"მივმართოთ რისხვა ოლიგარქიული მმართველობისკენ" - 20 ივნისის მანიფესტი

აქცია "შინ ევროპისკენ"

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად დღეს, 20 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორია, მანიფესტს ავრცელებს. მანიფესტის ტექსტი აქციის მონაწილეებს "სირცხვილიას" ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა გააცნო.

მთავარი აქცენტები მანიფესტიდან:

ევროკავშირისკენ გზაზე მთავარი დაბრკოლება

"ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი".

ახალი მოძრაობის დაფუძნება

"ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე".

გეგმა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში

"ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება.

მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება".

ასევე ნახეთ გიორგი ქადაგიძე: უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება
ასევე ნახეთ ეკა გიგაური: მთავრობას ეშინია ხალხის, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა
ასევე ნახეთ დიღმელაშვილი: თუ ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას, ხალხს უფლება აქვს, უთხრას რომ არალეგიტიმურია

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, მრავალათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ დღეს, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე გაიმართა. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.