ტელეკომპანია "იბერიამ" პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერა

"იბერიის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელისუფლებას ტელეარხზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, საპროტესტო მსვლელობა გამართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ. პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანიამ რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეაჩერა. „საქართველოს პროკურატურას მინიმუმ სისხლის სამართლებრივი ნიშნები მაინც უნდა აღმოეჩინა გუშინდელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. მინიმუმ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა არის ეს. ხალხს ვაჩვენებთ, რომ ჟურნალისტებზე ხდება ზეწოლა," - განაცხადა „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა. გასულ კვირას გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება ტელეკომპანიის დათმობაზე. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „იბერიის“ ჟურნალისტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის გზით ტელეკომპანიაზე ზეწოლასა და მისი ხელში ჩაგდების მცდელობაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ

“იბერია” და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფი,“ რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს რეალიზაციაა, ზეწოლის და ფინანსური პრობლემების შესახებ აცხადებდნენ 2018 წლის თებერვალშიც. მაშინ საუბარი იყო „ომეგა ჯგუფის“ სასამართლო დავაზე „British American Tobacco“-სთან და ამ კომპანიის დემპინგის შედეგად მიღებულ 100 მილიონიან ზარალზე.