საგარეო ვაჭრობის უცვლელი პრიორიტეტები

"საქსტატმა" წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 721 მლნ დოლარი იყო (40%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 2 მილიარდ 231 მლნ დოლარი (13%-ით მეტი). შედეგად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა (3%-ით მეტი).

თუ უფრო დიდ შესადარებელ პერიოდს ავიღებთ, იკვეთება, რომ 2010 წლის იანვარ-ივნისში, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26%-ით, ექსპორტი _ 9%-ით, იმპორტი კი 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-ივნისში ის 37%-ით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.

სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა – მის წილად ექსპორტის 18% და 129 მლნ დოლარი მოდიოდა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 87 მლნ დოლარი შეადგინა (ექსპორტის 12%),Mმესამე ადგილზე კი კვლავ შავი ლითონების ჯართი დარჩა (55 მლნ დოლარი და 7,6%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო (292 მლნ დოლარი, იმპორტის 13%), მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფია (144 მლნ დოლარი, 6%), მესამეზე _ სამკურნალო საშუალებების იმპორტი (94 მლნ დოლარი, 4%).

იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 771 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია (ექსპორტი _ 137 მლნ დოლარი, შარშანდელზე 22%ით მეტი, იმპორტი – 634 მლნ დოლარი, 15%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის ექსპორტის 19% და იმპორტის 28%. ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის მესამედიც.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-ივნისში 945 მლნ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 25%-ით მეტი), აქედან ექსპორტი 273 მლნ დოლარი დაფიქსირდა (52%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 672 მლნ დოლარი (17%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32% იყო, მათ შორის ექსპორტის 38% და იმპორტის 30%. ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26%.

რაც შეეხება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის უპირველესი კვლავაც იყო თურქეთი (496 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვა), რომელსაც დიდი ჩამორჩენით მოჰყვებიან აზერბაიჯანი (299 მლნ დოლარი) და უკრაინა (287 მლნ დოლარი).