ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება" გარდაუვალია. ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
„მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ხელისუფლების ოფიციალურმა ორგანომ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ პრეცედენტები უკვე იყო, როდესაც საქართველო ოფიციალურად აღიარებდა აფხაზეთს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალიებში ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს“, - განაცხადა არძინბამ.
არძინბას თქმით, საქართველოს ადრეც ჰქონია „აბსოლუტურად აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“.
„როდესაც 1917 წელს რუსეთის იმპერია დაინგრა, საქართველომ, რომელიც "ერთა ლიგაში" მოხვედრას ცდილობდა, შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა. განაცხადის პაკეტში იყო საქართველოს რუკა, თითქოს საქართველოს ტერიტორია ტუაფსეს რეგიონამდე იყო გადაჭიმული. ნებისმიერი ისტორიკოსი დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არასოდეს ფლობდა ამ ტერიტორიას“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, „აფხაზეთის ხელისუფლება“ აფხაზეთის სუვერენულ სტატუსს არ განიხილავს „არცერთ პლატფორმასა და დონეზე“. ჟენევის დისკუსიებზე საუბრისას არძინბამ თქვა, რომ ამ პლატფორმაზე ორ საკითხზე მსჯელობენ - ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე.
„თუ საქართველოს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების განვითარება სურს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, უპირობოდ ურთიერთსავალდებულო შეთანხმების აღიარებას და ხელმოწერას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რათა შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა მან.
არძინბამ აშშ-ის მცდელობებს მსოფლიოში თავისი გავლენის გასავრცელებლად „დესტრუქციული“ უწოდა და განაცხადა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიზანია რუსეთის ირგვლივ „ცეცხლოვანი რკალის“ შექმნა, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ლოკალური კონფლიქტების პროვოცირება. მისი მტკიცებით, აფხაზეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობები.
- ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია - 2014-2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში. გარკვეული დროის განმავლობაში ამავე უწყებაში იგი ხელმძღვანელობდა უკრაინის დეპარტამენტს.
- 2018 წელს არძინბა დანიშნეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ შექმნილი ახალგაზრდობის საკითხებში რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო ერთეულის, "ბესარაბიის", უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში.
- უკრაინაში არძინბა 2015 წლიდან გამოცხადდა ძებნაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის ემალება გამოძიების ორგანოებს.
- საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.