დიმიტრი ჩიქოვანი: "არანაირ დაპირისპირებას, გატაცებას და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო პროვოკაცია"

საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის პატრული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.

„პოსტივის“ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე დაგეგმილ პროვოკაციაში ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები. არანაირ დაპირისპირებას, გატაცებას და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო პროვოკაცია“, - უთხრა დიმიტრი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.

24 მარტს ღამით ტელეკომპანია „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანს შესაძლოა გატაცებული ჰყავდა თათია სამხარაძე, ტელეკომპანია „პოსტივის“ ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც 2018 წელს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დავა მოუგო ტელეკომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს.

ტელეკომპანია „პოსტივი“ ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.

გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

„სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალისტებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები. სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით, პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ“.

თათია სამხარაძის თქმით, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, თუ როგორ უპასუხებს ცილისწამებას და პროვოკაციას.

„სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ უახლოეს დღეებში“, - დაწერა მან.

დიმიტრი ჩიქოვანიც აცხადებს, რომ არ აპირებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვოს მომხდარი.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროვოკაციაში ჩართული არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცავების მოსვლამდე ორი საათით ადრე იყო მოსული „პოსტივის“ ჟურნალისტი, კარის გაღებას ითხოვდა, მეზობლებიც შეაწუხა... მერე ცრუ დასმენა განახორციელა პოლიციაში, ანუ ცილი დამწამა საკმაოდ მძიმე მუხლით, ადამიანის გატაცების მუხლით, ამის შემდგომ საქმეში ჩაერთო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია, სუსი, კრიმინალური პოლიცია... ეს იყო ცილისწამება, ცრუ დასმენა, რაზეც აგებული იყო მთელი ეს პროვოკაცია. ამ ყველაფერზე ჩემი და ჩემი ადვოკატების მხრიდანაც ექნება რეაგირება“, - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

25 მარტს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომლის მიხედვითაც, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.