პუტინმა რუსულ პროექტებში ჩართვა შესთავაზა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმის მონაწილეებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინში 17 ოქტომბერს ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 18 ოქტომბერს, პეკინში მიმართა ჩინეთის მიერ ორგანიზებული მესამე საერთაშორისო ფორუმის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მონაწილეებს და რუსულ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა.

ჩინეთი პირველი ქვეყანაა, სადაც წელს პუტინი ჩავიდა. პეკინში მისი ვიზიტი 17 ოქტომბერს დაიწყო. ჩინეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. სასამართლოს 2023 წლის მარტიდან აქვს გაცემული რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი. პუტინი ეჭვმიტანილია ომის დანაშაულში - უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან კავშირში.

ჩინეთი უკვე 10 წელია ახორციელებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომლის მიზნად გამოცხადებულია სახმელეთო და საზღვაო გზებით აზიის დაკავშირება აფრიკასა და ევროპასთან და რეგიონული ინტეგრაცია, ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ჩინეთის ამ ინიციატივაში ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია.

ასევე ნახეთ

როგორ ეჭიდება პუტინი სი ძინპინის სარტყელს

პეკინის ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უხარია ჩინეთის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის წარმატებით განხორციელება. პუტინმა ილაპარაკა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების შექმნის საკითხზე, რომელზეც რუსეთი მუშაობს. რუსეთის პრეზიდენტმა ახსენა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი რუსეთის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში, ახალი მერიდიანი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, რომელიც ციმბირზე გაივლის და ჩრდილოეთ ციმბირის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი.

პუტინის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი ბალტიის ზღვის და არქტიკის პორტებს დააკავშირებს სპარსეთის ყურის და ინდოეთის ოკეანის პორტებთან, ციმბირის რკინიგზა კი იქნება სატრანსპორტო ხაზი ჩინეთისა და მონღოლეთისკენ და წყნარი და ინდოეთის ოკეანეების პორტებისკენ. რუსეთის პრეზიდენტმა პეკინში მიმდინარე ფორუმის მონაწილეები მიიწვია „სატრანსპორტო კვირეულზე“, რომელიც ნოემბერში მოსკოვში გაიმართება.

ასევე ნახეთ

„როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“ - რაში სჭირდება ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 

პეკინში „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეთა შორის არიან ყაზახეთის, სერბეთის, ინდონეზიის, ჩილეს და კონგოს პრეზიდენტები, პაკისტანის, კამბოჯის და პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრები და გაეროს გენერალური მდივანი. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ფორუმში მონაწილეობს მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ფორუმის ფარგლებში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.