობლებს არ ურიგდება, თუ ის მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ჯარებსაც კი გაუჭირდებათ ამ ტერიტორიის დაკავება - აი, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის უკრაინის ომისგან. მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი მზადყოფნა, იბრძოლონ - თუნდაც უიარაღოდ - ამოსავალი წერტილია ურბანული ომისა. ასეთი მოსახლეობის ასალაგმად აგრესორმა სასაკლაო უნდა მოაწყოს, რაც უდრის საერთაშორისო იმიჯის დასამარებას და ზოგჯერ სხვა ქვეყნების მის წინააღმდეგ დარაზმვას. ურბანული ბრძოლების გასაღები ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან- ისინი ან ეხმარებიან ან წინ ეღობებიან სამხედროებს. მიზეზთა გამო, მშვიდობიან მოქალაქეები ხშირად არ წევენ წინააღმდეგობას და ეს სამხედროების მათი მიზნების სწრაფად მიღწევის საშუალებას აძლევს - და - სწორედ ამის იმედი ჰქონდა რუსეთს, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. ასე რომ მოსახლეობას, და არა მხოლოდ ჯარს და მთავრობას, უნდა ჰქონდეს სურვილი და მზადყოფნა, მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG