"არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი". ლეგენდარული „ტაირა“ რუსული ტყვეობის შესახებ

იულია პაიევსკაია („ტაირა“) რუსული პროპაგანდისთვის, „მაიდნის აქტივისტკა“ და მარიუპოლის „ნაცბატალიონის“ სასტიკი სანიტარია, რომელიც არც ქალებს ინდობდა და არც ბავშვებს. „ბერდიანსკის მიმართულებით მარიუპოლის გასასვლელთან გააჩერეს სასწრაფო დახმარების მანქანა. მძღოლის გარდა ავტომობილში ისხდნენ ქალი და ორი ბავშვი. ქალს „ტაირა“ ერქვა. ქალაქიდან გამოსვლის წინ „ტაირამ“ ბავშვების მშობლები დახოცა, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დედად გაესაღებინა თავი“, - ასე აღწერა რუსულმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ პაიევსკაიას ტყვედ აყვანა.

უკრაინელმა მოხალისე-პარამედიკოსმა იულია პაიევსკაიამ („ტაირა“) სამი თვე გაატარა ტყვეობაში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (დსრ) ტერიტორიაზე. 17 ივნისს მისი გათავისუფლების შესახებ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამცნო. გათავისუფლებიდან ორიოდე დღეში პაიევსკაიამ გამოაქვეყნა თავისი ფოტო მინაწერით:

იულია პაიევსკაია ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ

სელფებს ჯერ არ დავდებ. ბოდიში. ჩემი წონა ახლა დაახლოებით 50 კგ-ია. ძალიან გამოფიტული ვარ და საშინლად გამოვიყურები. მაგრამ საუკეთესო ექიმები ზრუნავენ ჩემზე და მალე დავბრუნდები მწყობრში“.

იულია პაიევსკაია 16 მარტს დააკავეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) სამხედროებმა, როდესაც მძღოლთან ერთად ცდილობდა ბავშვებისა და ქალების გაყვანას მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში, „მწვანე დერეფნის“ გავლით. დაკავების შემდეგ, დიდი დროის განმავლობაში, არაფერი იყო ცნობილი მის შესახებ: პაიევსკაიას ოჯახმა არაფერი იცოდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო რუსული მხარე უარყოფდა პარამედიკოსის ტყვეობაში ყოფნას, თუმცა მალევე, რუსულმა სატელევიზიო არხმა НТВ-მ გამოაქვეყნა რეპორტაჟი პაიევსკაიას შესახებ, რომელშიც ტყვე-მედიკოსი „მხილებული“ იყო აზოვის პოლკთან კავშირსა და მკვლელობებში.

იულია პაევსკაია („ტაირა“) დაბ. 1968 წ. - უკრაინელი სამხედრო პარამედიკოსი, ევაკუაციისა და მოხალისე სამედიცინო რაზმ „ტაირას ანგელოზების“ დამფუძნებელი. 2014 წლიდან მუშაობდა მოხალისედ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, 2018 წლიდან 2020 წლამდე ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ხელმძღვანელობდა მარიუპოლის 61-ე მობილური საავადმყოფოს ევაკუაციის განყოფილებას. მოხალისე მედიკოსად მუშაობა დაიწყო ევრომაიდნის დროს, დონბასში ომის დაწყების შემდეგ, აიღო სახმობი ნიშანი „ტაირა“ (ერთ-ერთი იაპონური კლანის პატივსაცემად). 2018 წელს გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან; 2020 წელს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მუშაობა განაგრძო მოხალისედ. გადარჩენილი ჰყავს 500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ პორტატულ ვიდეოკამერაზე იღებდა მარიუპოლში დაჭრილთა მოვლის პროცესს. 15 მარტს გადაღებული მასალები გადასცა Associated Press-ის კორესპონდენტს, მეორე დღეს, 16 მარტს, მძღოლთან ერთად დაატყვევეს რუსმა სამხედროებმა. ტყვეობაში დაჰყო 3 თვე, გაათავისუფლეს 2022 წლის 17 ივნისს.

ჯერ ისევ ჰოსპიტალში მყოფმა იულია პაიევსკაიამ რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რა გადახდა ტყვეობაში და, რა მდგომარეობაში იყო, როცა ტყვეობიდან დაბრუნდა:

„მქონდა საშინელი ფიზიკური გადაღლა, მქონდა დაზიანებები, რომლებზეც ჯერ ვერ ვსაუბრობ, მქონდა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც მე თვითონ გავუმკლავდი. ჩემი ფსიქიკა წესრიგშია, მაგრამ ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. იყო კონტუზიის შედეგები, თავის ტკივილი, მხედველობა მკვეთრად გამიუარესდა. წონაში საგრძნობლად დავიკელი და ანორექსიით დაავადებულს დავემსგავსე. ახლა ცოტა სული მოვითქვი. პროთეზებზეც მქონდა პრობლემები. მაგრამ ზოგადად, შეიძლებოდა ბევრად უარესიც ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ გამიმართლა. ალბათ დამეხმარა ის, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი - უკრაინის ნაკრებთან ერთად ვემზადებოდი Invictus Games-ის საერთაშორისო შეჯიბრებისთვის“.

რადიო თავისუფლება: ადრე აღნიშნეთ, რომ ყველაფერს ვერ იტყოდით, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა. რა გამოძიებაა?

- ეს არის უკრაინული მხარის გამოძიება, რომელსაც საუკეთესო სპეციალისტები ატარებენ. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან შეზღუდული ვარ იმით, რისი თქმაც არ შემიძლია. იმ ჟურნალისტებსაც ვუჩივლებდი, რომლებმაც ჩემზე ცილისმწამებლური სიუჟეტი გადაიღეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, მჭირდება ადვოკატი. ტყვეობაში ყოფნისას „დსრ“-ში აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წამიყენეს. მუხლს ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, დახვრეტის მუხლია. ბრალი აბსურდულია. ისეთივე სისულელეა, როგორიც განცხადებები, რომ თითქოს მარიუპოლიდან ობოლ ბავშვებთან ერთად გამოსვლის მიზნით დავხოცე მათი მშობლები. იმდენი ობოლი ბავშვია მარიუპოლში, გაუგებარია, რა საჭირო იყო ვინმეს მოკვლა.

იულია პაიევსკაიას ტყვეობა სამი თვე გაგრძელდა. როგორც თვითონ ამბობს, გამოკეტილი ჰყავდათ დონეცკის საგამოძიებო იზოლატორსა და კიდევ ერთ დაწესებულებაში, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამოდინარე არ ასახელებს, თუმცა დეტალურად აღწერს პირობებს, რომელშიც იმყოფებოდა:

„რომ მიმიყვანეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რადგან მარიუპოლში დაბომბვისას კონტუზია მივიღე. საშინელი თავის ტკივილი მქონდა და ვითხოვე ექიმის ან სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ უარი მითხრეს. აბსოლუტურად ყველაფერი ჩამომართვეს. ტელეფონის პაროლიც მათქმევინეს, რაც ასევე ადამიანის უფლებების დარღვევაა. ნათესავებთან დარეკვის უფლებაც კი არ მომცეს.

აბსოლუტურად უძლური ხარ, არაფრის უფლება არ გაქვს. ჩემთვის აუცილებელი წამლებიც კი წამართვეს. ფარისებრი ჯირკვალი არ მაქვს, რის გამოც ჩანაცვლებითი თერაპია მჭირდება - ყოველდღე უნდა მივიღო ჰორმონები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოვითხოვე, რომ მათ გარეშე უბრალოდ მოვკვდებოდი, რამდენიმე დღეში მომიტანეს. რა თქმა უნდა, მათ გარეშე ვერ გავძლებდი. ასთმაც მაქვს - სალბუტამოლიც არ მომცეს თავიდან. დაცვას ჰქონდა. თუ შეტევა დამემართებოდა, კართან უნდა მივსულიყავი და დიდხანს მეკაკუნა, სანამ დაცვა არ მოვიდოდა. მერე მეთქვა, ასთმის შეტევა მაქვსო, ის მეტყოდა, „გასაგებია“ და დიდი ხნით წავიდოდა. მერე, სარკმელი გაიღებოდა და სალბუტამოლს ან დამიდებდნენ, ან გადმომიგდებდნენ. მოკლედ, პირუტყვული მოპყრობა იყო. დაკითხვის დეტალებს ჯერ ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაფერი მკაცრად იყო, თუმცა ალბათ უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

სამი თვე ჰაერზე არ ვყოფილვარ, სასეირნოდ ერთხელაც არ გავსულვარ. საცვლების ერთი კომპლექტი მქონდა, რომელიც დაპატიმრებისას მეცვა. მხოლოდ შარვალი და მაისური. შეგეძლო არც არაფერი გეთხოვა - მაინც არაფერს მოგცემდნენ. გოგოებმა მოითხოვეს, მაგრამ არაფერი მიიღეს. რამდენჯერმე მოგვცეს ქაღალდის პირსახოცების შეკვრები. ბოლო კვირაში საპონიც არ მოგვცეს, ხელების და ჭურჭლის დასაბანი არაფერი გვქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მქონდა არც სავარცხელი და არც კბილის ჯაგრისი, არაფერს ვამბობ რაიმე სახის მალამოზე - ეს საერთოდ ფანტაზიის სფეროა. პატიმრობის ისეთი მძიმე პირობებია, თითქოს რაღაც ცხოველები ვიყოთ. ალბათ საერთოდ არ გვთვლიან ადამიანებად“.

იულია პაიევსკია

რთ: რამდენი ადამიანი იყო შენთან ერთად საკანში?

- ერთ ადგილას ორ ქალთან ერთად ვიჯექი, მერე სამარტოოში გადამიყვანეს, ბოლოს კი - საკანში, სადაც 22 ქალი იჯდა. ეს იყო პატარა საკანი: 3 მეტრი 6 მეტრზე, რეჟიმიც მკაცრი გვქონდა: დღის განმავლობაში მხოლოდ ფეხზე დგომა შეიძლებოდა, სკამი ორი იყო და, შესაბამისად, ყველა ვერ დაჯდებოდა, ვენაცვლებოდით ერთმანეთს. სხვადასხვა ასაკის ქალები იყვნენ, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ზოგს - ჭარბი წონის. ორსართულიანი „ნარები“ იყო და 22 ქალს როგორმე უნდა დაეძინა ათ ლოგინზე. ქალი, რომელსაც ჩემთან ერთად ეძინა, ერთხელ გადმოვარდა - მადლობა ღმერთს, რომ არ მოკვდა. საოცრებაა, რომ სერიოზულად არ დაშავდა. ...ერთ ქალს ინფარქტი დაემართა. ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ მედპერსონალი მაინც არ მოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე ამბავი სხვა ქალსაც დაემართა. ამჯერადაც არავინ მოვიდა. ისე, არც ვისურვებდი ადგილობრივი ექიმების ხელში მოხვედრას. დამიჯერეთ, არ ღირს ამის გაკეთება. თუ საერთოდ აღმოგიჩენენ დახმარებას, ალბათ მინიმალურს, მაგრამ სამაგიეროდ მოახდენენ საშინელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. საერთოდ, ცდილობენ წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალებს არ სცემონ, რატომღაც ქალებს ცოტა რბილად ექცევიან, მაგრამ ეს წესი ჩემზე არ ვრცელდებოდა. რაღაც მხეცის ნიმუშად ვიყავი წარმოდგენილი. ჩემგან ურჩხული გამოძერწეს, რაც უპირობოდ დაიჯერა მთელმა წვრილფეხობამ. მიდგომაც შესაბამისი ჰქონდათ, თითქოს მართლა ვინმე მყავდა მოკლული.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე „ტაირა“ არ ამბობს, აწამებდნენ თუ არა მას ტყვეობაში. ამაზე გამოძიების დასრულების შემდეგ ვილაპარაკებო, ამბობს მედიკოსი ქალი, რომელიც, მისივე თქმით, უდანაშაულო ქალებთან ერთად იყოფდა გასაჭირს:

„ჩემთან ერთად ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული გვარდიის წევრები: კონტრაქტით აყვანილები ან პოლიციელები. რამდენადაც მახსოვს, ტერორიზმისა და ტერორიზმის ხელშეწყობის უმძიმესი მუხლები წაუყენეს. არადა, იარაღთან თითქმის არცერთ მათგანს კავშირი არ ჰქონია. 5, 10 და 20-წლიანი პატიმრობები ემუქრებათ მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, ერთგულებდნენ ფიცსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

რთ: სანამ ტყვეობაში იყავით, ოჯახმა არაფერი იცოდა თქვენი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ. თქვენ თუ იღებდით რამე ინფორმაციას, რა ხდებოდა გარეთ?

- ვიღაც სადღაც შეიტყობდა ახალ ამბებს დსრ-დან ან რუსეთიდან და გვიყვებოდა ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე. მატყობინებდნენ, რომ უკრაინაში იცოდნენ ჩემი ტყვეობის შესახებ. როგორც ჩანს, ვიღაცამ დაინახა, როგორ დამატყვევეს და ჩემს მეგობრებს დაურეკა. ეს რომ არა, ვერასდროს დამიხსნიდნენ ტყვეობიდან, იქ მოვკვდებოდი. მადლობა იმ ადამიანს, ვინც შეიატყობინა ჩვენიანებს, რომ ტყვედ ჩავვარდი. მადლობა ყველას, ვინც გამომიხსნა - უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში. პირადად პრეზიდენტი ზელენსკი და ვეტერანთა საქმეთა სამინისტრო, ყველა ჩემი მეგობარი, დეპუტატები და უბრალო ხალხი ბევრს წერდა და ლაპარაკობდა ჩემზე. ეს იყო ძალიან დიდი ტალღა და, როგორც ჩანს, ჩემი გადამალვა შეუძლებელი აღმოჩნდა. როდესაც ჩემმა ქალიშვილმა Invictus Games-ზე იასპარეზა, ამანაც ასევე დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, სასწაულია, რომ იქიდან გამოვედი. არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი.

...ახალი ამბებიდან ვასკვნიდი, რომ რუსებს არ შეეძლოთ უკრაინის დაპყრობა, რომ კიევიდან უკან დაიხიეს და ფრონტის ხაზი აღმოსავლეთით - დონეცკისა და ლუგანსკისკენ - ძალიან ნელა მოძრაობდა. ვხვდებოდი, რომ მათ არ შეეძლოთ ქვეყნის ხელში ჩაგდება და ეს ყველას გვაძლევდა იმედს, მათ შორის, გათავისუფლებისას. იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია - ბოლოს და ბოლოს, ზარალდებიან არა მხოლოდ დატყვევებული პატიმრები, არამედ რიგითი მცხოვრებლებიც. მარიუპოლი მთლიანად განადგურდა, მე ვნახე, როგორ კლავდნენ ქალაქს. მომაკვდავი ქალაქი, სადაც ცხედრები აწყვია ქუჩაში - ეს ყველაფესი ჩემ თვალწინ ხდებოდა. მე ვიღებდი ჰოსპიტალში დაჭრილებს, უამრავ სამოქალაქო პირსა და სამხედროს: ეს სამხედრო ჰოსპიტალია, მაგრამ დახმარებას ყველას ვუწევდით. ეს უზარმაზარი კატასტროფაა და სიტყვები არ მყოფნის მის აღსაწერად. ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას უკრაინიდან, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ შეიტყობენ რამეს, როცა წვდომა აქვთ. მარიუპოლში ბევრი მეგობარი მყავდა, უმეტესობა წავიდა. დარჩენილები ამბობენ, რომ ქალაქი სავალალო მდგომარეობაშია და, რომ ყველაფერი ცუდადაა. უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები.

იულია პაიევსკაიას თქმით, სასწაულებრივად გაუმართლა მასთან ერთად დატყვევებულ მძღოლსაც, რომელმაც მოახერხა გაქცევა და საზღვარგარეთ, სამშვიდობოზე გაღწევა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პაიევსკაია გაცვალეს ყირიმში ჩეჩნეთის მეთაურის წარმომადგენლის შვილში, ტყვეობიდან გამოხსნილი მედიკოსი ვერ ადასტურებს. ამბობს, რომ არ იცის ვინ იყოს მამაკაცი, რომელიც მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცეს რუსებს:

- არც გამეცნო და არც პასპორტი მაჩვენა. დავინახე ადამიანი, მაგრამ ვინ იყო, წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან ცუდი მხედველობა მაქვს, სათვალე კი არ მომცეს. რომ დამენახა, შეიძლება მეცნო კიდეც, მაგრამ სათვალე ტყვეობის პირველივე დღეს წამართვეს.

იულია პაიევსკაია

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იულია პაიევსკაია გეგმავს მთელ ცივილიზებულ სამყაროს გააგებინოს, რა ხდება უკრაინაში, როგორ არაადამიანურად ექცევიან დაჭრილებს და როგორ ურევს პროპაგანდა ადამიანებს ტვინს.

„პროპაგანდის შედეგად ისინი მართლაც ზომბებივით არიან და არანაირი რაციონალური მოსაზრებები მათზე არ მოქმედებს. მაგალითად, კითხვის პასუხად მე ვეუბნები: ამიხსენით, რაში მჭირდებოდა ეს, რაღაც მოტივი ხომ უნდა ჰქონოდა ჩემს მოქმედებას?“ ეს ელემენტარული ლოგიკაა. პასუხად: "დამნაშავე ხარ, ეს შენ გააკეთე, აი, ნაცისტები ხართ უკრაინაში, შენ ხარ ნაცისტი". ვითხოვ, ამიხსნან, რაში გამოიხატება ჩემი ნაციზმი. პასუხად მეუბნებიან: „გეზიზღებით ჩვენ“. მე კი მართლა არ მძულს არავინ. დიდხანს ვაანალიზებდი, რას ვგრძნობდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაკითხვებს მიწყობდა. მივედი იმ დასკვნამდე, რომ მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც პაციენტებისადმი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. არ მაქვს მათ მიმართ სიძულვილი, წყენაც კი არ მაქვს, რადგან ექიმი არ განაწყენდება დაავადების მქონე ადამიანზე - მას დახმარება სჭირდება. მგონია, რომ მათაც სჭირდებათ დახმარება“.

რთ: აპირებთ პარამედიკოსად მუშაობის გაგრძელებას?

- პირდაპირ ფრონტზე დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირება ბევრად უფრო სასარგებლოა ქვეყნისთვის, ვიდრე ფრონტზე წასვლა. ბევრი გაიგებს რა ხდება, რაც გაუადვილებს ცხოვრებას ტყვეობაში დარჩენილებს. ყველაზე მეტად იქ დარჩენილთა ბედი მაწუხებს. გოგოები დარჩნენ საკნებში, მათი ტანჯვა კვლავ გრძელდება. ისინი ვერ იღებენ გადაცემებს, არ იციან, როგორ არიან მათი ახლობლები. გაურკვევლობა ყველაზე ძნელი გადასატანია, როცა არ იცი რა ხდება შენი შვილის თავზე, რა ხდება შენს ოჯახში, ცოცხალია თუ არა დედაშენი. ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება, მათ კი ნათესავებთან დაკავშირების არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. თუ შევადარებთ ერთმანეთს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებებს - როცა ინფორმაცია არ გაქვს - ვფიქრობ, ფსიქოლოგიური კიდევ უფრო ძლიერია, რადგან უწყვეტად გრძელდება და უვარჯიშებელ ფსიქიკაზე კატასტროფულ გავლენას ახდენს.