აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო დახმარებას

უკრაინამ მიიღო ამერიკული სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ნაწილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, წუხელ, კიევში მეორე თვითმფრინავით ჩაიტანეს 80 ტონაზე მეტი შეიარაღება, რომელიც ამერიკელმა მეგობრებმა უკრაინას გაუგზავნეს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

რუსეთის მხრიდან აგრესიის გაზრდილი საფრთხის ფონზე, 20 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად აშშ-ისგან მიიღებს დამატებით 200 მილიონი დოლარის საშუალებებს, მათ შორის ლეტალურ იარაღს. ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი კიევმა 22 იანვარს მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

U.S. Defense Shipment Arrives In Ukraine

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.