ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დრო გახანგრძლივდა - გაათავისუფლეს კიდევ 11 მძევალი

ქალაქი ღაზა, ალ-ზავიიას ბაზართან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების მეოთხე დღეს. 27 ნოემბერი, 2023 წელი

კიდევ ორი დღით გაგრძელდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჰუმანიტარულ პაუზაზე. ამის შესახებ განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. „ჰამასმა“ დაადასტურა შეთანხმების გაგრძელება, ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა ისრაელის მხრიდან.
აშშ-ის მთავრობა მიესალმა შეთანხმებას. ესაა საუკეთესო გზაა, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, განაცხადა აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მან გაიმეორა გაფრთხილება, რომ „ჰამასმა“ ჰუმანიტარული პაუზა შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ შეთანხმების მხოლოდ ორი დღით გაგრძელება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის დახმარება შევიდეს.
ცეცხლის შეწყვეტის შთანხმების თანახმად, 27 ნოემბრის საღამოს „ჰამასმა" კიდევ 11 მძევალი გაათავისუფლა.
მათ შორის, როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იტყობინებოდა, სამი ფრანგია, 2 - გერმანელი და ექვსი - არგენტინელი.
ღაზიდან ორშაბათს გათავისუფლებული თერთმეტი მძევალი ისრაელში ჩავიდა. სანამ ოჯახებში წავლენ, ისინი პირველად სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა.
წინა შეთანხმებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის არსებული ოთხდღიანი ზავი 28 ნოემბერს, ღამით, უნდა დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება ქმნის შესაძლებლობას, გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები და უცხოელები. საპასუხოდ, ისრაელი ციხიდან ათავისუფლებს პალესტინელებს, რომლებსაც ტერორიზმში მონაწილეობა ჰბრალდებათ.
გარდა ამისა, პაუზა იძლევა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას. ისრაელი პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად. მოლაპარაკებებში შუამავლები არიან კატარის, ეგვიპტის და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა.
ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო, „ჰამასმა“ 27 ნოემბრამდე გაათავისუფლა 58 მძევალი. ესენი არიან ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე - უცხოელები. ისრაელმა, თავის მხრივ, გაათავისუფლა 100-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი - ქალი და მოზარდი.
ისრაელის მძევლების მეოთხე ჯგუფის გაცვლა პალესტინელ პატიმრებზე 27 ნოემბრის საღამოსთვის იყო დაგეგმილი.
ისრაელის მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პაუზა და არა ზავი და მისი დასრულების შემდეგ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მთლიანად არ განადგურდება ღაზის სექტორში.