31 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ოთხ წერტილში ერთდროულად აპროტესტებენ. ერთი აქცია ბათუმში იმართება, სამი კი - თბილისში.
გლდანში აქტივისტების ნაწილი პოლიტიკოსებთან ერთად მოქალაქეებს კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაერებით აცნობს. ადგილზეა "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი კანდიდატი, ნიკა მელიაც.
Your browser doesn’t support HTML5
ნიკა მელიას და პოლიციის სიტყვიერი დაპირისპირება
ამავდროულად, ქუჩაში მსვლელობას აწყობენ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან გამოსული პოლიტიკოსები და აქტივისტები. მათაც იგივე მიზანი აქვთ - ამცნონ მოქალაქეებს კვირას დაგეგმილი აქციების შესახებ.
გუშინდელის მსგავსად, დღესაც იმართება აქცია ცესკოსთან. შეკრებილი მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს. ამავე მოტივით ბათუმში მანქანებით მსვლელობას აწყობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები.
ცესკომ წინასწარი მონაცემები არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას 75 მანდატი უკვე მიღებული აქვს და მხოლოდ ერთი მანდატიღა სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს არ ეთანხმებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.