ერაყის ლიდერებს არ სურთ იმუნიტეტის მინიჭება ამერიკელი სამხედროებისთვის

ერაყის პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ არ სურთ ამერიკელი სამხედროებისთვის იმუნიტეტის მინიჭება იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყელების გასაწვრთნელად 2011 წლის შემდეგაც დარჩნენ ერაყში. ამის შესახებ განცხადება გავრცელდა მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც ერაყის შიიტი, სუნიტი და ქურთი პოლიტიკური ლიდერები და ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი მონაწილეობდნენ. განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა როზ ნური შავეზმა წაიკითხა. დოკუმენტის თანახმად, ლიდერები თანხმდებიან, რომ ერაყის სამხედრო ძალებს გაწვრთნა და აღჭურვა სჭირდება, მაგრამ ერაყის ლიდერებს არ სურთ, ვაშინგტონის მოთხოვნის შესაბამისად, ამერიკელი სამხედროებისთვის იმუნიტეტის მინიჭება, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას შეუძლებელს გახდიდა. ერაყის ლიდერთა განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ყველა წვრთნა ერაყის ბაზებზე უნდა ჩატარდეს. აშშ-ის ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით უცნობია. აშშ-სა და ერაყს შორის შეთანხმების მიხედვით, ყველა ამერიკელმა სამხედრომ უნდა დატოვოს ერაყი მიმდინარე წლის ბოლომდე, თუმცა, ამერიკელ სამხედროთა ნაწილი, შესაძლოა, დარჩეს ერაყში ადგილობრივი სამხედროების გასაწვრთნელად. ერაყში ახლა 40 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.