იმპროვიზებული აქცია - ”ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას”

სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" წინ პრესის გავრცელების მხარდამჭერი აქცია "ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას" გაიმართა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები, ადვოკატები, რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მედიაექსპერტები. აქციის მონაწილეებმა იმპროვიზებული აქცია გამართეს ფანრებით და ლამპრებით ხელში. მათ აქცია დოლიძის ქუჩის კუთხეში, იმ ადგილას დაასრულეს, სადაც ცოტა ხნის წინ პრესის რეალიზაციის ჯიხური იდგა.
ფანრებით ხელში ვეძებთ იმ ჯიხურებს, რომლებიც ხელისუფლებამ აიღო და მიითვისა ...

ფანრებით და ლამპრებით ხელში, მედიის წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ წინ შეიკრიბნენ იმისათვის, რომ სიმბოლურად მოეძებნათ პრესის რეალიზაციის ის ჯიხურები, რომლებიც თბილისის მერიის პროექტის ”1000 ჯიხურის” ფარგლებში აიღეს. სწორედ ასე, ფანრებით, ლამპრებით და პლაკატებით ხელში, გადაკვეთეს აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას გამზირი და დოლიძის ქუჩის კუთხეში სიმბოლურად იმ ადგილას შეჩერდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ პრესის რეალიზაციის ჯიხური იდგა.

”გამოვედით ჩვენ, მედიის თანამშრომლები. ფარნებით და ფანრებით ხელში ვეძებთ იმ ჯიხურებს, რომლებიც ხელისუფლებამ აიღო და მიითვისა”,- თქვა ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა.

აქციას, რომელიც გაზეთ ”ასავალ-დასავლის” ორგანიზებული იყო, შეუერთდნენ გაზეთები ”რეზონანსი”, ”ყველა სიახლე”, ”ალია ჰოლდინგი”, ”კვირის პალიტრა”, ტელეკომპანია ”მაესტრო”, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტია. აქციის მონაწილეებს ფანრების და ლამპრების გარდა ხელში პლაკატები ეჭირათ, წარწერით - ”ჩვენ ვაშუქებთ, სააკაშვილი აბნელებს”, თუმცა, როგორც „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი იმედოვნებს, ხელისუფლებას მედიის გაშუქებულის დაბნელება არ გამოუვა:
ეს სტიკერები დაიბეჭდება ასეულ ათასობით და მიეკვრება იმ ჯიხურებს, რომლებიც დაიდგმება. რამდენსაც მოაშორებენ, იმდენჯერ მიეკვრება ...

”აშკარაა, რომ არანაირი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა არ მომხდარა იმის გამო, რომ ამ ტენდერებში გაიმარჯვეს მსხვილმა, მილიონერმა კომპანიებმა. მეორე ის არის, რომ თუკი ვინმე დაზარალდა და თუკი რამე გაქრა, ეს არის პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. არათუ ცენტრში, გარეუბნებშიც რომ ეძებოთ დღეს, უკვე იქაც ვერ იპოვით პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს. სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს სრული უფლება დავასკვნათ, რომ ჩვენ ვაშუქებთ და სააკაშვილი აბნელებს. უფრო სწორად, მე ვიტყოდი, რომ ცდილობს ჩააბნელოს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ჩაბნელება ბოლომდე არ გამოუვა.”

მედიის დღევანდელ აქციაზე ითქვა, რომ აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი საპროტესტო გეგმა აქვთ: ისინი აპირებენ იმ ჯიხურებს, რომლებიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ ქალაქში დაიდგმება, ე.წ. სტიკერები მიაკრან, წარწერით: ”აქ არაფერი იყიდოთ, ამან წაართვა პრესას ჯიხური”.

” ეს სტიკერები დაიბეჭდება ასეულ ათასობით და მიეკვრება იმ ჯიხურებს, რომლებიც დაიდგმება. რამდენსაც მოაშორებენ, იმდენჯერ მიეკვრება. ეს არის, უბრალოდ, საჩვენებელი: ”აქ არაფერი იყიდოთ, ამან წაართვა პრესას ჯიხური ”,- თქვა „ალია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბრეგვაძემ მედიის წარმომადგენელთა აქციაზე.

აქციის მიმდინარეობისას გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სპეციალური უნიფორმა ეცვათ, წარწერით: ”მე მიყვარს თავისუფალი პრესა”. ისინი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებით დატვირთულ ურიკებს დაატარებდნენ.
როგორც სულ ცოტა ხნის წინ ”საქართველოს პრესის ასოციაციის” მიერ შექმნილი ”თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ლექსო ჯიქია ამბობს, ეს ადამიანები ცოტა ხანში მთელი თბილისის მასშტაბით ივლიან, რათა დაინტერესებული მკითხველისთვის პრესა ხელმისაწვდომი იყოს და ჟურნალ-გაზეთების ძებნა არ უხდებოდეთ. ლექსო ჯიქიას სიტყვებით, ეს არის მცდელობა, ჯიხურების აღების გამო არ შეფერხდეს ბეჭდური მედიის გავრცელება:

” დღეს არის საპილოტო პროექტი. ამათ ყველას აქვთ თავისი მარშრუტები, თავისი უბნები, სადაც ისინი ივლიან. თავიდან რომ გადავწყვიტეთ პრესის ასე გავრცელება, ძალიან გვაინტერესებდა ხალხის აზრი, ვინმეს გააღიზიანებდა თუ არა, და აი, თქვენ თვითონ ხედავთ, რომ გაღიზიანდა კი არა, განახევრებული აქვთ უკვე ჟურნალ-გაზეთები - ხალხმა შეიძინა ისინი.”

აქციაზე შეკრებილ მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალ წლამდე ეს ჟურნალისტთა ბოლო საპროტესტო აქციაა, თუმცა, მათივე განცხადებით, საპროტესტო შეკრებები ახალი წლიდან ისევ განახლდება.