CNN-ი: აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

საილუსტრაციო ფოტო: "ნოვაია ზემლია", ე.წ. ახალი მიწა

რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ბოლო წლებში ააშენეს ახალი ობიექტები და ბირთვული იარაღის საცდელ პოლიგონებზე ახალი გვირაბები გაიყვანეს - ამის შესახებ იტყობინება CNN-ი, ექსკლუზიურ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადების მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა, ჟურნალისტების განცხადებით, 2018 წლამდე გადაღებულ სურათებთან შედარებით, შეცვლილია სამი ბირთვული საცდელი ობიექტის ინფრასტრუქტურა.

ჩინეთის საცდელი უბანი მდებარეობს სინძიანის შორეულ დასავლეთ რეგიონში, რუსეთის - „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგში, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში, ხოლო შეერთებული შტატების საცდელი ადგილი ნევადას უდაბნოშია.

ბოლო სამი-ხუთი წლის განმავლობაში იქ გაჩნდა ახალი გვირაბები, გზები და საწყობები და გააქტიურდა მანქანების მოძრაობა.

ჩინეთში საცდელ ადგილზე, CNN-ის ცნობით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში გათხარეს ახალი გვირაბი, აშენდა ახალი გზები და აშენდა ასაფეთქებელი ნივთიერებების ახალი საწყობი.

ანალიტიკოსებმა შენიშნეს ბირთვული პოლიგონის გაფართოება „ნოვაია ზემლიაზე“ 2022 წლის თებერვალში. თუ სატელიტური სურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, 2021-დან 2023 წლამდე არქიპელაგში გემები და სატრანსპორტო კონტეინერები ჩავიდნენ, მთებში გვირაბები გათხარეს, ზამთარში კი გზები გაიწმინდა.

ჟურნალისტების თქმით, ნევადის ბირთვული პოლიგონის თავზე გადაღებული სატელიტური სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2018-დან 2023 წლამდე.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და NASA-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ნევადაში არის ლაბორატორია, სადაც ტარდება ბირთვული ექსპერიმენტები და იარაღს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამოწმებენ ბირთვული გამოცდის გარეშე.