ადვოკატი: მკვლელობაში ბრალდებულების ტანსაცმელზე გარდაცვლილის დნმ არ აღმოჩნდა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულების ტანსაცმელზე გიორგი შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდების მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული სხვადასხვა ექსპერტიზის პასუხები, საქმეში არ ჩადო და პასუხები დაცვის მხარეს, ხელზე გადასცა:

„იცით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, უამრავი ექსპერტიზა იყო დანიშნული. მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ნიადაგის, მიკრონაწილაკური და ა.შ. პასუხები ცნობილია და არცერთ ნაწილში არ არსებობს და არ აღმოჩნდა შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი. ეს არის გამამართლებელი მტკიცებულებები და ჩვენ ეს მტკიცებულებები ჩვენს საქმეზე დავამაგრეთ, რადგან ეს პასუხები აქარწყლებს ბრალდებას. სწორედ ამიტომ თქვა უარი ბრალდების მხარემ მასალების სასამართლოში წარდგენაზე. გეტყვით, რომ კონკრეტულად ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, არჩილ გაგნიძის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, არ ამოვიდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა ან შაქარაშვილის ან სხვა პირის გენეტიკური პროფილი“.

ვასილ მამულაშვილის თქმით, ბრალდების მხარემ ასევე არ განათავსა საქმეში გიორგი შაქარაშვილის ფრჩხილის ანაწმენდის ექსპერტიზის პასუხი:

„ცნობილია ამ ექსპერტიზის პასუხებიც. და არც ამ შემთხვევაში ჩანს ბრალდებულებისა და შაქარაშვილის შემხებლობის კვალი. პასუხების შედეგად, არ ამ ნიმუშზე ამოვიდა ბრალდებულების გენეტიკური პროფილები. სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ბრალდებას, ისევე როგორც დაცვის მხარეს, შეუძლია, რომ რაც არ აწყობს, სასამართლოში არ წარადგინოს. თუმცა, ბრალდება ვალდებულია, რომ მტკიცებულებები, მათ შორის, გამამართლებელი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს გადასცეს. ჩვენც ასე ხელზე ჩავიბარეთ ეს მასალები, რომლებსაც წარვადგენთ სასამართლოში“.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 1000-ზე მეტი ნიმუშის გამოკვლევა, ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მათ შორის, ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, მაგალითად, ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებათა კვალის დადგენას, კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრას, სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრას. მიმდინარეობას ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური კვლევა, ნიადაგის კვლევა და ა.შ.

ბრალდებულების გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა საქმის კიდევ ერთი მთავარი ნივთმტკიცების, გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე, რომელიც გამომძიებლებმა 19 ივნისს, საღამოს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას, არაგვის ხიდის ბეტონის სვეტზე შემოდებული იპოვეს.

ასევე ნახეთ შაქარაშვილის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულთა ნივთმტკიცებების, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მობილური ტელეფონების ამოღება, გამომძიებლებმა დაიწყეს ინციდენტიდან, თითქმის ორი დღის თავზე, 20-21 ივნისის ღამეს.

მაგალითად, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომი მგზავრის, არჩილ გაგნიძის მწვანე ფერის კამუფლირებული მაისური, „ნაიკის“ შორტი და „ადიდასის“ ბოტასები, გამოძიებამ მისგან 20 ივნისს, საღამოს 23 საათისთვის მიიღო, მას შემდეგ, რაც მცხეთის პოლიციაში მისი გამოკითხვა დასრულდა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის მაისური, „ადიდასის“ შავი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი კი გამოძიებამ ამოიღო 21 ივნისს.

ასევე 21 ივნისს წაიღეს ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ვასილ მახარაძის ნივთები - ლურჯი მოკლესახელოიანი მაისური, „ადიდასის“ ფირმის ბოტასები და „ნაიკის“ შორტები.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძისა და ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილი ოჯახის წევრები, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნებიან, რომ ბრალდებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც მათ ინციდენტის ღამეს ეცვათ, არ გაურეცხავთ და ბრალდებულებმა ტანსაცმელი საკუთარი ხელით მიიტანეს გამოკითხვაზე.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე, ხუთი პირია ბრალდებული. გამოძიების ვერსიის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე, სწორედ ამ პირებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვის ნაპირამდე, სასტიკად გაუსწორდნენ და წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით გარდაიცვალა. ბრალდებულები, რომელთანაგა ორი არასრულწლოვანია, ბრალს არ აღიარებენ.