კოკოითი ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მოქმედებებს გმობს და მათ კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედების მკაცრად აღკვეთით იმუქრება.

ოპოზიციის წინააღმდეგ განცხადებები დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ცხინვალში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა. კოკოითის აზრით, ნებისმიერი პრობლემის განხილვა ცხინვალში უნდა ხდებოდეს და არა მის ფარგლებს გარეთ, რაც სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას უწყობს ხელს. დე ფაქტო ლიდერის თქმით, იგი მზადაა კონსტრუქციულ და პროგრესულ ოპოზიციას მეგობრობის ხელი გაუწოდოს და ნებისმიერი პრობლემა მათთან ერთად მრგვალ მაგიდასთან განიხილოს.

მართალია, კოკოითის არ დაუკონკრეტებია დესტრუქციულ ოპოზიციაში ვის გულისხმობდა, მაგრამ ნათელია, რომ მას მხედველობაში „სახალხო ფრონტი“ ჰქონდა. „სახალხო ფრონტი“ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა, რომელმაც კოკოითის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში გამართა. ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და პუტინთან დაახლოებული პირი ჯამბოლათ თედეევი. თედეევი დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლით იმუქრება. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ახსარ კოჩიევი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ტირანთან მოლაპარაკებას არ აპირებენ და კოკოითიმ საერთოდ უნდა დატოვოს პოლიტიკა.

ახლა ცხინვალშიც და მის ფარგლებს გარეთაც ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შევიდა. რეფერენდუმის ჩატარებაზე სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებმა კი უნდა განსაზღვრონ, უნდათ თუ არა, რომ ერთი და იგივე პირი ზედიზედ სამჯერ გახდეს პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, კოკოითის მეორე საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება. გაერთიანებული ოპოზიცია რეფერენდუმის ჩაშლით იმუქრება და პირობას დებს, რომ კოკოითის მესამე ვადით გაპრეზიდენტებას არ დაუშვებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვითარება სულ უფრო იძაბება.