უკრაინის არმია: რუსეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს დონბასში, დაბომბეს საავადმყოფო ზაპოროჟიეში

უკრაინელი სამხედროების მანქანა ბახმუტში, დონეცკის რეგიონი. 21 დეკემბერი

უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოიგერეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევა. რუსებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საარტილერიო იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე ზაპოროჟიეს რეგიონში, იუწყება უკრაინის არმიის გენერალური შტაბი 22 დეკემბერს.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარმა შეტევები მოიგერია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 16 ადგილას.

რუსეთის ძალებმა ისევ ამოიღეს მიზანში ბახმუტი და ავდეევკა, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა. შეტევები განხორციელდა რეგიონების სხვა ადგილებშიც.

ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე, აცხადებს უკრაინის არმია. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.

უკრაინის არმიამ რუსეთის პოზიციებზე დარტყმები განახორციელა საბრძოლო თვითმფრინავებით და არტილერიით, ამბობს გენერალური შტაბი და დასძენს, რომ ჩამოაგდო რუსეთის სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

პარალელურად, უკრაინის ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორი, Ukrenerho, იუწყება რაკეტებით და დრონებით განხორციელებული დარტყმებით გამოწვეული "ელექტროენერგიის მწვავე ნაკლებობის" შესახებ.

რუსეთს დრონებით მიაქვს იერიშები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე, რაც, როგორც ჩანს, ნაწილია მისი სტრატეგიისა, ცივ ზამთარში მოსახლეობის დემორალიზაცია გამოიწვიოს.

21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ისტორიული ვიზიტისას ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალი, 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტი მოიცავს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც. ​