„ვეშაპებზე“ ნადირობა აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ხდება. ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისათვის გადაცემისა და კორუფციული საქმეების გამჟღავნების გამო აგორებული საპროტესტო განწყობების ფონზე თანამდებობა დატოვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გავლენიანი პოლიტიკური პარტიის, „ამცახარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალხას კვიცინიამ, რომელმაც მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან და ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მხარეს მებრძოლ ახრა ავიძბასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა 2020 წლის მოვლენებსა და, შესაბამისად, ასლან ბჟანიას გაპრეზიდენტებაში. აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე უნდა მეტყველებდეს იქ ახლახან რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის სტუმრობა.

ალხას კვიცინიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ საზოგადოებას წერილით მიმართა:

„ძვირფასო თანამემამულენო! ამ გუნდში ყოფნის პირველივე დღიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ ვიზრუნებდით უბრალო ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებმაც ირწმუნეს ჩვენი. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნისთვის. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროც ბევრი დავინახე. უნდა ითქვას, რომ ამ ფონზე, მე ასევე ვუყურებდი ლიდერთა ნაწილის კმაყოფილ სახეებს, რომლებიც სწრაფად მდიდრდებოდნენ. მივხვდი, რომ ხალხის ნდობა ჩვენ მიმართ ნელ-ნელა მცირდებოდა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არ შემეძლო ამ გარემოებებზე ზემოქმედების მოხდენა“.

ალხაზ კვიცინია

შემდეგ ალხას კვიცინია ლაპარაკობს იმაზე, რომ ასლან ბჟანიამ მას სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესათავაზა იმის გამო, რომ თითქოსდა არსებულ თანამდებობაზე ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. კვიცინია ამბობს, რომ შეთავაზება არ მიიღო:

„თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ გავართვი თავი, მაშინ, ლოგიკურია, რომ სხვა მიმართულებითაც ვერ ვივარგებ. ეს არის ჩემი უარის მიზეზი. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც ცვლილებებს დავპირდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მოხდება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია“.

ალხას კვიცინიასგან „ცვლილებების დაპირება“ გარკვეულ მოგონებებს აღძრავს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულ ადამიანებში, რომლებსაც ახსოვთ 2019-2020 წლებში დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებული, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი მოვლენები.

ალხას კვიცინიას გადადგომის მნიშვნელობაზე მეტყველებს გავლენიანი პოლიტიკური პარტიის „ამცახარას“ პრეზიდიუმის ნაჩქარევი შეკრება და განცხადების გავრცელება:

„ალხას კვიცინია - ომის ვეტერანი და ჩვენი თანაპარტიელი, იდგა 1992-93 წლებში აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანთა კავშირის, „ამცახარას“ შექმნის სათავეებთან და მას არასოდეს უღალატია თავისი პრინციპებისათვის. „ამცახარელები“, ისევე როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, გრძნობენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც „ამცახარა“ რჩება არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდამჭერად, თუმცა აპირებს გარკვეული საკითხები წერილობით დააყენოს ხელისუფლების წინაშე და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს მის უმაღლეს წარმომადგენლებს.

კვიცინია, ავიძბა, ანქვაბი

„შემთხვევითი პრეზიდენტი“ - ასე უწოდებს ასლან ბჟანიას მისი ყოფილი მრჩეველი და ამჟამად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ახრა ავიძბა, რომელმაც ფაქტობრივად იერიშით აიღო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა 2020 წელს.

როგორც აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ამბობს, 2020 წლის „გადატრიალებას“ სამი ძირითადი შემოქმედი ჰყავდა, შესაბამისად, ასლან ბჟანიას ხელისუფლებაც, გარკვეულ დრომდე, სამ ვეშაპზე იდგა. ერთ-ერთი უდავოდ იყო ალხას კვიცინია, „ამცახარას“ მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯანმრთელობაშერყეულ ბჟანიას (არსებობდა ეჭვი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს) დუბლიორის როლს ასრულებდა. სწორედ მან წამოიწყო გაჭიანურებული სასამართლო პროცესი მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ, რითაც შეძლო დროის მოგება ბჟანიას აფხაზეთში დაბრუნებისთვის: ვიდრე კვიცინია და „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას სასამართლოში ურჩევდნენ საქმეს, ბჟანიამ მოასწრო მიუნხენში მკურნალობა და გამოჯანმრთელება. ამის შემდეგ ინიციატივა ხელში აიღო ახრა ავიძბამ, რომელიც პირდაპირ სასამართლოდან გაეშურა პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, მომხრეებთან ერთად შევარდა შენობაში და გადადგომა აიძულა მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. სწორედ ახრა ავიძბამ შექმნა სივრცე ბჟანიასათვის პრაქტიკულად უალტერნატივო არჩევნების ჩასატარებლად.

ახრა ავიძბა

  • 2019 წლის ივლისში პარტია „ამახარამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ალხას კვიცინია, რადგან ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, სავარაუდოდ, მოწამლეს.
  • 2019 წლის 8 სექტემბერს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალხას კვიცინია დამარცხდა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა და სასამართლოს მიმართა. 9 იანვარს ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. 2020 წლის 10 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა კვიცინიას საკასაციო საჩივარი, რომლითაც არჩევნების შედეგები გაუქმა. 12 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 'საპრეზიდენტო არჩევნების' ახალი თარიღი - 22 მარტი გამოაცხადა. ამ დღს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.
  • 2020 წლის 22 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.
  • ალხას კვიცინია პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2020 წლის 24 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

გადატრიალების მესამე შემოქმედი ალექსანდრე ანქვაბია, რომელმაც 2019 წელს დროულად მიუსწრო ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და შესთავაზა ბჟანიას თავისი ელექტორატი. ბჟანიასთვის ეს სამი ფიგურა, გაზვიადების გარეშე, საყრდენი ბოძები იყვნენ, სწორედ მათი დამსახურებით მოიპოვა პრეზიდენტის სავარძელი.

„ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს „ვეშაპებზე“ ნადირობას“, - ამბობს იზიდა ჭანია.

იზიდა ჭანია

2020 წლის არჩევნების შემდეგ ყველა მათგანმა მიიღო თანამდებობა: ალხას კვიცინია გახდა "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი", ახრა ავიძბა - "პრეზიდენტის მრჩეველი", ხოლო "პრემიერ-მინისტრობა" ალექსანდრე ანქვაბს ერგო. ანქვაბმა თავისი თანამდებობა წინასწარ შეათანხმა და საჯაროდაც გამოაცხადა ამის შესახებ. ახრა ავიძბამ და ალხას კვიცინიამ კი, როგორც ჩანს, ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ.

ბჟანიას გუნდში ყველაზე სუსტი რგოლი ახრა ავიძბა იყო. ის პირველი ამოვარდა დე ფაქტო პრეზიდენტის წრიდან. ავიძბამ შექმნა მოძრაობა „ახალი ხალხი“ და დაიწყო ბჟანიასა და მისი გარემოცვის მწვავედ გაკრიტიკება, რის გამოც, მეგობრებთან ერთად, მალე აღმოჩნდა ციხეში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის“. ეს ბრალდება მოგვიანებით „იარაღის უკანონო შენახვით“ შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ახრა ავიძბამ პირობითი სასჯელი მიიღო, შემდეგ კი გაემგზავრა უკრაინაში, სეპარატისტულ და ოკუპირებულ დონბასში, საიდანაც პერიოდულად სამშობლოში დაბრუნებით ემუქრება ასლან ბჟანიას - მისი სიტყვებით, „შემთხვევით პრეზიდენტს“.

რაულ ხაჯიმბა

ასლან ბჟანიას გაპრეზიდენტებიდან 2,5 წლის შემდეგ ხელისუფლებიდან წავიდა ალხას კვიცინიაც, რომლის სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია: დაბრუნდება თუ არა „ამცახარაში“, იმ პარტიაში, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აქციები ბჟანიასთვის, გადაკეტა გზები, ჩამოაგდო დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი, მოაწყო რეფერენდუმი პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასადმი უნდობლობის გამოსაცხადებლად და, ბოლოს, მხარი დაუჭირა ფაქტობრივ გადატრიალებას. პარტიაში კვიცინიას დაბრუნების შემთხვევაში „ამცახარა“ ვეღარ იქნება პროსახელისუფლებო ორგანიზაცია.

ყველაზე დიდი ვეშაპი

მესამე, ყველაზე დიდი „ვეშაპი“, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, ყველაზე მყარად ზის სავარძელში, თუმცა, როგორც აფხაზი მიმომხილველები შენიშნავენ, რომ შეეძლოს, ასლან ბჟანია პირველ რიგში სწორედ მისგან გათავისუფლდებოდა. ბჟანიამ არაერთხელ სცადა ანქვაბის ჩამოცილება ოპოზიციის მიქსევით, თუმცა არაფერი გამოუვიდა პირველ რიგში იმის გამო, რომ ანქვაბი აკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობას, და მეორე - ანქვაბის, როგორც პრემიერ-მინისტრის ხელშია თითქმის ყველა ეკონომიკური ბერკეტი და, შესაბამისად, საკითხავია, რეალურად ვინ იღებს დე ფაქტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.

ალექსანდრე ანქვაბი

აფხაზი პოლიტოლოგი, თენგიზ ჯოპუა ალხას კვიცინიას თანამდებობიდან წასვლას სწორედაც რომ „ამცახარასა“ და ალექსანდრე ანქვაბს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

„ხელისუფლებაში დიდი ხანია არსებობდა კონფლიქტი პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბისა და „ამცახარას“ ჯგუფებს შორის, - ამბობს თენგიზ ჯოპუა, - ეს დაპირისპირება დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, რაც აისახა კიდეც თანამდებობების გადანაწილებაში. მთელი ეკონომიკური და ფინანსური ბლოკი ალექსანდრე ანქვაბისა და მისი გუნდის ხელში აღმოჩნდა, „ამცახარა“ კი ბორტს მიღმა დარჩა, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა პარტიაში. ანქვაბი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ნელ-ნელა ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, რეალურად თავის კონტროლის ქვეშ იღებს სახელმწიფო საქმიანობის სულ უფრო მეტ სფეროს. ბრძოლა ანქვაბსა და „ამცახარას“ შორის რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „ამცახარას“ ჰქონდა იმედი, რომ თავიდან მოიშორებდა პრემიერს, მაგრამ ვერ შეძლო მისი გადაყენება, მათ შორის, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროსაც. სხვათა შორის, პრეზიდენტი ბჟანია ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საზოგადოებამ მკაფიოდ უთხრა მას, რომ არ ეთანხმება რუსეთზე გასხვისების გადაწყვეტილებას. სწორედ აქ დასჭირდა ბჟანიას ძალიან დიდი ჯგუფის მხარდაჭერა, ყველაზე დიდი კი ანქვაბის ჯგუფია და ანქვაბმაც მას ეს მხარდაჭერა დროულად გაუწია. კრიტიკულ მომენტში ანქვაბი პრეზიდენტის მხარეს დადგა. მასთან ერთად დაიწყო გუდაუთაში ჩასვლა და ბიჭვინთის აგარაკებზე განცხადებების კეთება, რაც მანამდე არ გაუკეთებია. ამგვარი სიტუაციის წყალობით ანქვაბმა თანამდებობაც შეინარჩუნა და, მეტიც, პოზიციებიც გაიმყარა. ალხას კვიცინიასა და „ამცახარას“ ჯგუფს, ცხადია, ეს არ მოეწონათ“.

ასევე ნახეთ

ბიჭვინთა რუსეთს უნდა - რას ნიშნავს ეს? იმოქმედა თუ არა სოხუმის გადაწყვეტილებაზე უკრაინის ომმა

თენგიზ ჯოპუა ვარაუდობს, რომ კვიცინიას გაუჭირდება ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, თუნდაც იმის გამო, რომ „ამცახარაში“ არ არის ერთსულოვნება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ჯოპუას თქმით, კვიცინიასა და „ამცახარას“ დისტანცირების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასლან ბჟანიამ პოლიტიკური მომავალი მოისპო.

თენგიზ ჯოპუა

„ალხას კვიცინიას წასვლის შემდეგ აშკარაა, რომ ასლან ბჟანია ვეღარ გახდება პრეზიდენტი, მას პრეზიდენტობის მეორე ვადა არ ექნება, რადგან კარგავს თავის უშუალო მხარდამჭერებს. ბჟანიამ ფაქტობრივად უარი თქვა მათზე. ასევე დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ანქვაბი მოამზადებს თავის კანდიდატს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. სწორედ ანქვაბი გააკეთებს ამას, რადგან ანქვაბის პოზიციები წლიდან წლამდე მყარდება. ახლა აფხაზეთში ყველაზე ძლიერი ფიგურა ანქვაბია, პრეზიდენტი კი ყველაზე სუსტია“, - ამბობს თენგიზ ჯოპუა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის აფხაზეთში ვიზიტიც ბევრმა ადგილობრივმა მიმომხილველმა პოლიტიკურად დასუსტებულ ასლან ბჟანიას მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქვა, თუმცა გავრცელებულმა ინფორმაციამ, სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე, კვლავ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუბარია აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციასა და ამ მიზნით ინვესტიციების მოზიდვაზე და არა დე ფაქტო რესპუბლიკის ქონების გასხვისებაზე.

ასევე ნახეთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ

ასლან ბჟანია აქამდეც სულ ცდილობდა რუსეთის ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებასა და დემონსტრირებას. როგორც ამბობენ, ბჟანია რეკორდსმენია აფხაზ ლიდერებს შორის მოსკოვში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობითა და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების რიცხვით. ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეებსაც ბჟანია რუსეთის განსაკუთრებულ როლს შეახსენებს.

ასლან ბჟანია

„ხელებს არავის ვუგრეხ... მაგრამ მინდა შევახსენო ყველა მოქალაქეს, ყველა პასუხისმგებელ ადამიანს: რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავს სამხედრო დაჯგუფება ექვსი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურით. სამხედრო ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ეს რაოდენობაა აუცილებელი აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელშეკრულებაში მიწაზე საუბარი არ არის, საუბარია ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც საჭიროებენ ნაწილობრივ და კაპიტალურ შეკეთებას. ხელშეკრულების ხელმოწერილ ვერსიაში წერია: „მხოლოდ დაცული პირების დასვენების უზრუნველსაყოფად“, რაც გამორიცხავს ობიექტის სხვაგვარად გამოყენებას“, - ეს განცხადება ასლან ბჟანიამ 17 აგვისტოს გააკეთა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრის დროს.