უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 46 შეტევა მოიგერიეს

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 7 შეტევა, ხოლო დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით - 11, ავდეევკის მიმართულებით - 12 და მარინკის მიმართულებით - 16.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით. რაც შეეხება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაკავებულ პოზიციებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგესთან კონტრბატაერის ბრძოლა გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ არაფერს იუწყება.

ასევე ნახეთ

უკრაინელი საზღვაო ქვეითები ადასტურებენ წარმატებას ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად 17 ნოემბერს დაადასტურეს სამხედრო ოპერაციის წარმატება ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჯერ უკრაინის საზღვაო ქვეითებმა, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადეს, რომ „წარმატებული მოქმედებების სერია“ ჩატარდა ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.

საზღვაო ქვეითების თანახმად, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით, რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრდნენ. გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს დივერსიული და სადაზვერვო რეიდები საბრძოლო მასალებით და სურსათით საოკუპაციო ძალების მომარაგების გზების და პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განთავსების ადგილების გამოსავლენად, მათი შემდგომი განადგურების მიზნით. ცნობები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეული წინსვლის შესახებ, ნოემბრის დასაწყისიდან ვრცელდებოდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.