ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. როგორც საქართველოს მთავრობის პრესცენტრი იუწყება, განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.
ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 პირობის შესრულების პროცესი და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
Productive meeting w/ @eucopresident. We continue strengthening our relations. 🇬🇪 is committed to finalizing 12 recommendations and deserves candidate status this year. Together 🇬🇪🇪🇺 will promote peace, democracy & economic growth in the region. pic.twitter.com/RorLO67WG9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 25, 2023
პრემიერ-მინისტრი ბელგიაში სამუშაო ვიზიტით 24 აპრილს გაემგზავრა. ის ორმხრივ შეხვედრებს მართავს NATO-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.