დამოუკიდებელი ექსპერტის წინასწარი შეფასებით, ტატუნაშვილის ცხედარზე წამების კვალია

„წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე“ - ამის შესახებ 21 მარტს განაცხადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა, „ემპათია“-მ. ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 20-21 მარტს ჩატარებულ ექსპერტიზაში, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ექსპერტი, ირაკლი თოიძეც.„ემპათია”-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.