ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა 18-მა ადამიანმა სასამართლოს სარჩელით მიმართა

23 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს უკანონოდ გათავისუფლებულმა 18 თანამშრომელმა პროფესიული კავშირის ინიციატივით სარჩელი შეიტანა საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ. ისინი ითხოვენ მათი გათავისუფლების ბრძანებების ანულირებას, სამსახურში აღდგენას და განაცდური თანხის ანაზღაურებას.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებში გაწევრიანებულ მეცნიერებს სამართლებრივ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადვოკატი დავით ომსარაშვილი უწევს სოლიდარობის ქსელის მხარდაჭერით.

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მუზეუმში უკან დასაბრუნებლად ითხოვენ, სამსახურებში დაბრუნდეს რეორგაზაციის ფარგლებში ბოლო 1 წლის განმავლობაში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი - ცალკეული პირების აღდგენა და სხვების მუზეუმის გარეთ დატოვება მათთვის მისაღები არ არის.

ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრონელი 24 მაისს რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც კვალიფიკაციის დამდგენმა კომისიამ მათთან გასაუბრებები ჩაატარა. მეცნიერები ამბობენ, რომ გასაუბრებაზე მათთან პროფესიულ თემებზე საუბარი არ ყოფილა და ძირითადად იმით ინტერესდებოდნენ მუზეუმის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მოწონდათ თუ არა მათ ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკა.

ასევე ნახეთ საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს

ეროვნული მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უძღოდა იგივე პროცესი ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. ჯამში მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, სამუზეუმო სფეროს რეფორმის სახელით ამ სისტემიდან 70-მდე ადამიანია გათავისუფლებული. მათი დიდი ნაწილი გათავისუფლების ბრძანებებს სასამართლოში ასაჩივრებს.

ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს 31 მილიონზე მეტი ლარის სასამართლო დავები აქვთ - აუდიტი