„რუსეთი არ არსებობს, არსებობს რუსეთის იმპერია“

24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შეჭრილი რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, არადა, სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ „რუსეთი თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს და არავის დასხმია თავსო“ და, რომ არც ახლა აპირებდა ამის გაკეთებას: „რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, ევროპაში ბოლო ქვეყანაა, რომელსაც სიტყვა "ომის" წარმოთქმა უნდა“.

როგორც რუსეთის ისტორიის სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რუსეთმა მართლაც ბევრი ომი გადაიტანა და სწორედ ამ ომების შედეგად იქცა მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნად.

„რუსულ მიწათა შეგროვება“

რუსეთის სახელმწიფოებრიობის დასაწყისად მიიჩნევა 862 წელი, ანუ სლავთა ტომების მიერ რიურიკის მთავრად მიწვევის წელი, რაც ფაქტობრივად ასევე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის დაპყრობითი ომების დასაწყისადაც, რადგან რიურიკმა ბიზანტიაზე სალაშქროდ მალევე გააგზავნა თავისი ორი ვოევოდა - ასკოლდი და დირი.

879 წელს გარდაცვლილი რიურიკი შეცვალა მისმა ნათესავმა ოლეგმა, რომელმაც 882 წელს სამხრეთისაკენ წამოიწყო ლაშქრობა... და ასე დაუსრულებლად. როგორც ისტორიკოსმა ბონდო კუპატაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის ერთ მთავარს ცვლიდა მეორე მთავარი, ერთ მეფეს - მეორე მეფე, იმპერატორს - იმპერატორი, გენმდივანს - გენმდივანი, პრეზიდენტს - პრეზიდენტი, მაგრამ არ იცვლებოდა 1200 წლის წინ დაწყებული რუსეთის ექსპანსიისა და გაფართოების პროცესი, რასაც მისი მმართველები, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სახელს არქმევდნენ:

„რუსული იდეოლოგია ცდილობს, ყველა ის ომი, რომელიც კი უწარმოებია, მათ შორის თავდასხმები მეზობლებზე, გააფორმოს მათზე ზრუნვად, დახმარების აღმოჩენად, განთავისუფლებად, ინტერნაციონალურ დახმარებად და ა.შ. ციმბირის დაპყრობას დაარქვეს „ციმბირის ათვისება“, რაც სინამდვილეში დაპყრობა იყო. ახლაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის წინ განაცხადა, რომ აპირებს არა უკრაინის ოკუპაციას, არამედ „დემილიტარიზაციას“ და „დენაციფიკაციას“.

ნიკოლაი ბერდიაევი

რუსი ფილოსოფოსი, ნიკოლაი ბერდიაევი გამოყოფდა ისტორიულად არსებულ ხუთ სხვადასხვა რუსეთს: კიევის რუსეთს, მონღოლთა რუსეთს, მოსკოვიტურ რუსეთს, პეტრე დიდის რუსეთსა და რუსეთის იმპერიას.

1996 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „რუსეთი ერთი, რუსეთი ორი...“, ფილოსოფოსი მამუკა ბიჭაშვილი შენიშნავს, რომ განუწყვეტელი ტერიტორიული ზრდის პროცესი, რომლითაც რუსეთი გამოირჩევა, მოსკოვიტიაში დაიწყო:

„დევიზი „რუსულ მიწათა შეგროვება“ პოლიტიკურ პრაქტიკაში ერთობ სპეციფიკურად იქნა გაგებული. 1552 და 1556 წლებში მოსკოვმა დაიპყრო ყაზანის და ასტრახანის, ხოლო 1598 წელს - ციმბირის სახანოები. პეტრე პირველმა მეფის მამული სამშობლოდ აქცია და მან წამოაყენა დევიზი „სამშობლოს მიწების გამრავლება“. ორივე დევიზი ქვეყნის ტერიტორიულ ზრდას გულისხმობდა სხვა ქვეყნების ზრდის ხარჯზე. ამასთან, რუსული იმპერიის სპეციფიკური ნიშანია დაპყრობილი, ინკორპორირებული ტერიტორიის სამშობლოდ ქცევა“.

რუსეთის იმპერიის სპეციფიკური ნიშანი

პეტრე I-ის მეფობის 35 წელში თითქმის არ მოიძებნება თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი, ომის გარეშე ჩავლილი, წელიწადი. დაპყრობით ომებში იყო ჩართული ეკატერინე II-ც, რომლის დროს არსებული რუსეთის 50 გუბერნიიდან, 11 სწორედ მის მიერ იყო „მოპოვებული“.

ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, რუსეთის დაპყრობითი ომები განსაკუთრებულ მასშტაბს იღებს პეტრე დიდიდან, რომელიც აყალიბებს ცნობილ „სამი ზღვის თეორიას“, რომლის მიხედვითაც რუსეთს არსებობისთვის სჭირდება გასვლა სამ ზღვაზე: ბალტიის, კასპიისა და შავ ზღვებზე.

„ზღვაზე გასვლას სჭირდება შესაბამისი ტერიტორიების დაპყრობა. დღევანდელი ვითარება სწორედ ამ თეორიის გამოხატულებაა და დღემდე აცოცხლებს რუსულ იმპერიალიზმს. პეტრეს დროს იყო სამი დიდი ომი: შვედეთთან, რომელიც ბალტიის ზღვაზე გასვლას გულისხმობდა და რომელიც დამთავრდა რუსებისთვის მეტ-ნაკლები წარმატებით, რადგან შეძლო ყოფილი ლივონიის ორდენის სივრცეების (ბალტიისპირეთის) დაპყრობა. მეორე ომი ოსმალეთთან და ეს ომიც ზღვაზე გასვლას ისახავდა მიზნად, თუმცა მიაღწია მხოლოდ აზოვის ზღვამდე, მაგრამ შავ ზღვამდე ვერ მივიდა, და მესამე ომი ირანის წინააღმდეგ, რომლითაც კასპიის ზღვაზე გასვლა სურდა. მიაღია სამხრეთ კასპიისპირეთს, თუმცა მალე უკან დაბრუნება მოუწია ჯარში გაჩენილი სახადის გამო“, - ამბობს ბონდო კუპატაძე, რომლის თქმითაც, დაპყრობითი ომების მორიგი დიდი ეტაპი დაიწყო ეკატერინე II-მ, რომლის დროს რუსეთმა პირველად გაიწია ევროპისკენ და გერმანიასაც მიაღწია:

ბონდო კუპატაძე

„ეკატერინეს დროს ყალიბდება კიდევ ერთი ახალი თეორია, რომელიც გულისხმობს სლავი ერების მფარველობასა და პატრონობას, რომ ყველა სლავი ერი უნდა იყოს რუსეთის პატრონობის ქვეშ. ეკატერინეს დროს შედგა დიდი საბერძნეთის პროექტი, რომელიც გულისხმობდა ოსმალეთისთვის მიწების წართმევას და რუსეთის იმპერიის ზრდას სამხრეთის მიმართულებით. ეკატერინეს დროს მოხდა უკრაინის ძირითადი ტერიტორიების, ყირიმის დაპყრობა. ამავე პერიოდში მომზადდა ჩვენთვის საბედისწერო გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც რუსეთმა დაარღვია (1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო) და სამხრეთ კავკასიაშიც ჩამოდგა ფეხი. ეს იყო პლაცდარმი კავკასიის დაპყრობისთვის, რისთვისაც რუსეთმა XIX საუკუნეში აწარმოა 4 ომი ოსმალეთთან და 2 ომი ირანთან“.

აშკარაა, რომ რუსეთის იმპერიის სპეციფიკური ნიშანია ქვეყნის ტერიტორიის განუწყვეტელი ზრდა და გაფართოება. რაც, ისტორიკოს მამუკა ბიჭაშვილის თქმით, რუსეთში წარმოშობს ტენდენციებს, რომელთა პერმანენტული ხასიათი საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ „გეოპოლიტიკურ კანონზე“ რუსეთის იმპერიისათვის:

„ეს "კანონი" გვეუბნება, რომ რაც უფრო ფართოვდება რუსეთის იმპერიის ტერიტორია, მით უფრო ძლიერი პოლიტიკური რეჟიმია საჭირო ამ ფართობის შესანარჩუნებლად, და რაც უფრო ძლიერდება პოლიტიკური რეჟიმი, მით უფრო უარესდება მეტროპოლიის მოსახლეობის მდგომარეობა“ („რუსეთი ერთი, რუსეთი ორი...“, 1996 წ.).

ომები და ახალი ტერიტორიები

რუსეთის იმპერიის ეს „გეოპოლიტიკური კანონი“ მოქმედებს როგორც იმპერიამდელი, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთისთვისაც, რადგან, როგორც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ, გრაფმა სერგეი ვიტემ შენიშნა, სინამდვილეში „რუსეთი არ არსებობს, არსებობს რუსეთის იმპერია“, რომელიც სულ ომებშია ჩართული და, რომელიც სულ ფართოვდება.

სერგეი ვიტე

2018 წელს რუსეთში გამოიცა ცნობარი „სამხედრო კონფლიქტები, კამპანიები და რუსული ჯარების სამხედრო ოპერაციები 860-1914 წლებში“, რომელშიც აღწერილია რუსეთის მონაწილეობით წარმოებული ყველა ომი რუსეთის დაარსებიდან პირველ მსოფლიო ომამდე.

  • საუბარია 997 კონფლიქტზე, 767 კამპანიასა და 7625 საბრძოლო შეტაკებაზე.
  • ცნობარში გაანალიზებულია რუსეთის მიერ 1158 წლის განმავლობაში [860 წლიდან - 2018 წლამდე] წარმოებული ომების შედეგების (გამარჯვებებისა და მარცხების) ჯამური ანალიზი: 504 გამარჯვება; 328 დამარცხება; 79 გაურკვეველი შედეგი;
  • რუსეთმა გამარჯვება-დამარცხების საუკეთესო თანაფარდობა აჩვენა X და XIX საუკუნეებში.
  • ყველაზე მშვიდობიანი მმართველები, რომელთა მეფობის დროს არ ყოფილა დიდი კონფლიქტები: ბორის გოდუნოვი, ეკატერინე I, პეტრე II, ალექსანდრე III.
  • რუსეთის ყველაზე აგრესიული მეფეები: ალექსანდრე I, ივანე IV მრისხანე.

1462 წლიდან 1900 წლამდე რუსული არმიის ძირითადი ძალები იბრძოდნენ უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით. XVIII საუკუნეში რუსული არმია იბრძოდა ძირითადად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით (28 წელი).

რუსეთის მთავარი მოკავშირეეები 1700-1914 წლების ომებში: ავსტრია - 12 კონფლიქტი; ინგლისი - 9 კონფლიქტი; რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე: თურქეთი - 12 კონფლიქტი.

2018 წელს (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოინფორმატიკის ლაბორატორიას მონაწილეობით) ასევე შეიქმნა რუსეთის ე.წ. დინამიკური რუკა, რომელშიც, წლების მიხედვით, 1462-დან 2018 წლამდე, რუსეთის მიერ „ყველა შეძენილი და დაკარგული“ ტერიტორიაა ასახული.

კარტოგრაფიული პროექტი შეიცავს მონაცემებს რუსეთის პოლიტიკური საზღვრების გეოგრაფიული მდებარეობისა და მათი ცვლილებების შესახებ ბოლო ხუთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

რუსეთის ტერიტორიების ე.წ. დინამიკური რუკა, რომელშიც წლების მიხედვით გამოთვლილია ყოველი წლის შესაბამისი რუსეთის ტერიტორიის ფართობი

რუსეთის ტერიტორიის მაქსიმალური ზრდა (5 მლნ 772 ათასი კვ. კმ) დაფიქსირდა მე-17 საუკუნის მეორე მესამედში „ციმბირის ათვისების“ შედეგად. რასაც მოჰყვება 3 მლნ 712 ათასი კვ. კმ-ით გაფართოება შორეული აღმოსავლეთისა და იმიერბაიკალეთისკენ. 1 მლნ 855 ათასი კვ. კმ-ით გაზარდა რუსეთი ივანე მრისხანემ ვოლგისპირეთის, ურალის, ობისა და დონის კაზაკობის გავლენის სფეროში მოქცევით და ა.შ. ალასკაზე უფლებების დაფიქსირებამ XIX საუკუნის ბოლოს რუსეთს დამატებით 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი „შესძინა“. ტერიტორიის ყველაზე დიდი დანაკარგი დაფიქსირდა 1917 (რუსეთის იმპერიის დამხობა) და 1991 (საბჭოთა კავშირის დაშლა) წლებში: შესაბამისად, -1,4 მლნ კვ. კმ და -5,2 მლნ კვ. კმ. საგულისხმოა, რომ პროექტში საბჭოთა კავშირი გაიგივებულია რუსეთთან.

რუსეთის „დინამიკურ რუკაზე“, მისთვის შემატებული 25 ათასი კვადრატული კილომეტრით, წარმოდგენილია ვლადიმირ პუტინი (ვასილი IV შუისკისა და ელისაბედ პეტრეს ასულს შორის), რომელმაც 2014 წელს ყირიმი, მისივე სიტყვებით, „მშობლიურ ნავსაყუდელში დააბრუნა“.

რუსეთის წაგებული ომების ისტორია

რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ამტკიცებს, რომ არ სურს ომი და, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში არავის დასხმია თავს, როგორც წესი, თვითონ არის ომის გამჩაღებელი. ბონდო კუპატაძეს მაგალითად მოჰყავს მეორე მსოფლიო ომი.

„რუსულ ისტორიოგრაფიაში საბჭოთა კავშირი გამოყვანილია მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლად, რომ გერმანია დაესხა თავს და ა.შ. რაც ბლეფია. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირი, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, გვევლინება მეორე მსოფლიო ომის დამწყებად. 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გახდა საფუძველი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა. გერმანიამ პოლონეთს შეუტია დასავლეთიდან, რუსეთმა კი აღმოსავლეთიდან. ასევე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა ბალტიის ქვეყნების დაპყრობა, რომელიც გაფორმდა როგორც მშრომელი ხალხისთვის გაუწეული დახმარება. ამავე მიზეზით დაიპყრო უკრაინა 1919 წელს და საქართველო 1921 წელს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბონდო კუპატაძემ, რომლის თქმითაც, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში შესაჭრელად, როგორც წესი, ისეთი „კეთილშობილური მიზნებით“ ინიღბება, როგორიც არის თანამემამულეების დახმარება, მშრომელთა სოლიდარობა, ჩაგრული ხალხების გათავისუფლება და ა.შ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმება

XX საუკუნის განმავლობაში რუსეთი ასევე შეიჭრა ფინეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავღანეთში, საქართველოში, უკრაინაში, თუმცა, როგორც ბონდო კუპატაძე ამბობს, რუსეთის ომების ისტორია არ არის მხოლოდ გამარჯვებების ისტორია.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა ყირიმის ომში, რაც დღემდე ლახავს რუსეთის სამხედრო თავმოყვარეობას. ამ ომში ჩაება დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. სწორედ ამ გაერთიანებამ დაამარცხა რუსეთი და მისი საზღვაო ფლოტი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება, მაგრამ ინგლისმა და საფრანგეთმა არ დაუშვეს რუსეთის გასვლა ხმელთაშუა ზღვაზე, მიემხრნენ ოსმალეთს და გაანადგურეს რუსეთი. 1856 წელს გაფორმებული პარიზის საზავო ხელშეკრულება რუსეთისთვის იყო უკიდურესად დამამცირებელი: რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. რუსეთს უნდა დაენგრია თავისი ციხესიმაგრეები შავ ზღვაზე, რომელიც ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა“.

ნიკოლოზ I

რუსეთმა ასევე დამარცხება იწვნია იაპონიასთან ომში 1904-1905 წლებში, დამარცხდა I მსოფლიო ომში, ვერ მიაღწია სასურველ მიზანს 1939 წელს ფინეთთან ომში, მარცხით დასრულდა მისი ათწლიანი სამხედრო კამპანია ავღანეთში, რამაც, ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

„2005 წელს გამოაცხადა პუტინმა, რომ გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია საბჭოთა კავშირის დაშლა და, რომ აპირებს რუსეთის იმპერიის აღდგენას. 2008 წლის, 2014 წლის და ახლა უკვე 2022 წლის ომები ამას აჩვენებენ. პუტინი მოქმედებს გეგმით. სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. პუტინი აპირებს უკრაინის ბოლომდე დაპყრობას, მის ბელორუსად ქცევას. უკრაინა ევროპის კარიბჭეა, ამიტომ რუსეთის აგრესია უპასუხოდ არ დარჩება. იმედი მაქვს, რომ სერიოზულ მხარდაჭერას აღმოუჩენენ და იმდენად მძიმე ვითარებაში ჩავარდება რუსეთი, რომ პუტინის წინააღმდეგ გარკვეული შიდაპროცესები დაიწყება. რუსეთში ამის გამოცდილებაც არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბონდო კუპატაძემ.