ჩაკეტილი ზონა

მარნეულის მთავარ, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც, როგორც წესი, ავტომობილების საცობია ხოლმე, ახლა სიხალვათეა. ასეთი მარნეული არ ახსოვს რავილ მამედოღლუს, პლატფორმა „სალამის“ აქტივისტს, რომელიც სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობს და დღეს აივნიდან ადევნებს თვალს, რა ხდება მისი ქალაქის მთავარ ქუჩაზე.

„ხალხი მაინც დადის, თუმცა ნაკლები. მანქანებითაც გადაადგილდებიან, მაგრამ არც იმდენი, როგორც ჩვეულებრივ, არასაგანგებო სიტუაციის დროს. ალბათ, მაინც ეშინიათ, ფრთხილობენ. პოლიციის მანქანებს უფრო ვხედავ“, - გვეუბნება რავილი და სახელდახელოდ ჩაწერილ ვიდეოს გვიზიარებს.

Your browser doesn’t support HTML5

რავილ მამედოვი ჩაკეტილ მარნეულზე

23 მარტს, მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობამ სხვა რეალობაში გაიღვიძა - ორივე მუნიციპალიტეტი, თავისი სოფლებით, მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ​

ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, ოღონდ თუ შევლენ - ორი კვირა იქაურობას ვეღარ დატოვებენ.

კარანტინის გამოცხადების მიზეზი კორონავირუსის (COVID-19) შიდა გავრცელება გახდა - ეპიდემიოლოგებმა ივარაუდეს, რომ შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მარნეულელი ქალი, რომელიც ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა, მარნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოში რჩება მისი დაც, რომელსაც ვირუსი არ აღმოაჩნდა.

მკაცრი კარანტინის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ორივე ქალაქის შესასვლელები ჩაიკეტა: იქ პოლიცია და სამხედროები განთავსდნენ. მოძრაობას გზებზე განთავსებული 12 საგუშაგო აკონტროლებს. შსს-ს ცნობით, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზებიც.

საგუშაგო პუნქტზე გაატარეს ყველა სატრანზიტო სატვირთო ავტომობილი იმ პირობით, რომ აღარ გაჩერდებოდნენ მუნიციპალიტეტში.

დილით მარნეულის მისადგომებთან ასეთი სურათი იყო:

Your browser doesn’t support HTML5

ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი

ეს კი ბოლნისი-მარნეულის გზაა. მოქალაქეები ცდილობენ გადაადგილებას.

Your browser doesn’t support HTML5

ვითარება ბოლნისი-მარნეულის გზაზე

მარნეულის სოფელ საიმერლოში რჩება და დისტანციურად მუშაობას აგრძელებს თიკო დავაძე, რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი, რომელიც მოგვითხრობს, რომ თავიდან, როცა მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი კარანტინიც გამოცხადდა, ხალხში პანიკა შეინიშნებოდა.

მარნეული დღეს. რადიო მარნეულის ფოტო.

თიკო დავაძის ტელეფონზე არ შეწყვეტილა სატელეფონი ზარები - ურეკავდნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელები და ვითარებაში გარკვევას სთხოვდნენ. ბევრმა მათგანმა, როგორც თიკო ამბობს, ზუსტად არც იცოდა, რა მოხდა.

„ჩემი ოჯახიც ღელავს. ახლა ყველა ველოდებით, რა მოხდება, როდის მოვლენ, რომ ყველა შეამოწმონ, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული დრო ჩვენთვის უცნობია“.

ის, რომ ექიმების ჯგუფი კარდაკარ ჩამოივლიდა და ყველას შეამოწმებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 23 მარტს, შუაღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მალე გაირკვა ისიც, რომ მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს.

ამ დროისთვის მარნეულში მუშაობას განაგრძობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

პატარა მაღაზიებში ცდილობენ, ერთ ადამიანზე მეტი არ შეუშვან.

„თუმცა ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ ხალხი ქუჩაში მაინც დადის. სამოქალაქი აქტივისტებიც წუხდნენ და წერდნენ, რომ ბევრმა არ იცის რა ხდებაო“, - ამბობს თიკო დავაძე.

მარნეული. რადიო მარნეულის ფოტო.

დღეს მთავრობისგან ხალხმა აზერბაიჯანულ ენაზე მესიჯი მიიღო, რომლითაც აცნობეს, რომ კარანტინის ზონაში აიკრძალა გადაადგილება, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა ყველა ობიექტი - გარდა საკვები ობიექტებისა და აფთიაქებისა, და რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც კი უნდა შესრულდეს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.

„ხალხი ბოსტანში მაინც გადის. ნარდის და დომინოს სათამაშოდაც იკრიბებიან, დგანან, ლაპარაკობენ. მე სახლში ვარ, არ გავსულვარ არსად. გუშინდელი ინფორმაციის შემდეგ, იმედია, უფრო გაფრთხილდებიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ ქვემო ბოლნისის მკვიდრმა, მაჰარამ გოიუშლუმ.

ასე გამოიყურება მაჰარამის სოფელი დღეს:

ასე აფრთხილებენ მოსახლეობას მარნეულსა და მარნეულის სოფლებში.

ბოლნისი თითქოს შოკშია, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიკო წიქორიძე, CENN-ის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელიც ბოლნისის ცენტრში, გერმანულ უბანში ცხოვრობს.

თუმცა, მისივე მონათხრობის თანახმად, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში, და განსაკუთრებით ხანდაზმულები, ვისაც არა აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვისაც არა აქვს საკმარისი ინფორმაცია მომხდარზე.

„არ არის საკმარისი მხოლოდ რაღაცის თარგმნა და ელექტრონულად გავრცელება. არის ხალხი, ვინც წერა-კითხვაც არ იცის. მათ არა აქვთ ინტერნეტი და არ უყურებენ ქართულ არხებს. მე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და დილით ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ ისევ საქმეზე ადამიანები, ტაქსის მძღოლები, მაგალითად. რომ ვუთხარით, რაც ხდებოდა, მანამ არ დაიჯერეს, სანამ სახლში არ შებრუნდნენ და ტელევიზორი არ ჩართეს“.

მარიკო ამბობს, რომ ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს, მას შიშიც მეტი აქვს და კითხვაც - სად მოძრაობდა დაინფიცირებული ქალი? ვის შეხვდა? ხომ შეიძლება, რომ პოტენციური ვირუსის მატარებელი სულაც მისი მეზობელი იყოს?

ბოლნისი, გერმანული უბანი

ახლა კარანტინის ზონაში მცხოვრები ხალხი მოელის, როდის მივა ექიმების ჯგუფი მათთან და როდის შემოწმდება ყველა ის ადამიანი, ვისაც, შესაძლოა, კორონავირუსის მატარებელ ქალთან პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი ჰქონდა.