აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის გამო მედიაში სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

ფოტო არქივიდან

საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს, ტელე და რადიო მაუწყებლებში შემოსავლები შემცირდა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები 17,5 პროცენტით დაკლებულია.

წელს აპრილ-ივნისში მაუწყებლების შემოსავალი 19 მლნ ლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი - 23,1 მლნ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც
რადიო (12,7%), ისე სატელევიზიო მაუწყებლების (17,9%) სარეკლამო შემოსავლები.

ასევე ნახეთ აზარტული თამაშების ტელერეკლამა აიკრძალა, ამოქმედდა სხვა შეზღუდვებიც

"რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4,6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს", - აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.

ტელევიზიების შემოსავალი 2022 წლის მეორე კვარტალში

მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით, "იმედმა" შემოსავლების 13 პროცენტი დაკარგა, "მთავარმა არხმა" - 19%; "რუსთავი 2"-მა (მედია ჰოლდინგ) - 16%; "TV პირველმა" - 18%; "პოს ტვ"-მ - 20%; საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - 11% და ა.შ.

ასევე ნახეთ ნებისმიერი ტელევიზიისთვის ეს იქნება დარტყმა - რა „პრობლემას აგვარებს“ ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის შევიწროებით

იმაზე, რომ აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის აკრძალვა მაუწყებლებისთვის დარტყმა იქნებოდა, რეგულაციების ამოქმედებამდე საუბრობდნენ "მთავარი არხის", "ფორმულისა" და "TV პირველის" წარმომადგენლები. 1 მარტიდან მედიასაშუალებაში აზარტული თამაშების შესახებ ყველა სახის რეკლამის განთავსება აკრძალულია.