სოფელ მოხისში საპროტესტო აქცია გაიმართა

მოხისის მცხოვრებლებმა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აუქციონის წესით მიწის გასხვისებას აპროტესტებენ და ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელ მოხისში 28 ჰექტარი 5-წლიანი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და ერთწლიანი კულტურები მოჰყავდა. ვადის გასვლის შემდეგ მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, მიიღეს თანხმობა და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნეს დოკუმენტაცია ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით გასხვისდა შპს „აგროინდუსტრიაზე“. ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას უკანონოდ მიიჩნევენ, მიწების დათმობას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ამ ფართობის დამუშავების საშუალებას სხვას არ მისცემენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე მათთვის უცნობი იყო.

„მიწა ადგილობრივ მოსახლეობას უნდა დარჩეს. იჯარით გადმოგვცენ, შესყიდვაზეც თანახმა ვართ, ოღონდ ისეთ ფასად, რომ შევწვდეთ. გლეხმა მიწა თუ არ დაამუშავა და მოსავალი არ მოიყვანა, ასფალტზე რა ვაკეთოთ“, – აცხადებენ აქციაზე გამოსული მოხისელები.