ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას განიხილება თანამშრომლობის გაფართოების საკითხები

საქართველოში მოახლოებული არჩევნები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება ვაშინგტონში პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას, რომელიც 30 იანვარს გაიმართება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. თეთრი სახლის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წელს აშშ-ისა და საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება. პრესსამდივნოს ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაძლიერების და ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს. თეთრი სახლის პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს სოლიდურ წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში და კვლავ დაადასტურებს აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თეთრი სახლის პრესსამდივნოს ცნობით, პრეზიდენტი აგრეთვე აპირებს მსჯელობას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და რეფორმებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ ტრანსფორმაციას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ.