Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკის თქმით, საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც „ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან“

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ „ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან“ და საქართველო „მათ შორის არ არის“, რაც „დასანანია“, თუმცა „იმედს არ კარგავს, რომ დროებითია“.

ეს განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღის გახსნით ღონისძიება გააკეთა, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

ევროკავშირის საელჩოში აცხადებენ, რომ წლევანდელი ევროპის დღეები ევროპულ გამოგონებებს ეძღვნება და თბილისის შემდეგ ბათუმში გრძელდება.

„„შავი ზღვის მარგალიტი“ ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას.

ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი. ევროპის ძალაც, არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა.

სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.

მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.

30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი.

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.

ახლა კი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო წინ!“, - ეს სიტყვა წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან მედიის კითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე, მიიწვიეს თუ არა ევროპის დღის ღონისძიებაზე ბათუმში, მთავრობის წარმომადგენლები, განაცხადა, რომ „ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა“.

ევროკავშირის საელჩოში აცხადებენ, რომ წლევანდელი ევროპის დღეები ევროპულ გამოგონებებს ეძღვნება და თბილისის ევროპის დღის შემდეგ ახლა უკვე ბათუმისკენ მიემგზავრებიან ევროპელი ნოვატორები და საკულტო ფიგურები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG