ეზუგბაია: ბათუმში ვნახე 141 პაციენტი რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, რომელიც ბათუმში იმყოფება, შეაფასა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID - 19-ითინფიცირებულთა მდგომარეობა.

„დღეს ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის ცხრა. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი. რისკების დათვლით, ხარისხის დათვლით დროულად უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება სასტუმრო-ჰოსპიტლებში გადაყვანაზე და კლინიკაში გადაყვანაზე, იქაც ისეთი მართვა უნდა განვახორციელოთ, რომ რისკები გავითვალისწინოთ, ხარისხი არ დავაგდოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ“, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, სამომავლოდ განიხილება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტები ძირითადი მიმღები.

23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა იყო. მათგან 165 - აჭარაში.

საქართველოში სულ კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 1643, გარდაიცვალა 25 ადამიანი.