ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციაში წითელი საღებავით მივიდა და კედლები შეღება - ეს არის მისი პროტესტი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

Your browser doesn’t support HTML5

ელენე ხოშტარია წითელ საღებავს ასხამს მთავრობის კანცელარიას

ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა დღეს დილას ნახეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში - 5 ივლისს ის სიძულვილის ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, ლექსოს, ყველაზე ცოტა, 20 ადამიანი დაესხა თავს "სირცხვილიას" ოფისის შენობაში. მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ეპიზოდებს ცალ-ცალკე იძიებს და ორგანიზებულ დანაშაულზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.