სინამდვილეში რა დროშა გამოფინეს სოხუმში?

რუკა ისტორიული დროშის გამოსახულებით

23 ივლისს აფხაზეთში .. სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დღესასწაულზე გამოიტანეს დროშები, რომლებიდანაც ერთი საქართველოს სახელმწიფო დროშას ჰგავდა. რა დროშა იყო სინამდვილეში და რატომ გამოიტანეს ის ზეიმზე?

რა ჩანდა ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე?

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც სოხუმში ცხენოსნების მსვლელობაა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ მოაქვს ერთ-ერთ მხედარს თეთრი დროშა, შუაში წითელი ჯვრითა და ოთხი წითელი რგოლით. ფეისბუკზე კადრების გავრცელების შემდეგ, ბევრმა ეს დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად მიიჩნია და აღიქვა, როგორც აფხაზების პოზიტიური გზავნილი ქართველების მიმართ. ზოგმა ისიც თქვა, რომ სოხუმში უკრაინული დროშაც ჩანდა.

ფეისბუკი წალეკა კომენტარებმა: „ვერ ვიჯერებ, ეს როგორ“?, „და ცოცხალია ამის შემოქმედი?“, „რა ხდება?“, „რატომ გაგიკვირდათ ჩვენივე მიწაზე ჩვენივე დროშა“, „მოდიან აზრზე“, „ვაიიი, ახლა მართლა გამიკვირდა“, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, „სიზმარში ხომ არ ვარ, მითხარით ვინმემ“, „მონტაჟია“...

სოხუმში ცხენოსნების მიერ გამოტანილი დროშა.

რა ხდებოდა სოხუმში?

23 ივლისს აფხაზეთი ე.წ. სახელმწიფო სიმბოლიკის დღეს აღნიშნავს. წელს შესრულდა 30 წელი მას შემდეგ, რაც 1992 წელს აფხაზეთის დროშა და გერბი დამტკიცდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სოხუმში (და არა მარტო) მოეწყო ზეიმი, რომლის ბოლოს ცხენოსნებმა აფხაზეთის ისტორიული დროშებით ჩაიარეს. სცენაზე მდგარი მსახიობი კი ამ დროშების ისტორიებს ჰყვებოდა.

რაც შეეხება უკრაინის დროშას, რომელიც ასევე „დაინახეს“ ზეიმზე, ის უბრალოდ ერთ-ერთი ადგილობრივის ლურჯ-ყვითელი ქოლგა იყო.

სინამდვილეში რა დროშა ააფრიალეს აფხაზმა ცხენოსნებმა?

დროშა, რომელიც ვიდეოზე ჩანს, ჰერალდიკის ექსპერტებისთვის კარგად არის ნაცნობი. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ამბობს, რომ ის მე-14 საუკუნის საზღვაო რუკებზე გვხვდება. ისტორიული დროშა აფხაზეთში ხშირად გამოაქვთ გამოფენებზე.

რუკაზე სოხუმის თავზე ეს დროშა იყო გამოსახული. ხუთჯვრიანი დროშებიც არის იგივე რუკებზე სებასტოპოლის (ახლანდელი სოხუმის) გასწვრივ. ეს დროშა ყველაზე ძველია, ამიტომ ყველაზე პირველი ის გამოაქვთ ხოლმე. გარდა ამისა, ხშირად, როდესაც თბილისის თავზე [იგულისხმება თბილისი რუკაზე - ..] ხუთჯვრიან დროშას გამოსახავდნენ, სოხუმთან დახატული იყო დროშა ჯვრებით და მწვანე ზოლებით. აფხაზეთში ეს დროშაც გამოაქვთ გამოფენაზე. უბრალოდ რატომღაც წელს მოხვდათ თვალში.

ეს რუკები საქართველოს სახელმწიფო დროშის მთავარი წყაროებია. მთელი სამი საუკუნის განმავლობაში ეს დროშები საქართველოს რუკებზე დაიტანებოდა, - ამბობს მამუკა გონგაძე, - დროშა ერთი დიდი ჯვარით და ოთხი რგოლით ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც ხუთჯვრიანი დროშა - მაცხოვარს და ოთხ მახარებელს“.

ისტორიული დროშა მწვანე ზოლებით

რადიო თავისუფლების ბლოგერი ვიტალი შარია, თავის ბლოგში - „აფხაზური დროშის შექმნის ისტორია“ - ჰყვება, თუ როგორ მტკიცდებოდა 1992 წელს აფხაზეთის დროშა და გერბი. თუკი გერბი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზ დეპუტატებსაც მოეწონათ და ქართველებსაც, დროშაზე აზრები გაიყო. ქართველი დეპუტატები მწვანე ზოლებს ისლამის სიმბოლიკად მიიჩნევდნენ.

აფხაზური მხარე პასუხობდა, რომ მწვანე ფერი გვხვდება იტალიის დროშაზეც, რომელიც საერთოდ არ ითვლება მუსულმანურ ქვეყანად. ვალერი გამგია [დროშის ავტორი მხატვარი - ..] ასე განმარტავდა: თეთრი ფერი არის სულიერების სიმბოლო, მწვანე - ახალგაზრდობისა და სიცოცხლის“, - წერს ვიტალი შარია.

მამუკა გონგაძე ადასტურებს, რომ მწვანე ზოლები აფხაზურ დროშაზე ისლამთან არაფერ შუაშია. ერთი ვერსიით, მწვანე ფერი არის ოდიშის სამთავროს, დადიანების სიმბოლო. ეს ფერი დროდადრო ჩნდებოდა სოხუმთან რუკებზე, მაშინ როცა დადიანის გავლენა ამ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

ირაკლი ბებუას საქმე

აფხაზეთის ე.წ. დროშას უკავშირდება ერთი გახმაურებული საქმეც. 2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა, ირაკლი ბებუა გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშასთან მივიდა და ცეცხლი წაუკიდა.

ირაკლი ბებუა

მოგვიანებით ამ ბრალდებას დაემატა საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაც. ირაკლი ბებუას სახლში ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.

2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.