"სირცხვილია" 24 ივნისს პარლამენტთან კიდევ ერთ აქციას გამართავს

აქცია "შინ ევროპისკენ"

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია", რომელმაც დღეს, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გამართა, კიდევ ერთ შეკრებას აანონსებს. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

"2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!" - თქვა დიღმელაშვილმა, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მანიფესტის ტექსტი გააცნო.

ასევე ნახეთ "მივმართოთ რისხვა ოლიგარქიული მმართველობისკენ" - 20 ივნისის მანიფესტი

მისივე თქმით, 24 ივნისს ახალი მოძრაობა შეიქმნება.

"ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე", -ნათქვამია მანიფესტში.

ასევე ნახეთ გიორგი ქადაგიძე: უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება
ასევე ნახეთ დიღმელაშვილი: თუ ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას, ხალხს უფლება აქვს, უთხრას რომ არალეგიტიმურია
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას
ასევე ნახეთ ანა ფოტიგა: ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს
ასევე ნახეთ რასა იუკნევიჩიენე: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზე არის საუბარი
ასევე ნახეთ პავილიონისი: მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. მოქალაქეები დაიძრენ ევროპის მოედნისკენ, რომელიც რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე კილომეტრშია.