თბილისში დასრულდა ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა

თბილისში დასრულდა ყვითელი ავტობუსების 1300-მდე მძღოლის ხუთდღიანი გაფიცვა. გადაწყვეტილება გაფიცვის შეჩერების შესახებ ორშაბათს, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. მძღოლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გამოჩნდებიან, კვლავაც ძალაში რჩება მათი მოთხოვნა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ძალაში რჩება მოთხოვნა ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი მძღოლის განმარტებით, გაფიცვა შეწყდა „მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პატივსაცემად“.