ბარზანის პარტიამ გაიმარჯვა ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ არჩევნებში

მმართველმა ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ (KDP) ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ერაყის ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონის საპარლამენტო არჩევნებში. მასუდ ბარზანის პარტიას წილად ხვდა 45 ადგილი, მასთან კოალიციაში მყოფ ქურთისტანის პატრიოტულ კავშირს (PUK) – 21. არჩევნები გაიმართა 30 სექტემბერს, მაგრამ შედეგები მხოლოდ 20 ოქტომბერს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც კომისიამ დაასრულა 1 000-მდე საჩივრის განხილვა საარჩევნო დარღვევების თაობაზე. ერაყის ქურთისტანის პარლამენტში 111 ადგილია, აქედან 11 განკუთვნილია ეროვნული უმცირესობებისთვის. 1990-იან წლებში ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა (KDP) და ქურთისტანის პატრიოტულ კავშირს (PUK) შორის სამოქალქო ომი მოხდა. თუმცა ბოლო წლებში კოალიციაში მყოფნი ძალაუფლებას ინაწილებენ.