როგორ შიმშილობდნენ და იხოცებოდნენ მარიუპოლში

მარიუპოლის მცხოვრებმა ქალმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა მარიუპოლში ჩარჩენილი ბიძის ხელის ფოტო, რომელმაც ქალაქის ალყისა და ოკუპაციის დროს სხეულის წონის თითქმის მეხუთედი დაკარგა. 

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი შიმშილს იარაღად რომ იყენებს, ამის შესახებ ბევრი ითქვა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) უკრაინის პორტების ბლოკადაზე, ასევე უკრაინის კუთვნილი ხორბლისა და სიმინდის მარაგების მიტაცებასა და განადგურებასა და შიმშილის გლობალურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. ადამიანის უფლებების დამცველთა შეშფოთებას კი იწვევს შიმშილისა და საკვების მწვავე დეფიციტის გამოყენება წამების ან ბრძოლის იარაღად, რომელიც მიმართულია ცალკეული ინდივიდის ან რომელიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის წინააღმდეგ.

უკრაინა შეძრა ტყვეობიდან გათავისუფლებული მოხალისისა და პარამედიკოსის, იულია პაევსკაიას („ტაირა“) ფოტომ. მას „აზოვსტალის“ ყოფილმა დამცველმა დაურთო არანაკლებ მძიმე ტექსტი, რომელშიც სამხედრო მედიკოსმა ქალმა ტყვეობაში ყოფნის პირობები აღწერა (დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ტაირა“ გაცვალეს „უცნობ რუსზე“ - ერთი ვერსიით, ადამ გრიცენკოს, ყირიმში რამზან კადიროვის მუდმივი წარმომადგენლის, შვილზე).

იულია პაევსკაია ("ტაირა") ტყვეობის შემდეგ

„სელფებს ჯერ არ დავდებ. ბოდიში.
ჩემი წონა ახლა დაახლოებით 50 კგ-ია
ძალიან გამოფიტული ვარ და საშინლად გამოვიყურები.
მაგრამ საუკეთესო ექიმები ზრუნავენ ჩემზე და მალე დავბრუნდები მწყობრში.
ისევ და ისევ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა გაცვლის პროცესში, რაც უდავოდ იყო უფლის სასწაული.
ყველაზე მეტად მტკივა მტრის ოთხკედელში მჯდომი ბიჭებისა და გოგოების ბედი - როცა იქ ხარ, გეჩვენება, რომ იმედი არ არის და უკრაინა, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს.
აუცილებელია ყველა ტყვე დაცული იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით, რადგან იქ ყოფნისას ჩვენ სრულიად უძლურები და უუფლებონი ვართ, როგორც მონები.
არანაირ ამანათს ჩვენ არ გვაძლევენ, ოჯახის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან, სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიგვიწვდება.
პატიმრობის პირობები საკონცენტრაციო ბანაკს მოგაგონებს და არც გამიკვირდებოდა, ერთხელაც რომ გაზის კამერაში აღმოვჩენილიყავი. არ ვხუმრობ, სამწუხაროდ.
და ეს მხოლოდ მცირე პროცენტია იმისა, რაც ხდება „ქვის ტომრებში“ (საპატიმროებში) ფრონტის ხაზს მიღმა.
ეს თემა მტკივნეული და მწვავეა.
ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს.
აუცილებელია კონტროლის სისტემის და გაცვლის ალგორითმის შემუშავება.
ჯერ უსაფრთხო ადგილას ვარ საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
მალე ჩავდგები მწყობრში, მაგრამ საჭიროა ძალების აღდგენა.
გმადლობთ თქვენი ლოცვებისა და დახმარებისთვის!
მშვიდობა თქვენდა.
ერთად ყველაფერს დავძლევთ“
, - წერს იულია პაევსკაია ფეისბუკზე.

იულია პაევსკაია

იულია პაევსკაია („ტაირა“) დაბ. 1968 წ. - უკრაინელი სამხედრო პარამედიკოსი, ევაკუაციისა და მოხალისე სამედიცინო რაზმ „ტაირას ანგელოზების“ დამფუძნებელი. 2014 წლიდან მუშაობდა მოხალისედ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, 2018 წლიდან 2020 წლამდე ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ხელმძღვანელობდა მარიუპოლის 61-ე მობილური საავადმყოფოს ევაკუაციის განყოფილებას. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო აიკიდოს მწვრთნელი. ხელმძღვანელობდა „მუტოკუკაი-უკრაინის“ აიკიდოს ფედერაციას. მოხალისე მედიკოსად მუშაობა დაიწყო ევრომაიდნის დროს, დონბასში ომის დაწყების შემდეგ, აიღო სახმობი ნიშანი „ტაირა“ (ერთ-ერთი იაპონური კლანის პატივსაცემად). 2018 წელს გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან; 2020 წელს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მუშაობა განაგრძო მოხალისედ. გადარჩენილი ჰყავს 500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ პორტატულ ვიდეოკამერაზე იღებდა მარიუპოლში დაჭრილთა მოვლის პროცესს. 15 მარტს გადაღებული მასალები გადასცა Associated Press-ის კორესპონდენტს, მეორე დღეს, 16 მარტს, მძღოლთან ერთად დაატყვევეს რუსმა სამხედროებმა. ტყვეობაში დაჰყო 3 თვე, გაათავისუფლეს 2022 წლის 17 ივნისს.

მარიუპოლის მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქალმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა მარიუპოლში ჩარჩენილი თავისი ბიძის ხელის ფოტო, ბიძისა, რომელმაც ქალაქის ალყისა და ოკუპაციის დროს სხეულის წონის თითქმის მეხუთედი დაკარგა. პოსტის კომენტატორებმა სოციალურ ქსელში ეს სურათი შეადარეს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაღებულ ფოტოებს.

2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის მკვიდრი მარია კუტნიაკოვა ბიძასთან, 71 წლის პაველ გლუშჩენკოსთან მივიდა მოსაკითხად. ამ დროისთვის, თავად მარიას ბინა უკვე დანგრეული იყო. კუტნიაკოვა და მისი ოჯახი მარიუპოლის დრამატული თეატრის სარდაფში ცხოვრობდნენ. სწორედ მაშინ, როდესაც ქალი ნათესავიდან ბრუნდებოდა, დაინახა, რომ თეატრი ნანგრევებად ქცეულიყო - მისი არყოფნის დროს რუსულმა ავიაციამ რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო. საბედნიეროდ, მარიას ნათესავები გადარჩნენ, თუმცა ბიძისთვის ამბის მიწოდება ვერ მოასწრო: ჯერ ოჯახი გადავიდა სხვა თავშესაფარში, შემდეგ კი ფეხით გავიდა ქალაქიდან და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა.

მარია კუტნიაკოვამ ბიძის ნახვა მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლო. მთელი ამ დროის განმავლობაში მოხუცი კაცი დარწმუნებული იყო, რომ მისი ნათესავები დაიღუპნენ თეატრის დაბომბვის დროს. მარიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ბიძამისის ხელებისა და ფეხების ფოტო, რომელიც უფრო აუშვიცის პატიმრის სხეულს მოგვაგონებდა: მთელი ამ ხნის განმავლობაში მოხუცი ნახევრად მშიერი იყო, მხოლოდ ერთხელ მიიღო მოკრძალებული რაციონი რუსი სამხედროებისგან, რომლებმაც მარიუპოლი დაიკავეს. ომის დროს პაველ გლუშჩენკომ 15 კილოგრამი დაკარგა.

71 წლის პაველ გლუშენკოს ხელის მტევანი

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში მარია კუტნიაკოვა ბიძის გადარჩენის ამბავს მოჰყვა.

„არ გვეგონა, რუსები ასეთი შეშლილები თუ იყვნენ“

„ჩვენი მთელი ოჯახი ცხოვრობდა მარიუპოლში. მე ვმუშაობდი სტარტაპების განვითარების ცენტრში - ეს არის არაკომერციული პროექტი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში IT სპეციალისტების მხარდასაჭერად. ბიძაჩემი პენსიონერია, ის 71 წლისაა. რატომ არ წავედით 24 თებერვლამდე? ეს ძალიან კარგი კითხვაა. თქვენ ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ არ დავტოვეთ მარიუპოლი 2014 წელს, როდესაც მართლა დაიწყო ომი. იმიტომ არ წავედით, რომ ეს ჩვენი მშობლიური ქალაქია, ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების და არ მეგონა, რომ რუსები ისეთი გიჟები იყვნენ, რომ უბრალოდ გენოციდს მოაწყობდნენ, დაბომბავდნენ მარიუპოლს, გაანადგურებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს. ისინი მოვიდნენ არა ჩვენ გასათავისუფლებლად, არამედ - ჩვენ მოსაკლავად, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინელები ვართ. ეს არის ნამდვილი ფაშიზმი მთელი თავისი სახით.

მე და ბიძაჩემი სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობდით. თავიდან, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, ხშირად მივდიოდი მოსაკითხად, რადგან მას შეზღუდული მობილურობა აქვს. მერე ჩვენი ბინა დაბომბეს, ბომბი მოხვდა. გადავწყვიტეთ, მეზობლებთან ერთად დრამატულ თეატრში წავსულიყავით, რადგან იქ უკვე ლტოლვილთა ცენტრი იყო გახსნილი. ბიძაც დრამატულ თეატრთან ახლოს ცხოვრობს. თეატრში არ გადავიყვანეთ, რადგან იქვეა, ვიფიქრეთ, ხშირად შევუვლიდით, თანაც უკვე ველოდით საევაკუაციო კოლონას.

მარიუპოლი, მშენებელთა ქუჩა 111

თეატრში 16 მარტს გადავედით. ბიძაჩემთან მივედი იმის სათქმელად, რომ თეატრში ვცხოვრობთ, დედა, ჩემი და და მეზობლები კი სარდაფში დარჩნენ. ვიდრე ბიძასთან ვიყავი, თეატრი დაბომბეს. შენობის ცენტრი და გვერდითი ნაწილი განადგურდა, მაგრამ წინა ნაწილი და თეატრის უკანა პატარა ადგილი გადარჩა, სწორედ აქ იმყოფებოდნენ ჩემები. მადლობა ღმერთს, მცირე სისხლჩაქცევებით, ტვინის შერყევითა და ნაკაწრებით გადარჩნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი გასული. წასვლისას ხელუხლებელი იდგა შენობა და ყველაფერი კარგად იყო, ხოლო როცა დავბრუნდი, ნანგრევები დამხვდა. უბრალოდ რაღაც ისტერიკაში ვიყავით, პანიკაში, გაუგებრობაში: არ ვიცოდით სად გავქცეულიყავით, სად დავმალულიყავით მარიუპოლში, როგორ გამოვსულიყავით ქალაქიდან. გავიქეცით ლტოლვილთა სხვა ცენტრში, ფილარმონიაში. იქიდან ფეხით წავედით სოფელ მელეკინოში, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში. გვესმოდა, რომ ბიძაჩემი მოხუცი იყო და ამ გზას ვერ გადაიტანდა. რატომღაც გვეჩვენებოდა, რომ თუკი მარიუპოლის ტერიტორიის დატოვებას მოვახერხებდით, მოგვიანებით მის ევაკუაციასაც შევძლებდით. აღმოჩნდა, რომ მარიუპოლის ირგვლივ მთელი ტერიტორია უკვე ოკუპირებული იყო და რაიმე ევაკუაციაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. 25 მარტს რუსებმა მარიუპოლში უკრაინის ყველა მობილური კავშირი დაბლოკეს, შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ ბიძასთან დაკავშირება. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 1,5 თვე. ვერც დაველაპარაკეთ და ვერც შევიტყვეთ, ცოცხალი იყო თუ არა. მისი რაიონი მასიურად დაიბომბა, აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მხოლოდ აპრილის ბოლოს მოგვეცა შესაძლებლობა, ადამიანთა ძალიან გრძელი ჯაჭვის მეშვეობით, შეგვეთვალა მისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და, რომ მისი წაყვანა გვინდოდა. კიდევ სადღაც თვე-ნახევრის განმავლობაში ვეძებდით ევაკუაციის შესაძლებლობას. ჯამში, მე და ბიძაჩემს სამი თვე არ გვინახავს ერთმანეთი.

მარიუპოლის თეატრი

წარმოიდგინეთ, მივდივარ მასთან და ვეუბნები: „ჩვენი ბინა დაბომბეს, ახლა თეატრში ვიცხოვრებთ. საევაკუაციო ავტობუსები რომ მოვლენ, შენ წასაყვანად მოვალ, გეთაყვა, გაამზადე შენი ნივთები - საბუთები, ტელეფონი“. იმავე დღეს იგებს, რომ დრამატული თეატრი დაბომბეს, არცერთი ჩვენგანი არ მიდის მასთან. თვე-ნახევრის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ დავიღუპეთ. არც კი უცდია ჩვენთან დაკავშირება. ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ უნდა გაგევლო, მოგეძებნა ადგილი, სადაც სიგნალს იჭერდა. გამუდმებით ვკრეფდი მის ტელეფონს, ვუტოვებდი ხმოვან შეტყობინებებს, რომ ცოცხლები ვიყავით. ჩვენ ვერ გამოვნახეთ შესაძლებლობა, არათუ გაყვანისა, არამედ ისეთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვეთ, რომელიც მოვიდოდა და ეტყოდა, რომ ცოცხლები ვართ“.

"რამდენჯერმე დაკარგა გონება შიმშილისგან"

მარია კუტნიაკოვა ამბობს, რომ ბიძამისის მეზობლებიც ასევე მოხუცები იყვნენ - შიმშილით სიკვდილისგან ისინი გადაარჩინა ურთიერთდახმარებამ და იღბლიანმა შემთხვევითობამ მახლობლად მდებარე ბოსტნეულის საწყობის სახით.

„მას აქვს ასთმა. მადლობა ღმერთს, ჰქონდა წამლების გარკვეული მარაგი, რადგან ვიცი დიაბეტიანი რამდენიმე ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ მარიუპოლში წამლები არ იყო. ბიძაჩემი გადარჩა იმის წყალობით, რომ თავისი ასაკის მეზობლებს შეუამხანაგდა. ერთად მოიპოვებდნენ საკვებს და დღეში ერთხელ ჭამდნენ რაღაც წვნიანს. ბიძაჩემმა მითხრა, რომ შიმშილისგან რამდენჯერმე დაკარგა გონება. თავი გაჰქონდათ იმ მარაგებით, რაც ჰქონდათ და პლუს შეაღწიეს მახლობლად მდებარე ბოსტნეულის საწყობში. მხოლოდ ერთხელ შეძლო რუსებისგან "ჰუმანიტარული დახმარების" მიღება, რომელიც შედგებოდა მარცვლეულის რამდენიმე პაკეტისგან, შაქრისგან, მზესუმზირის ზეთისა და გაფუჭებული ჩაშუშული ხორცისგან, რომლის ჭამა შეუძლებელი იყო. როგორც აუხსნეს, გადაეცა ერთი თვის სამყოფი დახმარება.

მარიუპოლი. 71 წლის ლუდმილა და 63 წლის ვიქტორი ამზადებენ კერძს სარდაფის კართან

მადლობა ღმერთს, აპრილის ბოლოს შევძელით მასთან დაკავშირება და ჩემი მეგობრების მეშვეობით მოვახერხე თანხის გადაცემა. ფული მარიუპოლში ნაღდდებოდა რაღაც გიჟურ პროცენტში, სრული თანხის 15%-ში. შემდეგ საჭირო იყო რუბლებში კონვერტირება. ბოლოს ამ რუბლებით გიჟურ ფასებში ყიდულობდა პროდუქტებს. თვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შევძელით მისთვის ფულისა და მედიკამენტების შეგზავნა. თვე-ნახევრის განმავლობაში დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა.

ბიძაჩემმა სულ 15 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი, პატარა ბაბუა, პროცენტებით ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოდის, ვიდრე სხვა ადამიანებთან. მართლაც ძალიან გახდა. იცით, თუ ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობდა, ნორმალურ პირობებში მოხვედრის შემდეგ, მაშინვე უჩნდება დანაყრების ძლიერი სურვილი, მაგრამ ეს ასევე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, საჭიროა დიეტა და ულუფების თანდათანობით გაზრდა. გამუდმებით გვიწევს ჩხუბი, რადგან დღეში 5-6-ჯერ უნდა ჭამა. ვერ ნაყრდება. ჩვენ ვუხსნით, რომ არ შეიძლება ბევრი ჭამა. მთელი ეს საშინელი ფილმები აფრიკაში შიმშილის შესახებ, ეს ყველაფერი იყო მარიუპოლში. არასოდეს მიფიქრია, რომ 21-ე საუკუნეში ოჯახის რომელიმე წევრი მეყოლებოდა შიმშილისგან გადასარჩენი.

მე თვითონ მარიუპოლში მხოლოდ 22 დღე ვიყავი, აქედან შვიდი დღე ვიშიმშილე. რაკეტამ გაანადგურა ჩვენი სამზარეულო, სადაც საკვები ინახებოდა. ექვსი დღის განმავლობაში ვჭამდით ორცხობილასა და წყალს. 10 კილო დავიკელი. ქალაქში უამრავი საშინელი ამბავი იყო, როცა მოხუცები იღუპებოდნენ სხვადასხვა დაავადებისგან, გულის შეტევით. კოლაბორანტები ამბობენ - "ბუნებრივი მიზეზების" გამოო, მაგრამ ეს "ბუნებრივი მიზეზები" გამოწვეულია უშუალოდ ომით და ადამიანების არასრულფასოვანი კვებით, მედიკამენტების ნაკლებობით და ა.შ. ჩემი მეგობრის ბაბუა და ბებია მართლა შიმშილით დაიღუპნენ მიწისქვეშა თავშესაფარში. ასეთი ამბავი ბევრია“.

პაველ გლუშენკო და მისი დისშვილი ომამდე

"რუსებმა თქვეს: ვერაფრით დაგეხმარებით"

„მარტის შუა რიცხვებში ბიძაჩემის სახლს ჭურვი მოხვდა და მის საძინებელში კედელი ჩამოინგრა. საწოლი სამზარეულოში გადაიტანა. მადლობა ღმერთს, რომ აღარ ციოდა. მოვიდა ახალი ხელისუფლების კომისია, დააფიქსირეს, რომ კედელი ჩამოინგრა და თქვეს: "ჩვენ აღვადგენთ და შევაკეთებთ მხოლოდ პანელებს, მაღალსართულიან შენობებს, თქვენ კი კერძო სახლი გაქვთ - ვერანაირად ვერ დაგეხმარებით". რუსებმა დაუბომბეს სახლი, მოვიდნენ, ჩაწერეს, რომ მათ დაბომბეს მისი სახლი, მაგრამ, შემდეგ უთხრეს, ეს შენი სახლი და შენი პრობლემებიაო. აი, ასეთი იყო ბიძაჩემის ერთადერთი კომუნიკაცია საოკუპაციო ძალებთან.

მარიუპოლში შენობებისა და ინფრასტრუქტურის 95% განადგურებულია, მაგრამ არის დარჩენილი 5% - ამ სახლებში მხოლოდ ფანჯრებია გამოვარდნილი, კერძო სექტორის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც გადარჩა. ახლა მარიუპოლში მუშაობს ადგილობრივი კოლაბორანტი ჟურნალისტების გუნდი, რომლებიც რუსეთისა და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ჟურნალისტებთან ერთად იღებენ ამ გადარჩენილ უბნებს და აჩვენებენ, რა ლამაზი და მშვენიერია ყველაფერი. სინამდვილეში, სიტუაცია არც ისე ოპტიმისტურად გამოიყურება. ჯერ ერთი, ქალაქში სულ რამდენიმე აფთიაქია და არცერთ მათგანში მედიკამენტების სრული ასორტიმენტი არ არის. მაგალითად, უკრაინაში ბიძაჩემის წამლების ნაკრები (არტერიული წნევის შესამცირებლად, ასთმისთვის და ა.შ.) თვეში 900 გრივნა ღირს ($31), ოკუპირებულ ქალაქში მათი ფასი დაახლოებით ოთხჯერ უფრო ძვირია. საკვების ფასები კოსმოსურია. მხოლოდ რამდენიმე მაღაზია გაიხსნა, მუშაობენ სტიქიური ბაზრობები, მაგრამ რაც ქალაქში შემოიტანეს, არ არის საკმარისი 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბიძაჩემს ზაფხულის ფეხსაცმელი დასჭირდა. ნაცნობს მივწერე, ფულს გადმოგირიცხავ და ფეხსაცმელი უყიდე-მეთქი. ამ ჩემმა ნაცნობმა შემოიარა მთელი ქალაქი, სადაც ვითომ "ცხოვრება გაჩაღდა" და შეგიძლია იყიდო რაც გინდა, მაგრამ სინამდვილეში ვერსად იყიდა მამაკაცის 41 ზომის ფეხსაცმელი. მთელ ქალაქში ორი საავადმყოფოა, მაგრამ ისინიც საჩვენებლად მუშაობენ. არც წამლებია, არც აღჭურვილობა. ფორმალურად ჰოსპიტალია, შეგიძლია ექიმთან მიღებაზე მიხვიდე, მაგრამ სულ რითაც დაგეხმარებიან, ჭრილობაზე მრავალძარღვას დადებაა. სწრაფი დახმარება არ არსებობს. საუკეთესო შემთხვევაში, პაციენტს, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დახმარებას, დონეცკში გადაიყვანენ“.

პაველ გლუშენკოს ბინა მარიუპოლში

"ცხედრები უბრალოდ გაჰქონდათ ქუჩაში"

„ჩემი ყოფილი კოლეგა და მისი მეგობარი ბიჭი მოკლეს. ისინი თავიანთ ბინაში იმყოფებოდნენ მაღალსართულიანი კორპუსის ზედა სართულზე. საჰაერო ბომბი დაეცა და რამდენიმე სართული ჩაიტანა. როდესაც რაკეტა ჩემს ბინას მოხვდა, მთელი სახლი იბომბებოდა. ჩემი ორი მეზობელი, რომელთაგან ერთი ფილტვში დაიჭრა და გარკვეული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჩვენს დერეფანში დავაწვინეთ, ვცადეთ პირველადი დახმარების აღმოჩენა. მადლობა ღმერთს, მაშინ ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ. რაციით ვთხოვეთ ექიმების გამოძახება. დაბომბვიდან 20 წუთში მართლაც მოვიდნენ ექიმები, მაგრამ იმ დროისთვის მეზობელი უკვე გარდაცვლილი იყო სისხლის დაკარგვის გამო. ჩემი ბინის დერეფანში გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ეს მოხდა მარტში. მაშინ ცხედრები უბრალოდ ქუჩაში გაგვქონდა, რადგან ვფიქრობდით, რომ კიდევ ერთი ან ორი დღე და ეს ყველაფერი დასრულდებოდა. დაკრძალვა მას შემდეგ დავიწყეთ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ახლო მომავალში საომარი მოქმედებები არ დასრულდებოდა. გარდა ამისა, მარტში ძალიან ციოდა, შემდეგ დათბა და გვამებმა გახრწნა დაიწყეს, მაშინ კი უბრალოდ გავიტანეთ ქუჩაში და ველოდებოდით ამ ყველაფრის დასრულებას, რათა ადამიანი ნორმალურად, სასაფლაოზე დაგვემარხა და არა ეზოში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს მარიუპოლზე. საკითხავია მხოლოდ, როდის? ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. დავბრუნდები თუ არა მარიუპოლში საცხოვრებლად - არ ვიცი, მაგრამ თუ გაათავისუფლეს, მინდა ნორმალურად დავემშვიდობო მას, რადგან უკანმოუხედავად დავტოვეთ. მინდა დავემშვიდობო ჩემს მშობლიურ ადგილებს. კვლავ საცხოვრებლად დარჩენა - დიდი კითხვაა. სანამ გიჟები სხედან კრემლში, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ცხოვრება სახიფათოა. სანამ გიჟური იდეები ტრიალებს ამ ავადმყოფ თავებში, მთელი უკრაინა საფრთხის ქვეშაა, თუნდაც გავდენოთ ეს ნაძირალები ჩვენი ტერიტორიებიდან. მეორეც, მარიუპოლი ახლა განადგურებულია. ფიზიკურად არ მაქვს დასაბრუნებელი ადგილი. მინიმალური კომუნიკაციის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ახლა, ფაქტობრივად, მარიუპოლში შუა საუკუნეებია: არ არის გაზი, ელექტროენერგია, წყალი, ხალხი საკვებს შეშაზე ამზადებს, ზღვაში იბანს ტანს. ასეთ მარიუპოლში დაბრუნება არ მინდა“.