სასამართლომ უკანონოდ ცნო აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს უფროსის გათავისუფლების გადაწყვეტილება

შორენა ღლონტი, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის სარჩელი, რომლითაც ის თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა. აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ღლონტის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შორენა ღლონტი თანამდებობიდან 2020 წლის 28 თებერვალს მოხსნეს.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია შორენა ღლონტის მიმართ მაუწყებლის დირექტორის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მას არ გაუგრძელდა ხელშეკრულება ვებგვერდის კონსულტანტის თანამდებობაზე.

"ბოლო სამთვიან ხელშეკრულებას რაც ეხება, რატომღაც სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ხელშეკრულება შეწყდა იმაზე ადრე, ვიდრე უნდა შეწყვეტილიყო. სასამართლომ დაახლოებით ორი თვის ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება დაავალა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია", - ამბობს ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

შორენა ღლონტის მიმართ აჭარის ტელევიზიას დამატებით დაეკისრა 20 ათასი ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კომპენსაცია მას საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ეკუთვნოდა.

"სასამართლოს არ დაუკისრებია მაუწყებლისთვის შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენა ან საპირწონე თანამდებობის შეთავაზება", - დასძენენ აჭარის ტელევიზიაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეურვეო საბჭომ დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა. შორენა ღლონტი ერთ-ერთია იმ ათამდე თანამშრომელს შორის, რომელიც აღალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.