საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომისა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით გამართული აქციები თბილისში უშედეგოდ დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, თბილისში ჩატარებული აქციების მოთხოვნების შესახებ. შეკითხვის პირველი ნაწილი კი შეეხებოდა დასავლეთის კრიტიკას საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი, ოპოზიციისა და ადამიანის უფლებების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო და იმას, მზად არის თუ არა იგი წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციასთან.
„მე მინდა კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ, ალბათ, არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიის, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ჩვენ გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ინდიკატორად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობაც მეტყველებს, რომელიც, მისი სიტყვებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე წლის განმავლობაში იყო 4-5 ათასი, ახლა კი მხოლოდ 150-ია.
„რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ, თითქოს, დემონსტრაციები იმართება. დემონსტრაციები ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისე როგორც სხვა დემონსტრაციები, დასრულდა უშედეგოდ. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან - რას ნიშნავს გადასვლა „არათანამშრომლობის ეტაპზე”ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში თბილისში მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ინიციატივით, სამი აქცია გაიმართა. მოძრაობის მიზანი მთავრობის შეცვლა, ეროვნული თანხმობის საფუძველზე დროებითი მთავრობის ფორმირება და ევროკავშირის მიერ დასახული იმ 12 ამოცანის შესრულებაა, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება. ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რას აპირებს მომავალში მოძრაობა მიზნების მისაღწევად.
ასევე ნახეთ აქცია "შინ ევროპისკენ" მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა